ნიმფები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მდინარის ნიმფა.
კ. კოლოდიონეს სკულპტურა. ტერაკაოტა (1770-80 წ.წ.), მოსკოვი, ა. პუშკინის სახელობის ხელოვ...
ნიმფები.
ჟ. გუჟონის რელიეფი (1547-1548 წ.წ.), პარიზი, ლუვრი.

ნიმფები(ბერძნ.) „გოგონები“. ბუნების ძალთა და მოვლენათა განმასახიერებელი ღვთაებები. ისინი უამრავნი იყვნენ.

სატიროსი და ნიმფა.
ნ. პუსენის ნახატი (დაახ. 1630 წ.), მოსკოვი, ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნები...

ბერძენთა ფანტაზია ლამობდა, ერთმანეთისაგან განესხვავებინა ეს ნიმფები. ამიტომ ზღვების, მდინარეების, ნაკადულებისა და წყაროების ნიმფებს უწოდებდა ოკეანიდებს, ნერეიდებს და ნაიადებს. მთებზე თურმე ორეადები სახლობდნენ, ხეებში – დრიადები და ჰამადრიადები. ველებსა და ჭაობებში – ლიმნადები და ა.შ. არსებობდნენ ცალკეულ ადგილთა (დოდონე) და კუნძულთა (კალიფსო, კირკე) ნიმფებიც. ისინი სხვადასხვა წარმომავლობისანი იყვნენ. ოკეანიდების მშობლებად ოკეანოსსა და თეტისს ასახელებენ. ნერეიდების მშობლებად – ნერევსსა და დორისს. მრავალი ნიმფა ზევსისგან იღებს დასაბამს. დედამიწამ კი, გეამ, მთათა და ტყეთა ნიმფები შვა.


ნიმფა არც ღმერთი იყო და არც ადამიანი. რაღაც არსება იყო მათ შორის. ნიმფები ცხოვრობდნენ ძალიან დიდხანს და არასოდეს ბერდებოდნენ, თუმცა ბოლოს და ბოლოს მაინც კვდებოდნენ. არსებობდნენ რა ადამიანთა გვერდით, ისინი ოლიმპიელებზე უკეთ ხვდებოდნენ ადამიანთა გულისნადებს. მიტოვებულ საფლავებზე რგავდნენ ყვავილებს, წინ მიუძღოდნენ მოღლილ ყარიბებს მაცოცხლებელი წყაროებისკენ, არვეთათვის პოულობდნენ მდიდრულ საძოვრებს, მწყემსებს სიმღერას ასწავლიდნენ. ხეთა შრიალი, ნაკადულების რაკრაკი, გაზაფხულისა და ზაფხულის ყოველი ბგერა მათ ხმიანობად აღიქმებოდა. პატარა ვარდისფერი ტერფებით გადაურბენდნენ ხოლმე ნიმფები ტყეებს და ველებს. ისინი განასახიერებდნენ ყოველივეს, რაც კი რამ იყო ბუნებაში მომხიბლავი და საამური. ნიმფებს უძღვნიდნენ ულამაზეს წყაროებს. წყალი ხომ მათი სტიქია იყო. დედამიწიდან ამომავალ ზოგიერთ წყაროს სამკურნალო თვისებები გააჩნდა, ამიტომ ნიმფებს ჯანმრთელობის ღვთაებებადაც მიიჩნევდნენ. ისინი ნათელმხილველებიც იყვნენ, რადგან შეეძლოთ მომავლის ჭვრეტა. თუ ბოროტმოქმედი თავის სისხლიან ხელებს წყაროში ამოიბანდა, იქ დავანებული ნიმფა სამუდამოდ გაეცლებოდა თავის სამყოფელს. ნიმფები უბიწო ასულები იყვნენ, თესდნენ სიკეთეს და ვერ იტანდნენ ბოროტებას.


ძველ საბერძნეთში ნიმფებს არ ჰქონდათ საკუთარი ტაძრები. მათ ქანდაკებებს დგამდნენ მღვიმეებში, ხოლო ხეებზე უკიდებდნენ სამადლიერო საბოძვრებს. ბრძოლის ველიდან დაბრუნებული მეომრები მუზარადებს ან ოროლებს უძღვნიდნენ ნიმფებს, მეთევზეები – ბადეებს, საქორწინოდ გამზადებული გოგონები – თავის თოჯინებს, რომლებითაც ერთობოდნენ გათხოვებამდე, ხოლო გლეხები – მოწეული მოსავლის პირველ ნაყოფს. მათ სამოსახლო მღვიმეებთან მიჰქონდათ ტკბილეული, ხილი, ყურძნის მტევნები. წყაროებში კი ვარდის ფურცლებს მიმოფანტავდნენ. მხოლოდ მოგვიანებით დაიწყეს ნიმფათა სახელობის ტაძრების აგება. ბუნების ამ მშვენიერი და კეთილი ძალებისადმი თაყვანისცემა არ ჩამქრალა შუა საუკუნეებშიც კი. ასე ამბობენ, დღემდე უყვართო ისინი ბერძნებს.




წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები