ნირვანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნირვანა - (სანსკ. nirvana „ჩაქრობა“). ბუდიზმში ნირვანა აღნიშნავს სულის სრულყოფილი სიმშვიდის, უმაღლესი ნეტარების მიღწევას: არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ - თავისებური ყოფნა, უფრო - ზეყოფნა, როცა ყოველი შეგრძნება ნულოვან წერტილშია მოქცეული.

პირველი მოკვდავთაგან, ვინც მიაღწია ნირვანას, იყო ბუდა, რომელიც ისე არ მომკვდარა, როგორც მოკვდავნი კვდებიან. ორმოცი წლის ხეტიალისა და ჭეშმარიტებათა ქადაგების შემდეგ, ოთხმოცდახუთი წლის ასაკში, იგი წავიდა ნირვანაში, რასაც ბუდისტები ამგვარად სახელდებენ: მაჰა-პარი-ნირვანა ანუ „დიდი გადასვლა ნირვანაში“. გადმოცემით, ბუდას ასე მიუმართავს თავისი მოწაფეებისთვის: „ახლა კი, ბერებო, მეტს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ყოველი ქმნილება დასაღუპავად არის განწირული. მთელი ძალით ესწრაფეთ ხსნას“.

ხსნა სწორედ ნირვანაშია. იქ წყვეტს მოქმედებას კარმისა და სამსარის კანონი.

იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა პიროვნება სააქაოში, განისაზღვრება მომავალი. ზნეობრივი ცხოვრების ხარისხი განაპირობებს ხელახალი დაბადების სახეს. ჩვენ, წინარე ცხოვრებაში მოპოვებული მადლის კვალდაკვალ, შეიძლება დავიბადოთ მცენარედ, ცხოველად, უმაღლესი ან უმდაბლესი კასტის ადამიანად. იდეალი კი დაბადება-სიკვდილთა ციკლიდან გასვლა და ნირვანას მიღწევა, ე.ი. ბუდად („გაღვიძებულად“, „გასხივოსნებულად“) გარდასახვაა.

ისმის კითხვა: ყველას შეუძლია ნირვანაში გადასვლა, მისი მიღწევა? ამ საკითხში ბუდისტები გაყოფილი არიან ორ დიდ შტოდ. ესენია:

  1. ჰინაიანა ანუ „ვიწრო გზა ხსნისა“ („ვიწრო ეტლი“), რომლის თანახმად ყველა ვერ მიაღწევს ნირვანას, მას მხოლოდ რჩეულნი მიაღწევენ და
  2. მაჰაიანა ანუ „ფართე გზა ხსნისა“ („ფართო ეტლი“), რომელიც აღიარებს ორ პრინციპს:

ა) ყველა ადამიანს შეუძლია ნირვანას მიღწევა ანუ ბუდად ქცევა, რადგან ყველა ადამიანშია ერთგვარი კოსმიური სუბსტანცია - ბუდდჰატა და ბ) არსებობენ ბოდჰისატვები, რომლებიც ნებასყოფლობით გადადებენ ნირვანაში გადასვლას, რათა წუთისოფელში დარჩენით შემწეობა გაუწიონ სხვებს ტანჯვისგან ხსნაში, კარმის გაუმჯობესებაში, სამსარისაგან თავის დაღწევასა და, საბოლოოდ, ნირვანის მიღწევაში. მათი ეს აქტი - ნირვანაზე უარის თქმა სხვათა გადასარჩენად - უდიდეს თავგანწირვად ითვლება.

ნირვანას, ცხადია, სამსარის ნასკვის გახსნის შემდეგ ვეზიარებით.

ნაკლებად სისტემური სახით ნირვანის ცნება ჰინდუიზმშიც არსებობს.

წყარო

  • მსოფლიო რელიგიები საქართველოში
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები