ნიუტენი ჟოზეფ რემი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიუტენი ჟოზეფ რემი

ნიუტენი ჟოზეფ რემი - Nuttin Joseph Remi, Нюттен Жозеф, 1909-1988

ბელგიელი ფსიქოლოგი, „ქცევითი დინამიკის მიმართებითი თეორიის” ავტორი. სწავლობდა და მუშაობდა ლიუვნის კათოლიკურ უნივერსიტეტში, სადაც განახორციელა ბელგიაში პირველი საგანმანათლებლო პროგრამა ფსიქოლოგიაში და პედაგოგიკაში. იყო ფსიქოლოგიის პირველი ფაკულტეტის დეკანი, დააარსა ფსიქოლოგიის ინსტიტუტი და მოტივაციის შემსწავლელი ცენტრი; არჩეული იყო ფსიქოლოგთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტად (1972), მიღებული ჰქონდა პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოები. მისი მოწაფეებისა და მიმდევრების აქტიური ჯგუფები ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში მუშაობენ. ნიუტენის თეორიაში გაერთიანდა ქცევისა და მოტივაციის კვლევის განსხვავებული ტრადიცია - ბიჰევიორისტული, ფსიქოდინამიკური, ჰუმანისტური და კოგნიტივისტური. ეს უკანასკნელი უთუოდ პრიორიტეტულია. ამიტომ ნიუტენის თეორიული სისტემა ქცევით კოგნიტივიზმს მიეკუთვნება {კოგნიტივისტური ფსიქოლოგია}.

ადამიანის ქცევის განხილვა შეუძლებელია იმის გარკვევის გარეშე, თუ საიდან მომდინარეობს მისი დინამიზმი, რა მოტივაციურ ფორმებში ყალიბდება ის და როგორ სახეს იღებს სხვადასხვა სიტუაციაში. ადამიანის ქცევაში კოგნიციურ პროცესებს განმსაზღვრელი ფუნქცია აკისრია და მოტივაციურ პროცესებთან მიმართებაში ხორციელდება. აქ გადამწყვეტია საკითხი, თუ საიდან მომდინარეობს აქტიურობის დინამიზმი. ნიუტენის მიხედვით, აქტიურობის წყარო ჰომეოსტაზის დარღვევა არ არის {დახურული თეორია / ღია თეორია}. დანაკლისი, თავისთავად, ვერ აღძრავს ქცევას, ისევე, როგორც საწვავის უქონლობა ვერ გახდება მანქანის ამოძრავების მიზეზი. დეფიციტი აქტიურობის წყაროა იმ თანდაყოლილი დინამიზმის გამო, რომლითაც ორგანიზმი დანაკლისის დაძლევას ცდილობს. ცოცხალი ორგანიზმი მუდმივი აქტიურობით ხასიათდება, რომლის წყარო საკუთარ თავშია მოცემული. ამრიგად, დაშვებულია ამოსავალი ან ძირეული, თანდაყოლილი დინამიზმის არსებობა, რომელიც ინდივიდი-გარემოს ორგანულ კავშირს ითვალისწინებს (განწყობის თეორიის ენაზე - ფუნქციონალური ტენდენცია). ცხოველური ორგანიზმისთვის აუცილებელია გარემო, რათა მოახდინოს თავისი ძირეული დინამიზმის რეალიზაცია. გარემო მოიცავს როგორც ბუნების, ისე კულტურის საგნებს. მოტივაციის პროცესი ამ ძირეული დინამიზმის დიფერენცირების, შემდგომი ქცევითი კონკრეტიზაციისა და ფოკუსირების პროცესია. ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნება მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი მოთხოვნილებანი, რომლებიც ადამიანის ბიოლოგიურ, ფსიქიკურ და სოციალურ აქტიურობას უკავშირდება. ასე ყალიბდება ძირითადი, ზოგადი მოტივაციური ორიენტაციები. მათი შემდგომი კოგნიციური დამუშავების შედეგად წარმოიქმნება ე.წ. კოგნიციურ-მოტივაციური სტრუქტურები - მიზნები და გეგმები. ისინი ქცევის ფსიქოლოგიური მექანიზმის ფუნქციას ასრულებენ, დინამიკურ ტენდენციასთან ერთად შეიცავენ გამოცდილებისეულ მონაცემებს სამოქმედო და კოგნიციური სქემების სახით (განწყობის თეორიის ენაზე - ესაა სათანდო დისპოზიციური განწყობანი).

მიზნებსა და გეგმებს დროითი პერსპექტივა ან მომავლის პერსპექტივა ახასიათებს. ამ ტერმინის ქვეშ, რომელთანაც ყველაზე მეტადაა ასოცირებული ნიუტენის სახელი, იგულისხმება ადამიანის უნარი, დაისახოს და განახორციელოს დროში დაშორებული მიზნები (განწყობის თეორიის ენაზე - შორეული მოტივაციური ქცევა). ამაშია ადამიანური მოტივაციის სპეციფიკა. მოთხოვნილებასთან დაკავშირებული მიზნის წარმოდგენა აუცილებლობით გულისხმობს რაიმე წერტილს მომავალში და, ამდენად, დროითი განზომილების შეტანას ქცევითი აქტის დინამიკაში. მომავალი - მოტივაციის ფსიქოლოგიური სივრცეა, რომელშიც ხდება მოთხოვნილებათა გადამუშავება შორეულ მიზნებად და ქცევით პროექტებად. მომავალზე ორიენტაცია პიროვნების მნიშვნელოვან ნიშანთვისებად განიხილება. მისი თავისებების გამოსავლენად ნიუტენმა შექმნა „მოტივაციური ინდუქციის” ტესტური მეთოდიკა, რომელიც ცდისპირის მიერ ჩამოყალიბებულ მიზანთა ანალიზზეა დამყარებული.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები