ნიკურაძე ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანე ნიკურაძე

ნიკურაძე ივანე ილიას ძე - (გერმანიაში - იოჰან) (20.XI.1894, სამტრედია - 18.VII.1979, გიოტინგენი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა რკინიგზის დეპოს უფროსის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია (1917). 1918 სწავლა დაიწყო თბილისში ახლად გახსნილი ქართული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის იმდროინდელი რექტორის, პეტრე მელიქიშვილის, რეკომენდაციითა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური თანადგომით, თავის უმცროს ძმასთან, ალექსანდრე ნიკურაძესთან, ერთად, გაიგზავნა გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად (1919). ცხოვრობდა გიოტინგენში. იყო თანამედროვე ჰიდროდინამიკისა და აეროდინამიკის ფუძემდებლის, ლუდვიგ პრანდტლის, გამორჩეული მოწაფე.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ მიიღო გერმანიის მოქალაქეობა. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ქიმიის სპეციალობით (1923). მუშაობდა კაიზერ ვილჰელმის (ამჟამად - მაქს პლანკის) სახელობის ჰიდრავლიკურ კვლევათა და დინამიკის ინსტიტუტში, სადაც მოგვიანებით ხელმძღვანელობდა განყოფილებას (1934 წლამდე). ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. მისი ნაშრომები იბეჭდებოდა გერმანიაში გამომავალ ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალებში (ზოგჯერ თავისი ძმის, ალექსანდრე ნიკურაძის, თანაავტორობით). შექმნა სახელმძღვანელო ჰიდრომექანიკაში, გამოიკვლია სითხის ლამინარული და ტურბულენტური დინება, რეინოლდსის რიცხვის დიდი მნიშვნელობისათვის მიიღო ჰიდროდინამიკური წინაღობის კოეფიციენტის ემპირიული ფორმულა, რომელსაც მისი სახელი მიანიჭეს. მისი სახელი ასევე ეწოდება დიაგრამებსა და მრუდეებს, რომლებიც ჰიდრავლიკაში გამოიყენება. პროფესორად მოღვაწეობდა ჯერ ბრესლაუს უნივერსიტეტში (1945 წლადე), ხოლო შემდეგ აახენის უნივერსიტეტში. მისი არქივი დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ნიკო ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • M. R e n n e b e r g, ScIence Technology, and NatIonal SocIalIsm, CambrIdge UnIVersIty Press, 1994;
  • გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. I, თბ., 1991;
  • რ. დაუშვილი, ძმები ნიკურაძეები, გაზ. „PrIme TIme”, თბ., 17. IV. 2011;
  • Н. Джавахишвили, Очерки истории грузино-балтийских взаимоотношений, Рига, 2015.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები