ნინურთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნინურთა(შუმ.) „ურთას უფალი“, ომისა და ნადირობის ღმერთი, ენლილის წრის ღვთაება, მისი ძე და მეომარი; ასრულებს რა ძეობის პრინციპს, მოქმედებს მამის სახელით, ვითარცა მისი იარაღი, და იწოდება ნინგირსუს მსგავსად მამის შურისმგებლად. ცნობილია მისი კოსმოგონიური ღვაწლი: ზღვარს უდებს გველეშაპის მიერ ამონთხეულ მლაშე წყლების ნიაღვარს, რომელიც წალეკვით ემუქრება ტიგროსისა და ევფრატის მტკნარი წყლის დინებას. აშურის სახელმწიფო პანთეონში ნინურთა უპირატესად მეომარი ღვთაებაა, რომელიც წინ უძღვის სამეფო ლაშქარს და ამარჯვებინებს მტერზე. მისივე შემწეობით ინადირებენ აშურელი მეფეები გარეულ მხეცებს (ველურ ხარებს, სპილოებს, ლომებს...).

თუმცა ნინურთა ენლილის ძედ იწოდება, ზოგიერთი ტრადიციით იგი დედა ქალღმერთმა მამრის გარეშე შვა, არ გაუზრდია არც მამას და არც დედის რძე უწოვია, განსხვავებით მისი თაობისა და რანგის ღმერთებისა (ამით თითქოს ახსნილია მისი სისასტიკე, როგორც ომისა და განადგურების ღმერთისა). ნინურთა ენაცვლება ხოლმე ნინგირსუს, როცა მას მიეწერება ბედისწერის დაფათა მომტაცებლის ანზუდის დამარცხება.

ნინურთას ერთ-ერთი საგმირო ღვაწლი ურჩხულ აზაგის დამარცხებაა. მისი საბრძოლო იარაღი შარური ასე მიმართავს მას: „ნინურთა! ჩემო მეფევ და პატრონო! იცოდე, ცამ დასეტყვა მიწა და მიწიდან წარმოიშვა ურჩხული აზაგი. დედის ძუძუ არ უწოვია აზაგს, ველის მხეცებმა გამოკვებეს თავიანთი რძით. არც მამა, გამზრდელი, იცის მან. კლდეებმა და ლოდებმა აირჩიეს მეფედ და გაამაყდა აზაგი, თავს ესხმის ქალაქებს და ხეებს ანადგურებს. მთელ შუმერში თავისი მჯობი არავინ ეგულება, ლამის შენ გაგიტოლდეს ძლიერებით. ძრწიან ღმერთები თავ-თავიანთ ტაძრებში, შეშინებულები ხარკს უხდიან. ძნელია ბრძოლა მასთან – ვერაფერი გაანგრევს ქვასა და კლდეს, უძლურია მის წინააღმდეგ ცული და შუბი. ვინ გაბედავს მასთან შერკინებას, თუ არა ჩვენ? წავიდეთ, თავს დავესხათ აზაგს“. და გაემართა ნინურთა კლდეებისკენ თავის ერთგულ შარურთან ერთად. ღრიალებს როგორც ლომი, როგორც წყალვარდნლი, ღმუის როგორც სამხრეთის ქარი, ელავს და გრიალებს ცის კიდურზე. წინ ქარიშხალი მიუძღვება, უკან შარური მიყვება. გზაზე ყველაფერს ანადგურებს, მთა და ბარს ასწორებს, ლეწავს ტყეებს. ასე უახლოვდება გამძვინვარებული ნინურთა აზაგის ბუნაგს. მაგრამ არ იცის, როგორ შეებრძოლოს. აგზავნის შარურს დასაზვერად, მისი ძალის გასაგებად. გადახედავს შარური აზაგის ლაშქარს – სალ კლდეს, ქვებსა და ლოდებს, შეძრწუნებული უკან დაბრუნდება. არა, ორნი ვერაფერს გახდებიან აზაგთან. ვინ გაგვკიცხავს, თუ ნიფურში დავბრუნდებით! გაკიცხავს მძლეთამძლე ნინურთა თავის საჭურველს: „გრცხვენოდეს! არ შეგვფერის უკან დახევა. ბრძოლად განემზადე!“ და დაიწყო ომი. მიწა აზანზარდა მის ქვეშ, ბრუნავს ნინურთა ბრძოლის ველზე, მაგრამ ვერ ძლევს ქვასა და კლდეს, გული უწუხს, ძალა ეცლება, შიგანი მტვერით ევსება. მაშინ შარური ელვასავით გაქანდება ნიფურისკენ და ღრუბლად ჩამოწვება ტაძრის კარიბჭესთან, უხმობს ენლილს, შემწეობას სთხოვს. ენლილი თავისი ტაძრიდან, ექურიდან, გასძახებს თავის პირმშოს: „მტვრისა არ უნდა გეშინოდეს! ხომ შენია წყლები, გზა გაუხსენი!“ და ნინურთაც მოიკრებს უკანასკნელ ძალებს და გაანგრევს კლდეს და იხუვლებს ნიაღვარი და წყალი განწმენდს იქაურობას მტვრისაგან. ახლა აზაგი დაძაბუნდა, ნიაღვარს წინ ვერ აღუდგა. მიეჭრა ნინურთა და ღვიძლი ამოგლიჯა შიგანიდან. გაისმა გამარჯვების ყიჟინა – ეს შარური აცხადებს ბრძოლის დასასრულს. შვებით ამოისუნთქეს ღმერთებმა, გამოეფინნენ სამალავებიდან და გამარჯვება მიულოცეს ნინურთას.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები