კონდაკოვი ნიკოდიმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნიკოდიმე კონდაკოვი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოდიმე კონდაკოვი

კონდაკოვი ნიკოდიმე პავლეს ძე - (დ. - 1844, სოფ. 233 ხალანი, ნოვი-ოსკოლის მაზრა, კურსკის გუბ. - გ. - 1925, პრაღა) - რუსი ხელოვნების ისტორიკოსი, იკვლევდა ბიზანტიური და რუსული ხელოვნების ძეგლებს.

ბიოგრაფია

1861-1865 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, სხვადასხვა წლებში ასწავლიდა ოდესის, ნოვოროსიის (1870-1888) და პეტერბურგის (1888-1917) უნივერსიტეტებში. 1918 წლის 27 თებერვალს, თბილისის ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს სხდომაზე, უნივერსიტეტის რექტორმა პეტრე მელიქიშვილმა საბჭოს მიმართა სიტყვიერი თხოვნით აკადემიკოს ნ. კონდაკოვის უნივერსიტეტის საპატიო წევრ-პროფესორად არჩევის შესახებ. 15 მარტის სხდომაზე, ქართული კულტურის ძეგლების შესწავლის საქმეში გაწეული ღვაწლისთვის, უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, აკადემიკოსი ნ. კონდაკოვი ერთხმად აირჩიეს ქართული უნივერსიტეტის საპატიო წევრად.

1920 წლიდან ცხოვრობდა საზღვარგარეთ, 1922 წლიდან ასწავლიდა პრაღის უნივერსიტეტში. იყო პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1898), პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის წევრი (1893). მან შეისწავლა ხელოვნების ნაწარმოებთა იკონოგრაფიული მეთოდი, გაანალიზა ძეგლთა ტიპოლოგიური თავისებურებები. სწავლობდა ქართულ ძეგლებს, აინტერესებდა მათი მიმართება ბიზანტიურ კულტურასთან. ზოგიერთი შეცდომის მიუხედავად, ქართული ხელოვნების შესწავლა მაღალ მეცნიერულ დონეზე აიყვანა. მისი და დ. ბაქრაძის თანამშრომლობით შექმნილი ნაშრომი „საქართველოს ზოგიერთ ტაძარსა და მონასტერში დაცული სიძველეთა ძეგლების აღწერილობა“ დღესაც ინარჩუნებს მეცნიერულ ღირებულებას.

მანანა ლილუაშვილი



ლიტერატურა

  • გ. ჩბინაშვილი, ნიკოდიმე კონდაკოვი (1844-1925), მისი სამეცნიერო მოღვაწეობის მიმოხილვა, „თფილისის უნივერსიტეტის მოამბე“, ტ. VI, 1926;
  • ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები, 1917-1926“, თბ., 2006.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები