ნატახტარი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნატახტარი - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთიდან ჩრდილოეთით 14 კმ-ზე, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე. სოფლის ძველი სახელწოდებაა საფურცლე (ამ ადგილას გავრცელებული ყოფილა სააბრეშუმე თუთის ხის ჯიში).

ნატახტრის მოსახლეობა სოფლის სახელწოდებას ქართველთა სათაყვანებელი მეფე-ქალის – თამარის-სახელს უკავშირებენ, – თამარ მეფეს თავისი საზაფხულო რეზიდენცია აქ ჰქონდა, ხშირად მთელი მისი სახლეულობა ზაფხულის ცხელ დღეებს აქ ატარებდა და რადგან თამარს საზაფხულო ტახტი აქ ედგა, სოფელსაც ნატახტარი მიტომ შერქმევიაო. რას იზამ, ასეთია ხალხის ნება და სურვილი, ოღონდ საჭიროა ვიცოდეთ, რომ საისტორიო წყაროები სულ სხვაგვარ ინფორმაციას გვაწვდიან. პირველი ისაა, რომ თამარს საზაფხულო რეზიდენციად ჰქონდა ტაბახმელა (სადაც მას ლაშა-გიორგი შეეძინა) და არა ნატახტარი; მეორეცაა და, ქართული საისტორიო წყაროების მონაცემებით ადრეულ და შუა საუკუნეებში ე.ი. თამარის ეპოქამდე და მას შემდეგაც, ვიდრე XVII საუკუნემდე, ამ სოფელს საფურცლე ერქვა და არა ნატახტარი.

ტოპონიმი ნატახტარი წინა ვითარების ამსახველი მიმღეობური სახელია. სახელწოდების ძირია ტახტი, ოღონდ ესაა არა სამეფო ტახტი, არამედ სამეურნეო დარგის სიტყვა თახტი, თახტა, იგივე ტახტი: „ბოსტანში ოთხკუთხა უჯრებად (კვლებად) დაყოფილი მიწის ნაკვეთები; უჯრები, დანაყოფები ბოსტნეულის (ხახვი, ნიორი, წიწაკა, მწვანილეული…) მოსაყვანად.

თახტა||ტახტა/ი აღმოსავლური წარმოშობის სიტყვაა. იგი შესულია აზერბაიჯანულში, აქედან კი – ქართული ენის იმ დიალექტებში, რომელთაც მასთან უშუალო ენობრივი კონტაქტები აქვთ (ინგილოური, მაგალითად). სიტყვა тахта გავრცელებულია ჩრდილო-კავკასიის (ბალყარეთი, ყაბარდო, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ოსეთი…) ხალხთა ენებშიც, სადაც იგი. ბოსტნის კვლების გარდა ზოგადად ვაკობ ადგილს, ტერასულ სამეურნეო ნაგებობებსაც აღნიშნავს. სიტყვა თანხტა||ტანხტა ფართოდ არის გავრცელებული ინგილოურ, ჯავახურ, ქვემო ქართლის, ცენტრალური ქართლის, კახეთის და ა.შ. სამეურნეო ლექსიკაში. განსაკუთრებით ხშირად იჩენს თავს სიტყვა თახტა||ტახტა/ი მებოსტნეობის, მევენახეობის და ხელოვნური სარწყავი სისტემის სამშენებლო ლექსიკაში: „ტახტი არ გვეშენა, ხეხილს ვერ გავზრდიდით, მიწას ვერ მოვრწყავდით“; „ვენახს ბევრი შრომა უნდა, ტახტი უნდა აუშენო. ტახტებს იმიტომ ვაშენებდით, რომ ხილი და ვენახი მოგვერწყო“. საბოსტნე თუ სავენახე ნაკვეთებში თახტების (ტახტების) აშენება XVI-XVII საუკუნეების საქართველოში კარგად ყოფილა ცნობილი. 1690 წელს გაცემულ ერთ-ერთ წყალობის წიგნში ნათქვამია: როსტომ მეფემ უბოძა ვინმე ბატაძეს, ქალაქის მოურავის მანუჩარის შვილს, ადგილი გიორგი მამასახლისის დუქნების წინ. ბატაძემ ეს ნაბოძები ადგილი „ტახტებად ააშენა“, რომელიც შემდეგ გიორგი მამასახლისს დაუთმო, ტახტებს ზევით ადგილი რაც იყო, ის კი მიჰყიდა.

როგორც ვხედავთ, სიტყვა თახტი|ტახტი ქართულ ენაში ძველთაგანვე გავრცელებული ყოფილა. მას იცნობს აღმოსავლეთ საქართველოს ბარის დიალექტების უმრავლესობა. ამიტომაცაა, რომ ამავე არეალის ტოპონიმიაში სიტყვა ტახტი საკმაოდ ხშირად გვხვდება. აი, სწორედ ამ თახტა||ტახტა სიტყვისაგან წარმოქმნილ ტოპონიმთა რიგში არის განსახილველი ჩვენთვის საინტერესო სახელწოდება ნატახტარიც.

მართალია, სპეციალისტების ერთი ნაწილი მოსახლეობაში გავრცელებულ გადმოცემებს სარწმუნოდ მიიჩნევს და თვლის, რომ აქ ქართველ მეფეებს (ოღონდ არა თამარს, არამედ მეფე თეიმურაზს) სატახტო ადგილი ჰქონია და სოფელსაც თითქოს ამიტომ შერქმევია ნატახტარი, მაგრამ აქ წარმოდგენილი ტოპონიმიკური მასალა, ვფიქრობთ, ნათელს ხდის, რომ სამეფო ტახტის არსებობა არაფერ შუაა. ნა-ტანტ-არ-ი ნიშნავს: „ადგილი, სადაც ძველად საბოსტნე (სავენახე) ოთხკუთხა უჯრები (კვლები, დანაყოფები) ჰქონია ხალხს გაკეთებული“.


წყაროებში საფურცლე მოიხსენიება II საუკუნიდან. მეფე ამაზასპმა აქ დაამარცხა დვალეთის გზით შემოსული ოსთა ლაშქარი. IV საუკუნეში ქართველთა განმანათლებელს, წმინდა ნინოს, საფურცლის ერიც მიეგება. XVI-XVII საუკუნეებში საფურცლე იყო ქართლ-კახეთის მეფეთა სადგომი. 1511 წელს საფურცლეში მდგომი კახეთის მეფე ალექსანდრე I (1476-1511) მოკლა მისმა შვილმა გიორგიმ (გიორგი II, ავ-გიორგი 1511-1513). 1560 წელს თბილისის ციხიდან გამოსულმა ყიზილბაშებმა საფურცლესთან გამართულ ბრძოლაში შეიპყრეს ბაგრატ მუხრანბატონის შვილი არჩილი. 1630 წელს თეიმურაზ I-მა საფურცლეში მოიწვია და შემდეგ მოაკვლევინა ზურაბ არაგვის ერისთავი.

ნატახტარზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები ე.წ. საქალაქო გზა - ახალგორი - ოძისი - ქსოვრისი - დამპალა - წილკანი - ნატახტარი - საქართველოს სამხედრო გზა - თბილისი, მეორე - მეჯვრისხევი - საამილახვრო - ოკანი - თეზი - აღაიანი - მუხრანი - წეროვნის სანახები - ნატახტარი - საქართველოს სამხედრო გზა - თბილისი.

1981 წლიდან სოფელ ნატახტრის სამხრეთით მდებარე ველზე არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ა.აფაქიძე). გათხრები მიმდინარეობდა რამდენიმე უბანზე – ნატახტარი I, II, III, IV.

სოფლის სამხრეთით, საქართველოს სამხედრო გზის მარცხენა მხარეს, დგას კვირაცხოვლის დარბაზული ეკლესია (5,1X4,1 მ). თარიღდება შუა საუკუნეებით. ნალისებრი აფსიდის ღერძზე აქვს ერთი სარკმელი; კედლებში მთელ სიგრძეზე ხის ძელები ყოფილა ჩატანებული.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები