ნეო-ექსპრესიონიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანსელმ კიფერი. ბრანდენბურგის მარში, 1974; ზეთი, აკრილი, შილაკი ჯვალოზე 1.18X2.54 მ. ვან აბემუზეუმის კოლექცია

ნეო-ექსპრესიონიზმი – პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო გამოხატულება, 1980-იანი წლების დასაწყისის ორი, უამრავი დამთვალიერებლის მყოლი გამოფენიდან იღებს სათავეს. ერთი ლონდონში გაიმართა (A New Spirit, ახალი სული), მეორე კი ბერლინში (zeitgeist, დროის სული). გამოფენებზე წარმოდგენილი იყო მსხვილმასშტაბიანი ფიგურატიული ფერწერა, რომელმაც მაყურებელს ფერწერული სურათით ტკბობის ფუფუნება დაუბრუნა. ნეო-ექსპრესიონიზმი მხოლოდ მამაკაცური მოძრაობა იყო: ახალი სული 38 მამაკაცის ხელოვნებას წარმოადგენდა, დროის სული კი 43 მამაკაცისა და ერთადერთი ქალის.

სარჩევი

ანსელმ კიფერი

კიფერი გერმანელი ნეო-ექსპრესიონისტი ანსელმ კიფერი (Anselm Kiefer, დ.1945) II მსოფლიო ომის ბოლო კვირაში დაიბადა. ის ნაცისტების მიერ აკრძალულ (1930-იანი წლების გერმანულ ექსპრესიონიზმს პატივსაც მიაგებდა და აკრიტიკებდა კიდეც. კიფერის 1974 წლის ნამუშევარში ბრანდენბურგის მარში გადამწვარი და უნაყოფო ლანდშაფტია გამოსახული. თავისი ქვეყნის ნაცისტური წარსულის წინააღმდეგ ბრძოლას აქ მხატვარი თავისი მასწავლებლის, ბოისის იდეებზე დაყრდნობით ცდილობს.

ნაციზმის მარტივი დოკუმენტირების ნაცვლად, კიფერმა სურათში ერთმანეთს შეუთანადა ომის დამანგრეველი ფიზიკური ზემოქმედება ბრანდერბურგის ხრიოკ მიწაზე (ბერლინის ახლოს) და ნაციზმის ისტორია, რომელზეც მიგვანიშნა სურათის წინა პლანზე, გზაზე დაუდევრად მიწერილი ნაცისტური მარშის პირველი ფრაზებით - "ბრანდენბურგის ხრიოკი, ბრანდენბურგის ქვიშა". ამგვარად, კიფერი თან შეეხმიანა წარსულს, თან კი გააკრიტიკა ის.

ჟან მიშელ ბასკია

ჟან მიშელ ბასკია. მესაყვირეები, 1983; აკრილი და ზეთის ჩხირები ტილოზე, სამი პანელი, ჯამში 2.44X1.91 მ. ბროუდის ხელოვნების ფონდი, სანტა მონიკა, კალიფორნია

ბასკია ნაადრევად, ტრაგიკულად დაღუპული ამერიკელი ჟან მიშელ ბასკიას (Jean-Michel Basquiat, 1960-1988) ნეო-ექსპრესიონისტული ტილოები გრაფიტის ხელოვნებიდან იღებს სათავეს. ბრუკლინში დაბადებული ბასკია, საშუალო ფენის კომფორტულ გარემოში იზრდებოდა, თუმცა აჯანყდა მის წინააღმდეგ, მიატოვა სახლი, სკოლა და ქუჩის არტისტად გადაიქცა. სამი წლის მანძილზე, ის ქვედა მანჰეთენის კედლებს მოკლე და გონებამახვილური ფილოსოფიური ტექსტებით ფარავდა და მათ ხელს აწერდა როგორც 1980 წელს, ბასკიამ მონაწილეობა მიიღო ფართოდ რეკლამირებულ Times Square show-ში, რომელიც წარმოაჩენდა მიწისქვეშა გადასასვლელების, მეტროებისა და გრაფიტის არტისტების უხეშ და აგრესიულ სტილს. ბასკია ამბობდა, რომ უნდოდა :"ისეთი მხატვრობის შექმნა, რომელიც ბავშვის ნახატის მსგავსი იქნებოდა", თუმცა სინამდვილეში, მისი შემოქმედება ახალი ხელოვნებიდან ნასესხები გამოსახულებების, რასობრივი თემებისა და ქუჩის უხეში პირდაპირობის დახვეწილი ნაზავია. 1983 წელს შექმნილი, მეტად ამაღელვებელი ნამუშევარი მესაყვირეები ლეგენდარულ ჯაზის მუსიკოსებს - ჩარლი პარკერსა (ზედა მარცხენა) და დიზი გილესპის (ცენტრიდან მარჯვნივ) გამოსახავს. ფერის სწრაფად დადების მეთოდითა და სიტყვების სწრაფწერით გამოხატულია ბასკიას ჯაზისადმი ერთგულება და მისი მტკიცე გადაწყვეტილება წინ წამოსწიოს აფრო-ამერიკული თემა, თუმცა არასენტიმენტალური გზით. ბასკია ამბობდა: "შავ ადამიანებს არასდროს გამოსახავენ რეალისტურად, მათ საერთოდ არ გამოსახავენ თანამედროვე ხელოვნებაში. მოხარული ვარ, რომ ამას ვაკეთებ". ჟან მიშელ ბასკია 27 წლის ასაკში, ჰეროინის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა.

გერჰარდ რიხტერი

გერჰარდ რიხტერი. ტყვიით განგმირული კაცი (1) Erschossener (1) 1977 წლის 18 ოქტომბერი, 1988; ტილო, ზეთი, 100X140 სმ. ახალი ხელოვნების მუზეუმი (MOMA), ნიუ იორკი © გერჰარდ რიხტერი 2012.

რიხტერი ნეო-ექსპრესიონიზმი ერთ-ერთი იყო იმ მრავალი ფორმიდან, რომელიც პოსტმოდერნულმა მხატვრობამ მოგვიტანა. გერმანელი არტისტი, გერჰარდ რიხტერი (Gerhard Richter, დ. 1932) უარყოფდა ერთი სტილით მუშაობის შესაძლებლობას და ამტკიცებდა, რომ თითოეული ფერწერული ტილოს ფორმა მისმა შინაარსმა უნდა განსაზღვროს. 1988 წელს, მან შექმნა ფერწერული სერია, რომლის ნაწილია ტყვიით განგმირული კაცი (1) ERSCHOSSENER (1) 1977 წლის 18 ოქტომბერი. ეს არის ნატურალური ზომის ფერწერული ასლი შავ-თეთრი საგაზეთო ფოტოებისა, რომლებზეც ტერორისტული დაჯგუფების - Baader-Meinhof Gang (წითელი არმიის ფრაქცია) - სამი გარდაცვლილი წევრია ასახული. სამივე ტერორისტის გვამი 1977 წელს აღმოაჩინეს ციხის საკანში, მუშავდებოდა თვითმკვლელობის ვერსიაც. ისინი დააკავეს ძლევამოსილი მრეწველობის გერმანული ფედერაციის პრეზიდენტის, ჰანს მარტინ შლეიერის გატაცებისა და მკვლელობის ბრალდებით. რიხტერი ერთდროულად აკრიტიკებდა პოლიტიკური იდეოლოგის იდეისათვის თავგანწირვის ნებას, მასმედიის მძლავრ როლს, რომელსაც ის, გამოსახულების მეშვეობით, შინაარსის შექმნაში თამაშობს და არტისტის ხელის მნიშვნელობას, მაშინაც კი როდესაც ის, ამ შემთხვევის მსგავსად, თითქმის უხილავია.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები