ნიაბის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიაბის წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიაბის განაპირას, სამხრეთით, პატარა გორაკზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება X საუკუნით. მოგვიანებით, შეკეთებისას აგურით განუახლებიათ ჩრდილოეთ კედლის ზედა ნაწილები, ორსაფეხურიანი სატრიუმფო თაღი და კონქი, ზოგიერთი პილასტრის მნიშვნელოვანი ნაწილი.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (19,3X6,8 მ), ნაგებია კარგად გათლილი ტუფის კვადრებით; წყობის რიგების სწორხაზოვნება დაცულია. დაზიანებულია ეკლესიის ფასადები, ჩამონგრეულია კამარის მნიშვნელოვანი ნაწილი და დასავლეთ კედლის ზედა ნაწილი. ეკლესიასა და სამკვეთლოს სახურავი აღარა აქვს. ეკლესიაში ორი შესასვლელია: ერთი – სამხრეთით, ეგვტერიდან, მეორე – ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. სამხრეთის კარი შიგნიდან თაღოვანია, გარედან – არქიტრავული. ჩრდილოეთ კარი ორივე მხრიდან თაღოვანია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის მარჯვნივ – მცირე ზომის სწორკუთხა ნიში. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრია. პილასტრებს შორის კედლის თაღებია. კაპიტელებით დასრულებულ პილასტრებს საბჯენი თაღები ეყრდნობოდა. დასსავლეთ საბჯენი თაღი სამხრეთით პილასტრს ეყრდნობა, ჩრდილოეთით – კრონშტეინს.

აფსიდის მხართან, ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარით ეკლესია უკავშირდება სამკვეთლოს (5,2X2,8 მ), რომლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი მცირე თაღოვანი სარკმელი ამოქოლილია. სამხრეთ კედელში, სარკმლის მარჯვნივ მცირე სწორკუთხა ნიშია, ხოლო ქვემოთ მთლიანი ქვიშაქვისაგან გამოთლილი სატრაპეზო ქვა დგას. სამკვეთლო გადახურულია ცილინდრული კამარით.

ეკლესიას სამხრეთიდან მიშენებული აქვს ეგვტერი, გრძელი ვიწრო სათავსი (12,3X3,9 მ), რომელსაც სამხრეთით ორმალიანი თაღოვანი შესასვლელი აქვს. ამჟამად აღმმოსავლეთ მალი ამოშენებულია. თაღებს შორის ტუფის მთლიანი ქვისგან გამოთლილი სვეტი იდგა. ნახევარწრიულ აფსიდში თაღოვანი სარკმელია, მის მარცხნივ – მცირე სწორკუთხა ნიში. სარკმლის ქვემოთ სატრაპეზო ქვა დგას. სამხრეთ კედელში აფსიდის მხართან თაღოვანი სარკმელია. ეგვტერის კამაროვანი გადახურვა გადაყვანილია ეკლესიის სამხრეთ კედელზე და მის თაღედზე.

ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადი წარმოდგენილია ბაზილიკური აბრისით. შუა, ამაღლებული ნაწილი გადახურულია ორფერდა, ხოლო გვერდითები – ცალფერდა სახურავით. ფასადის ღერძზე ორნამენტიანი თავსართით მორთული თაღოვანი სარკმელია. მის ზემოთ, ქვაზე ამოკვეთილია წრეში ჩასმული სამი ტოლმკლავა ჯვარი. ჩრდილოეთ ფასადზე, შესასვლელის ზემოთ, შემორჩენილია დაზიანებულწარწერიანი ქვა (წარწერა ვერ იკითხება) ამავე შესასვლელის მარცხნივ, წყობაში ჩასმულ ქვაზე გამოსახულია ნადირობის სცენა.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები