ნართაა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამი ნართი. ა. ჯანაევი.

ნართაა (აფხ. Нарҭаа – „ნართები“) – აფხაზური ნართული ეპოსის გმირები. ნართულ თქმულებათა სხვა კავკასიურ რედაქციებს შორის აფხაზურ ვერსიას ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს. აფხაზურმა ვერსიამ ჩვენამდე სამი ფორმით მოაღწია [პოეტური (სასიმღერო), ნარევი – პროზაული (თხრობითი) და პოეტური (სასიმღერო) და პროზაული]. დამოუკიდებლად არსებული სიმღერები ეპოსის ცენტრალური პერსონაჟების, სათანეი-გვაშას, სასრიყვასა და გუნდას, სახელებს უკავშირდება. ნარევი ფორმით გამოირჩევა თქმულებები „გმირი სასრიყვას დაბადება“, „ნართები და აერგი“, „როგორ მოწყვიტა სასრიყვამ ვარსკვლავი“ და სხვა. ეპოსის ძირითად ნაწილს თხრობითი ხასიათის გადმოცემები შეადგენს (მაგ., თქმულებები ცვიცვის, ნარჯხეუსა და ხვაჟარფისის შესახებ მთლიანად პროზაულია). ამ ფორმის თქმულებებში შეინიშნება გვიანი ხანის საგმირო-ისტორიული გადმოცემების გავლენა. აქვე უნდა ითქვას, რომ ეპოსის აფხაზური ვერსიის როგორც პროზაულ, ისე სხვა ფორმის გადმოცემების მნიშვნელოვანი ნაწილი ზღაპრულ სიუჟეტებზეა აგებული (სწორედ ამიტომ არის, რომ ნართულ თქმულებებში არ ასახულა არათუ ქრისტიანულ წმინდანთა შესახებ ცნობები, რაც გასაგები მიზეზის გამო არც იყო მოსალოდნელი, არამედ წარმართული რელიგიური კულტებიც). ოსური და ადიღეური ვერსიები ა. ჯანაევი. სამი ნართი სხვავებით აფხაზურ ვერსიაში მხოლოდ ერთი დასრულებული ციკლია მოცემული (სასრიყვას დაბადება, თავგადასავალი და დაღუპვა).

ნართული ეპოსის აფხაზური ვერსიის ყველაზე გავრცელებული გადმოცემების თანახმად, ნართები ასნი არიან, ჰყავთ დედა, მამა და ერთადერთი და. მათი ძირითადი სამეურნეო საქმიანობა მონადირეობა და მესაქონლეობაა; ცხოვრობენ ნართქითში (ნართების სოფელი) ნათალი რუხი ქვისაგან ნაგებ უზარმაზარ სახლებში, აქვთ მარნები, რომლებშიც შენახულ წითელ ღვინოს სიამოვნებით მიირთმევენ და სიმღერებსაც აგუგუნებენ. მათი კარმიდამო შემოზღუდულია ქვის გალავანით, რომელსაც, ზოგი ვარიანტით, უცხო წარწერა ამშვენებს. ნართები ებრძვიან წყვდიადის ძალებს და ბოროტ ადამიანებს; ცხოვრობენ ადამიანური ცხოვრებით: უყვართ, სცივათ, წყურიათ, თამაშობენ ბურთს, ჰყავთ მეგობრები და მტრები, ხუმრობენ, კამათობენ და ა.შ.

ნართების შესახებ სხვადასხვა გადმოცემებში კარგად ჩანს ეპოსის მატარებელი ხალხის სოციალური ცხოვრების ამსახველი სურათები, რომლებშიც სპეციალისტთა დიდი ნაწილი მატრიარქალურ ურთიერთობათა ნიშნებს ხედავს (რბილად რომ ვთქვათ, ამის მტკიცება უხერხულია ისევე, როგორც უხერხულია ეპოსში ვეძიოთ ჯგუფური თუ დისლოკალური ქორწინების ნიშნები). სინამდვილეში ნართები ცხოვრობენ მონოგამიურ ქორწინებაზე დაფუძნებულ, ინდივიდუალური ოჯახებისაგან შემდგარ, საოჯახო თემში. მათ ნართქითში, ე.ი. თავიანთ სახლში მოჰყავთ ცოლები (მოსულია სათანეი-გვაშა; ჩასიძების ერთი შემთხვევაც კი არ არის), მართავენ ქორწილებს [ქორწილამდე იციან როგორც საცოლის ოჯახში მისვლა, ისე სასიძოს ოჯახის დათვალიერება-გაცნობა (მაგ., ასე ეცნობიან ნართები ალხუზის ოჯახს), საცოლის ოჯახის წევრების დასაჩუქრება, რაშიც საცოლის სყიდვის ინსტიტუტის ელემენტებიც შეიძლება დავინახოთ]; საოჯახო ურთიერთობები ისე ღრმად არის წასული, რომ ჩანს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტები (გუნდასა და რძლებს შორის დამოკიდებულება; ქმრისგან შეურაცხყოფილი ზილხას წასვლა ოჯახიდან).

ნართები. ა. ბელიუკინი

ნართმცოდნეობით მეცნიერებაში დღემდე გადაუწყვეტელი რჩება ეპოსის გენეზისის პრობლემა. მართალია, ნართული ეპოსის ცნობილი მკვლევარი ჟ. დიუმეზილი გადაჭრით ამბობს, იგი "თავის საფუძველში ოსურია", მაგრამ, ეს ასეც რომ იყოს, აფხაზური ნართული ეპოსი ამით ოდნავადაც არ კნინდება. აფხაზებმა ნართული თქმულებები შექმნეს არა როგორც ოსური ეპოსის ერთ-ერთი ვერსია, არამედ საკუთარ მითოპოეტურ აზროვნებაზე დაფუძნებული ეპიკური შემოქმედების ნაყოფი, რომლის ძირითადი იდეა (ზნეობრიობის იდეა) პერიფერიულად თუ გასდევს ეპოსის სხვა (მათ შორის ოსურ) რედაქციებს. სწორედ ზნეობრიობის იდეის მითოპოეტური დამუშავება განასხვავებს აფხაზურს სხვა ვერსიებისგან და მას დამოუკიდებელი ეპოსის ღირებულებას სძენს. მართალია, ნართულ თქმულებებში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ნართების გაუთავებელ ლაშქრობებს, რომლებიც ცალკეული გადმოცემების სიუჟეტურ ხაზებს ქმნიან, მაგრამ ეს ლაშქრობები მხოლოდ უცხო მიწებისა და რომელიმე ხალხის დაპყრობის ან ნადავლის ხელში ჩაგდების მიზნით როდი ეწყობა (თუმცა უამისობაც არ არის). აფხაზი ნართები, უპირველეს ყოვლისა, დიდსულოვანი, მაღალზნეობრივი გმირები არიან და სამართლიანობის დამკვიდრებისათვის იბრძვიან მაშინ, როდესაც ოსური ვერსიის ნართების „... ლაშქრობების, მათი ყველაზე დაუნდობელი თავდასხმების უპირველეს მიზანს საქონლის დაყაჩაღებასთან ერთად ცხენების გამორეკვა შეადგენს“ (ჟ. დიუმეზილი). აფხაზური ვერსიის გმირები მტრებს კი არ ხოცა ვენ, არამედ პატიობენ ბოროტებას და აფიცებენ, რომ მომავალში მსგავსი დანაშაული არ ჩაიდინონ. ასე "ნათლავენ" და ასე ახდენენ ბოროტებისაგან განწმენდასა და პიროვნების გაკეთილშობილებას ნართები, რომლებიც მათ მიერ „მოქცეულ“ ადამიანებს უძმობილდებიან და შემოჰყავთ ისინი ადამიანურ, ზნეობრივ სივრცეში (ეპოსში დაფიცების წესი ველურის ადამიანად ქცევის, მისი გაკულტურების თავისებურ ინიციაციას წარმოადგენს). „ნართები მუდამ სიმართლეს ეძიებდნენ, ბოროტებს მონანიებას აიძულებდნენ, მკაცრებთან მკაცრნი იყვნენ, კეთილებთან – კეთილნი, დიდებთან – დიდნი, პატარებთან – პატარანი“, – ნათქვამია ეპოსში. ასეთი მაღალი ზნეობით აფხაზი ნართები ირანული მითოლოგიის (მაზდეანური და მანიქეისტური ისტორიოსოფიის) პირმშოებს (შდრ. ფალაური martiahraβ „სამართლიანი ადამიანი“, ავესტის nar ašaυan) უფრო გვანან, ვიდრე კავკასიელ თანამოძმეებს. შეიძლება ითქვას, რომ ნართების ბრძოლა დევებთან (ადაუ, აინიჟი) და წყვდიადის სხვა ძალებთან არის ღვთაებრივი საწყისის ბრძოლა დევურთან, კეთილის – ბოროტთან, მართალის – ცრუსთან (შდრ. დევთან მებრძოლი ტკიც „მართალი“ სვანურ მითოლოგიაში). სამართლიანი გმირის წარმოჩენის პრობლემა იმ სახით, როგორც ეს ნართულ თქმულებებშია მოცემული, აფხაზი ხალხის ზნეობრივ შეხედულებათა წიაღში შემუშავდა. ნართების სახით აფხაზებმა შექმნეს არა ცალკეული გმირების, არამედ მითოლოგიურ ადამიანთა კრებულის, იდეალური საზოგადოების თავისებური სახე და მას სათავეში ჩაუყენეს ქალი, როგორც სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო. შეიძლება ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით აფხაზი ნართების მსგავს საზოგადოებას არ იცნობს ეპოსის არცერთი კავკასიური ვერსია (მიახლოებული სურათი გვაქვს მხოლოდ ჩრდილოდასავლეთ კავკასიურ ვერსიებში).

ნარჯხეუს მასპინძელი ნართები. ა. ბელიუკინი.

იდეალური საზოგადოების სპეციფიურად აფხაზური იდეის განხორციელების გამო ეპოსის შემქმნელმა ხალხმა ნართები ღვთისმსახურებისაგან გაანთავისუფლა, მისთვის ცნობილ ღვთაებებს – აერგსა და აჟვეიფშას გაუთანაბრა (უფრო ზუსტად ნართები იმ დროში აცხოვრა, როცა ჯერ კიდევ არ არიან ღმერთები) და მათი მფარველობა მხოლოდ ზებუნებრივ საწყისს – ადოუჰასა და მისი, როგორც მსოფლიო სულის, ძალით მოცულ დედას მიანდო. ეპოსში სათანეი-გვაშა არის არა უფროსი ან მბრძანებელი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ნართების მრჩეველი და დამხმარე, მოსიყვარულე დედა. ნართებს, რა თქმა უნდა, ჰყავთ მამა, რომელიც მათთან ცხოვრობს, მაგრამ დაბერებულია და "არაფრად არ ვარგა", როგორც ძველი თაობის დაბერებული ტრადიციების მატარებელი, რომლის აქტიურობა მიუღებელია ახალი მსოფლმხედველობისათვის, მაღალი ზნეობისა და სამართლიანობის დამამკვიდრებელი ნართებისათვის. ბუნებრივია, რომ იგი ახალი თაობის ლიდერს – სასრიყვას ვერ შექმნის. გმირი სასწაულებრივად უნდა დაიბადოს და იბადება კიდეც (იხ. „სათანეიგვაშა“, „სასრიყვა“). ერთადერთი, რაც ზემოაღნიშნული კონტექსტიდან თითქოს ამოვარდნილი ჩანს, არის სასრიყვასთან დანარჩენი ნართების მტრული დამოკიდებულება, რაც პატრიარქალური საზოგადოების ზნეობრივ ჩარჩოებში ჯდება. ნართები სასრიყვას ღვიძლ ძმად არ ცნობენ და ნაბიჭვარს უწოდებენ (იხ. „ანშფა“) იმის გამო, რომ იგი მათი მამის შვილი არ არის, არ იციან საიდან მოიყვანა სასრიყვა დედამ („ჩვენი მამა ასი წელია ბრმაა, ასი წელია ავადაა; იგი უკვე არაფრად არ ვარგა, მას არ შეეძლო სასრიყვას გაჩენა“, – გამუდმებით ეუბნებიან ნართები სათანეი-გვაშას. ასეთი ინტერესი მამის მიმართ მატრიარქალური ეპოქის გმირებს არა აქვთ). ზუსტად ნართების მდგომარეობაში არიან აღმოსავლური ეპიკური გმირის ალან-გოას შვილები. ისინი ხშირად ეკითხებიან დედას: „რისგან ჩაგესახა შენ შვილი? წყლისგან ხომ არა, რომელსაც სვამ? ქათამი ხომ არა ხარ შენ, რომელიც ნაცარში ზის და მამლის გარეშე გამოჰყავს კვერცხი? დედა კუა ხომ არა ხარ შენ, რომელმაც ქაფი ჭამა და დაფეხმძიმდა? რამდენი წელია შენი ქმარი მოკვდა, შენ კი შენი ბავშვით ხალხს ატყუებ?“ ასეთია განვითარებული პატრიარქალური საზოგადოების მორალი; ასე ესმით სათანეიგვაშასა და ალან-გოას შვილებს.

ეპოსში მოქმედება ვითარდება პირველქმნადობის მითოსურ დროში (ამით ნართული ეპოსი „უფროს ედას“, „კალევალას“ და სხვა ეპოსებს ემსგავსება). ეპოსის ეს დრო, ისევე როგორც ბერძნულ მითოლოგიასა და სხვადასხვა ხალხების ეპიკურ შემოქმედებაში, არის „გმირთა საუკუნე“, რომელმაც შექმნა მითოსური ხალხი – ნართები. თუ „უფროს ედაში“ დროის ევოლუციის იდეა ქვაზიისტორიულ მითოლოგიაში გადადის (ასეთივე სურათი გვაქვს ნართული ეპოსის ოსურ ვერსიაში: საუასა იყო პირველი ნართი და ა.შ.). ე.ი. მოცემულია დროითი პერსპექტივის ისტორიულად გარდაქმნის ცდა, აფხაზურ ვერსიას ეს საერთოდ არ აინტერესებს; მთელი ყურადღება გადატანილია შესაქმის გვირგვინის – ადამიანთა მოდგმის (ნართების) – სამართლიან და მაღალზნეობრივ ცხოვრებაზე. ა. ბელიუკინი. ნარჯხეუს მასპინძელი ნართები

ნართული ეპოსის მითოლოგიური პლასტი კარგად ჩანს როგორც სოლარულ და კალენდარულ მითებთან დაკავშირებული გმირების ბუნებაში, ისე სივრცითი სტრუქტურის გააზრებაში. ეპოსში დრო და სივრცე განუყოფელია: ცნება "აქ" გულისხმობს ცნებას „ახლა“ და პირუკუ. ხშირად გმირის გადაადგილება სივრცეში დროის ცვლილებას არ იწვევს, თუმცა დრო მანძილის საზომადაც არის გამოყენებული (მაგ., დილიდან წამოსულმა გოლიათმა მხოლოდ შუადღით მიაღწია ვახსითამდე, ისე დიდი იყო მანძილი მათ შორის). ეპოსში საკრალური სივრცის ცენტრებად მოიაზრებიან მისი მთავარი პერსონაჟი – სათანეი-გვაშა და მითოლოგიზირებული მდინარე ყუბანი. სწორედ ისინი აკონსტრუირებენ სივრცეს ეპოსში. მდინარე ყუბანს ნართქითის საკრალურ ტოპოგრაფიაში ცენტრალური ადგილი უჭირავს და წარმოადგენს ზღვარს სააქაო და საიქიო, ამ და იმ სივრცეებს შორის. ეს სივრცეები ერთმანეთს ხიდით უკავშირდებიან (ზოგჯერ ეს ხიდი ქვისაა, ზოგჯერ სპილენძის, ზოგჯერ ტილოსიც კი, რაც მის საკრალურ მნიშვნელობას აძლიერებს). სპილენძის ხიდზე გადმოსული ბალნიანი კაციჭამია გოლიათები, რომლებმაც ელდიზთა სახელოვანი გვარი ამოწყვიტეს, ქვესკნელის ბინადრები არიან. სწორედ ამ ხიდთან, ე.ი. სამზეოსა და ბნელეთის საზღვარზე უსაფრთდება გმირი შარვანი კაციჭამიებს. ნართულ გადმოცემებში მდინარე ყუბანს ამბივალენტური სემანტიკა აქვს. იგი, ერთი მხრივ, ნაყოფიერებას, აღორძინებას უკავშირდება (მაგ., მდინარეში ბანაობს სათანეი-გვაშა სასრიყვას ჩასახვის წინ, წყლისპირზე ისახება სასრიყვა; აქ ირეცხება სელი და მატყლი და იქსოვება ნართების სამოსი), ხოლო, მეორე მხრივ, ბოროტების საწყისის მატარებელია (აქ დაიღუპა აერგების ასული – სასრიყვას ცოლი, თვით სასრიყვა კი მდინარეში დახრჩობას გუნდამ გადაარჩინა, აბობოქრებული მდინარე მუდამ დიდ წინაღობას უქმნის გმირს). ნართქითი მდინარე ყუბანის გარეშე არ მოიაზრება. ეპოსის ყველა ეპიზოდი მდინარისპირზე, გაღმა ან გამოღმა ვითარდება. მდინარე, როგორც ნართქითის საკრალური სივრცის ცენტრი, ასოცირებულია ნართების საზოგადოების მამოძრავებელ ძალასთან – სათანეი-გვაშასთან, მსოფლიო გმირთან, რომელიც ნართქითის ღერძს (axis myndi) წარმოადგენს. სათანეი-გვაშა ან მდინარისპირას არის და იქ საქმიანობს ან სეირნობს მისი სათავიდან შესართავამდე და პირიქით. ეს არის მსოფლიო გმირის მოძრაობა ქვემოდან (ქვესკნელიდან) ზემოთ (ზესკნელში) ნართქითის (სამზეოს) გავლით და პირუკუ. სწორედ ამიტომ მდინარე ყუბანი მოიაზრება მსოფლიო მდინარედ, რომელიც მიედინება სივრცის როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ ჭრილში, რაც სამყაროს სტრუქტურის შესახებ აფხაზური წარმოდგენების ანარეკლია [აფხაზების წარმოდგენით, ვერტიკალურ ჭრილში კოსმოსის მოდელის ანალოგიაა ადამიანი, როგორც მიკროკოსმი, რომელიც წელსზემოთ ზესკნელს განასახიერებს, წელსქვემოთ – ქვესკნელს, შუაწელში – სამზეოს. ამ სკნელებს, ქართული შეხედულების მსგავსად, სამი ფერი – თეთრი (ზესკნელი), შავი (ქვესკნელი) და წითელი (შუასკნელი) შეესაბამება. ამიტომაც ჰყავს ნართ ცვიცვის სამი ფერის რაში და აქვს სამი ფერის ჩოხა, რომ იგი სამ სკნელში მოგზაური გმირია].

ნართების ყოველი ლაშქრობა, მათი ყოველი გადაადგილება სივრცის კოსმიზირებას, მის "გაკულტურებას" ისახავს მიზნად, რაც მათ იმავდროულად კულტურტრეგერებად აქცევს. გამოკვეთილი კულტურული გმირები არიან ეპოსის პერსონაჟები, სათანეი-გვაშა (პირველი ადამიანების – ნართების დედა), სასრიყვა (ზეციური და მიწიერი ცეცხლის მომპოვებელი), ქეთუანი (სიმღერისა და სალამურის გამომგონებელი), აინარი (მჭედლობის გამომგონებელი და უბადლო ოსტატი), ცვიცვი (ხე-ხილის თესლის მომპოვებელი) და სხვ.

აფხაზურ ნართულ გადმოცემებში ასახული გეოგრაფიული სივრცე, ტოპონიმთა და ჰიდრონიმთა მნიშვნელოვანი ნაწილი, ნართების მატერიალური კულტურა და სამეურნეო ყოფა იმაზე მეტყველებს, რომ ეპოსის აფხაზური ვერსია შემოტანილია და საკუთრივ აფხაზეთის დღევანდელ ტერიტორიაზე არ შექმნილა. საფიქრებელია, რომ ეპოსის ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი ნაწილი ყუბანისპირეთში მცხოვრები ხალხის შემოქმედების ნაყოფია.


ლიტერატურა

  • Приключения нарта Сасрыквы и его девяноста девяти братьев. М., 1962; Сух., 1988;
  • Ш.Д. Инал-ипа. Об абхазских нартских сказаниях // ТАИЯЛИ. Сух., 1949. Вып. XXIII,;
  • მისივე. Абхазский нартский эпос // Нартский эпос. Орджоникидзе, 1957;
  • მისივე. Абхазы. (историко-этнографические очерки). Сух., 1965;
  • Ш.Х. Салакаия. О героическом эпосе абхазов // ТАИЯЛИ. Сух., 1963. Вып. XXXIII-XXXIV.;
  • მისივე. Ш.Х. Салакая. Абхазский народный героический эпос. Тб., 1966;
  • მისივე. Ш.Х. Салакая. Абхазский нартский эпос. Тб., 1976;
  • А.А. Аншба. Вопросы поэтики абхазского нартского эпоса. Тб., 1970;
  • Х.С. Бгажба. Этюды и исследования. Сух., 1974;
  • Ж. Дюмезиль. Осетинский эпос и мифология. М., 1976;
  • Ш.В. Дзидзигури. Грузинские варианты нартского эпоса. Тб., 1986;
  • ს. ბახია-ოქრუაშვილი. აფხაზთა ეთნიკური ისტორიის საკითხები ნართულ ეპოსში. – „ანალები“, №2, 2001;
  • ნ. ანთელავა. აფხაზური მითები, რიტუალები, სიმბოლოები. თბ., 2006.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები