სევეროვი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნიკოლოზ სევეროვი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სევეროვი ნიკოლოზ

სევეროვი (ნორდმანი) ნიკოლოზ პავლეს ძე - (2.III.1887, თბილისი - 21.II.1957) - ინჟინერი, არქიტექტორი.

1915 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო-საინჟინრო ინსტიტუტი. 1918 წლიდან დაბრუნდა თბილისში. 1918 წლის ბოლოს ახლად დაარსებული ქართული უნივერსიტეტში გიორგი ჩუბინაშვილი მიიწვიეს პროფესორად, რომელიც სათავეში ჩაუდგა და დააარსა ხელოვნების ისტორის კათედრა. ნიკოლოზ სევეროვი მისი ერთადერთი თანამშრომელი იყო. მათ უნივერსიტეტში შექმნეს „ხელოვნების მეცნიერების კაბინეტი“, რომელიც ქართული ხელოვნების დარგში პირველი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იყო. ამ დროიდან დაიწყო სახელოვნებათმცოდნეო ექსპედიციებიც, რომლებშიც არქიტექტორი სევეროვი აქტიური წევრი იყო. 1920 საქართველოს მუზეუმს ხუროთმოძღვრული ძეგლების შეკეთება და დაცვა დაევალა. 1920 წლის 13 აგვისტოს საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებულ იქნა დეკრეტი „ძველი ხუროთ-მოძღვრების ძეგლების შეკეთება დაცვისთვის 2 000 000 მან. გადადებისა“. მუზეუმის სამეცნიერო საბჭომ ამ სამუშაოების შესასწავლად და შესასრულებლად შექმნა კომისია, რომელშიც გ. ჩუბინაშვილი, ნ. სევეროვნი და ა. კალგინი შევიდნენ. მკვლევრები ჯერ მცხეთის ჯვრისა და სვეტიცხოვლის ეკლესიების შესასწავლად გაემგზავრნენ, შემდეგ კახეთის რეგიონის რამდენიმე ძეგლი შეისწავლეს და შეაკეთეს, ასევე მუზეუმში გადაიტანეს წრომის ეკლესიის მოზაიკის ფრაგმენტები. 1920 წლიდან ეროვნული მუზეუმის შენობის ფასადის გასაფორმებლად ნ. სევეროვი და ა. კალგინი მიიწვიეს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ამ სამუშაოების დასრულება ვერ მოხერხდა.

1922-1948 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. 1935 წელს დააპროექტა თბილისში თამარის ხიდი არქიტექტორებთან, კ. ზავრიევთან და ნ. სლოვინსკისთან, ერთად. 1935-1948 წლებში იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე. 1938 კინოთეატრი რუსთაველი ააგო. 1942-1948 წლებში იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ხელოვნების ისტორიის განყოფილების გამგე. 1948 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა კიევში. შექმნა არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, შესრულებული აქვს როგორც საერო, ისე საკულტო არქიტექტურის ძეგლების გრაფიკული ჩანახატები, ეკუთვნის მრავალი საერო არქიტექტურის პროექტი.

სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

  • ენც. თბილისი, თბ., 2002; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული, თბ., 1990;
  • გ. ჩხაიძე, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, თბ., 2003;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა, 1920, №188.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ნიკოლოზ სევეროვი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები