ნინხურსანგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნინხურსანგა
(დაახ. ძვ. წ. 2400 წ.), ბერლინის წინააზიური მუზეუმი

ნინხურსანგა(შუმ.) „მთის დედოფალი“, უძველესი ქალღმერთი, დიდი დედა, უქორწინებელი ქალღვთაება, რომლის გვერდით არ ჩანს მამრი ცალი.

ნინხურსანგა შუმერულ მითოლოგიურ ტექსტებში გვხვდება სხვა სახელებითაც, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ნინთური („შობის დედოფალი“) და ნინმახი („დიდი ქალბატონი“).

ერთი შუმერული მითოსის თანახმად ნინხურსანგა სამოთხის, დილმუნის პირველი მკვიდრია. ენქისთან ერთად იგი აქ ქმნის, აღმოაცენებს რვა მცენარეს, რომელთაც ენქის დავალებით ამოგლეჯს მისი მაცნე ისიმუდი და მოუტანს თავის ბატონს შესაჭმელად. ენქი შეჭამს მათ სათითაოდ და დაიმსახურებს ნინხურსანგას რისხვას, რის გამოც ქალღმერთი გაუჩინარდება დილმუნიდან, ხოლო ენქი სიკვდილის პირამდეა მისული: დილმუნიდან წასვლისას ნინხურსანგამ იგი დაწყევლა და მის რვა ასოს შეჰყარა სნეულება. მშობიარის ტკივილებმა შეიპყრეს ენქი. სწუხან ღმერთები ენქის გამო, ვერაფერს ახერხებენ ისინი, თვით ენლილიც კი უძლურია. ნინხურსანგას გარდა, არავის შეეძლო მისი შველა. ენქი გზავნის მის მოსაძებნად და მოსაყვანად სხვადასხვა მხეცებს, მაგრამ ამაოდ – ვერავინ მოძებნა ნინხურსანგა. ტკივილები მატულობდა და მატულობდა. იღუპებოდა სამყარო. ბოლოს, მელამ შესთავაზა თავისი სამსახური. რას მომცემ, ნინხურსანგა რომ მოგიყვანოო. ენქი დაპირდა ხეს დაგირგავ და შენს სახელს განვადიდებო. მელამ გაიწმინდა თავისი ბეწვი, კუდი გაიფუმფულა, სახეზე ნელსაცხებელი წაისვა და გაეშურა ქალღმერთის მოსაძებნად. მან არა მხოლოდ მოძებნა ნინხურსანგა, არამედ ლამაზი სიტყვებით დილმუნში დააბრუნა. ნინხურსანგა კალთაში ჩაისვამს სნეულ ენქის და ჩამოათვლევინებს სათითაოდ სნეულებებს. ნინხურსანგა გააჩენს თმის ძირების მკურნალ ღვთაებას და მერე ქალღმერთს, რომელიც სათითაოდ განუკურნავს სნეულ ორგანოებს – ცხვირს, პირს, ყელს, ხელებს, ნეკნს.

ქალღმერთის სახელი დაკავშირებული უნდა იყოს პირველწარმოშობილ კოსმოგონიურ მთასთან, რომელიც ამოიზიდა პირველარსებული ოკეანიდან.

შუმერელი მეფეებისა და ქალაქთა განმგებლების საკრალურ ტიტულატურაში ნინხურსანგა ფიგურირებს, როგორც მათი გამომზრდელი „თავისი მადლიანი რძით“.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები