ნაკაშიძე ილია (მწერალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ილია ნაკაშიძე

ნაკაშიძე ილია პეტრეს ძე - (1866, თბილისი - 27.V.1923, თბილისი) - ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. შეისწავლა ევროპული და კლასიკური ენები. დამოუკიდებლად სწავლობდა ქართულ ლიტერატურასა და საქართველოს ისტორიას. ამ მიზნით თანაკლასელ ნიკო მართან ერთად მოწაფეთა საგანგებო წრეც ჩამოაყალიბა. 1886 წელს დაამთავრა გიმნაზია და ჩაირიცხა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. მაგრამ მალე გარიცხეს პოლიტიკურ შეხედულებათა გამო და იძულებული გახდა, გამგზავრებულიყო პეტერბურგს, სადაც ჩაირიცხა უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც 1895 წელს დაამთავრა და თბილისში დაბრუნდა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლევ ტოლსტოისთან რუსი დუხობორების უფლებათა დაცვის საკითხში. 1897 წელს მოსკოვში დასახლდა, სადაც ხშირად ხვდებოდა ლ. ტოლსტოის. 1903 წელს მეუღლესთან ერთად ბრუნდება საქართველოში. 1905 წელს იმედით შეხვდა რევოლუციას და აქტიურად მონაწილეობდა გურიის გლეხთა მოძრაობაში, მაგრამ რევოლუციის დამარცხებამ და ქვეყანაში დაწყებულმა რეპრესიებმა აიძულეს დაბრუნებულიყო თბილისში.

დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას. 1918 წლის 29 სექტემბერს მონაწილეობდა მუშათა კლუბში გამართულ ილიკო ქურხულის ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოზე. 1918 წლის 13 ნოემბერს სახალხო უნივერსიტეტის ქართულ განყოფილებაში, ნაძალადევის თეატრში, გამართა ლექცია სახელწოდებით: „დასავლეთ ევროპის ხალხთა ცხოვრება და მწერლობა“. 1919 წლის 22 სექტემბერს მონაწილეობდა სახელოსნო კლუბში სალიტერატურო და სამუსიკო საღამოზე.

ილია ნაკაშიძის წერილების თემატიკა მრავალფეროვანია, მაგრამ იგი უფრო ხშირად პედაგოგიკის, ბავშვთა-აღზრდის საკითხებს ეხება. მისი კონცეფცია ემყარებოდა თავისუფალი აღზრდის თეორიას და ეწეოდა მის პროპაგანდას როგორც ქართულ, ისე რუსულ ჟურნალ-გაზეთებში. თანამშრომლობდა ახლად გახსნილ ქართულ უნივერსიტეტთან, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან“. ავტორია არაერთი საინტერესო წერილის ქართველ, რუს და უცხოელ მწერალთა შემოქმედებაზე. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

გაგა ლომიძე

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994;
  • გაზ. „სახალხო საქმე“, 1919, №633.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ილია ნაკაშიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები