ნატვრისთვალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნატვრისთვალი − რაღაც მძივის მსგავსი საგანი, რომელსაც გველი ადამიანის ნაწილისგან ამზადებს. სხვანაირად მას ხვითოს უწოდებენ. თითქოს გველი გარდაცვლილი ადამიანის სხეულიდან ნაწილებს აგროვებს, ქმნის თვალს და მთვარის შუქზე ათამაშებს. ამ დროს ადამიანმა თუ იმარჯვა, წაართმევს მას ნატვრისთვალს, რისი წყალობითაც იგი სიკეთეს ეწევა.

ერთ მოხევეს ამგვარად გამოუტაცნია გველისთვის ნატვრისთვალი, რომელსაც იგი წყაროსთან ათამაშებდა. კაცს თვალი გამხმარი ხის ქვეშ დაუმარხავს და ხე აყვავებულა. მერე თვალი ერბოს ქილაში ჩაუდევს და ამის შემდეგ ამ კაცის სახლში ერბო, ფქვილი, რძე თუ მატყლი გამოულეველი ყოფილა. ასე იყო, სანამ კაცს ნატვრისთვლის საიდუმლო არ გაუმხელია.

არის თქმულება, რომ ბარაქიან ოჯახში, სადმე ყორეში ინახება ნატვრისთვალი. მას პოულობს ფუძის გველი და შუაღამისას, როცა თბილა, გაიტანს მინდორში და ათამაშებს, გააგორებს, დაედევნება სრიალით, დაიჭერს, კიდევ გააგორებს და ასე ათამაშებს. ერთხელ ერთი მწყემსი შესწრებია გველის ამ თამაშს. გამოვიდა გველი და დაიწყო ნატვრისთვალით თამაში. თვალი თურმე შორს გაგორდა. მწყემსმა დრო იხელთა, წამოვარდა ნაბდიდან, სტაცა ხელი თვალს და გაიქცა. გაეკიდა გველი, მწყემსის ნაბდისკენ გასრიალდა, შეძვრა შიგ, დაგესლა, დახვრიტა, დააცხავა ნაბადი, - მაგრამ იქ თვალის მომპარავი ვერ ნახა. ახლა მწყემსს გამოუდგა უკან. მირბის მწყემსი, მისრიალებს გველი, ეკითხება გზაში ხეებს, ბალახებს, თუ საით წავიდა ნატვრის თვალის მპარავი. მცენარეები გზას ასწავლიან... მიადგა მწყემსი ნაკადულს, შევარდა შიგ, გავიდა მეორე მხარეს და მალე თვალს მიეფარა.

მისრიალდა წყალთან მცურავი და ჰკითხა ნაკადულს: ჩემი ნატვრის თვალის ქურდი საით წავიდა, არ იციო? ნაკადული რას უპასუხებდა, როცა ის ერთ ადგილას არ დგას... გველმა ვეღარ გაიგო, სად წავიდა მწყემსი. მწყემსს კი შერჩა ნადავლი. გამდიდრდა, გაუბევრდა ცხვარ-ძროხა და დაიწყო ბედნიერი ცხოვრება.

ნატვრისთვალის დაკარგვით შეღონებულმა მცურავმა კი იქვე, წყლის პირას, ქვაზე მიახალა თავი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები