ნიჩბოსნობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიჩბოსნობა. ძველბერძნული რელიეფი

ნიჩბოსნობა − (იგივე – აკადემიური ნიჩბოსნობა. ინგლ. Rowing). სანიჩბოსნო სპორტის ყველაზე ცნობილი და განვითარებული სახეობა, რბოლა აკადემიური (ცალმოსასმელიანი, წყვილმოსასმელიანი, უმესაჭეო, მესაჭიანი) ნავებით.

სარჩევი

ისტორია

ოქსფორდსა და კემბრიჯის უნივერსიტეტების ნიჩბოსანთა პოპულარული შეჯიბრება ტემზაზე. 1877 წელი

საყოველთაოდ დადასტურებულია, რომ ნიჩბოსნობას ოდითგანვე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ადამიანების ყოფაში. თანამედროვე ნიჩბოსნობას მართლაც მდიდარი ტრადიცია და წინარე ისტორია აქვს. უძველესი სამარხები და კულტურის ძეგლები, არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ნივთები მოწმობენ, რომ ეგვიპტელები, ბერძნები, რომაელები, გერმანელები და სხვა ხალხები ჯერ კიდევ იალქნის გამოგონებამდე ფართოდ იყენებდნენ ხოფს ანუ ნიჩაბს. ძვ. წ. 3300-3000 წლებით დათარიღებულ ძველეგვიპტურ ქვის ბარელიეფზე გამოსახულია ნავებით რბოლა. ფარაონ ამენჰოტეფ II-ის (1427-1397 ძვ. წ.) უკვდავსაყოფად აღმართულ სვეტზე ნაპოვნი წარწერა გვაუწყებს, რომ ფარაონმა ნიჩბიანი ნავით სამი მილი გაცურა. დანიშნულების მიხედვით (სატრანსპორტო, სამეურნეო, სამხედრო) ნავები სხვადასხვაგვარი იყო: მოკლე და მსუბუქი, ერთ ან ორადგილიანი, საშუალო ან დიდი ზომისა, იშვიათად – მრავალსართულიანიც. მაგალითად, დიდ რომაულ ნავზე (ტრიერი) ნიჩბოსნები სამ რიგად ისხდნენ, ზურგით მოძრაობის მიმართულებისკენ გავრცელდა დგომელა ნიჩბოსნობაც, პირისახით ნავის ცხვირისკენ. ასეთი შეჯიბრებები დღემდე იმართება კამბოჯაში, იტალიაში, ალპურ ტბებზე.

ნავებით პირველი მასობრივი რბოლა ვენეციაში მოეწყო 1300 წელს, სპორტული ნიჩბოსნობის სამშობლოდ კი ინგლისი ითვლება. სწორედ იქ შეიქმნა პირველი აკადემიური ნავი და 1715 წლიდან რეგულარულად ტარდებოდა შეჯიბრებები ერთეულთა კლასში. 1811 წელს იტონში მოეწყო რვაადგილიანების პირველი რეგატა, 1829 წლის 10 ივნისიდან კი სათავეს იღებს ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების ნიჩბოსანთა პოპულარული შეჯიბრება ტემზაზე (დისტანცია – 6,8 კმ), რომელიც ყოველწლიურად, ზაფხულის არდადეგებზე ტარდება და დიდძალ მაყურებელს იზიდავს.

დროთა განმავლობაში გახშირდა ნიჩბოსანთა შეჯიბრებები, მომრავლდა ნიჩბოსანთა კლუბები და კავშირები, ჩამოყალიბდა ნავების ძირითადი აკადემიური კლასი. 1830 წელს ლონდონელმა კონსტრუქტორებმა ადგილი შეუცვალეს ნიჩბის სამაგრებს, რამაც საგრძნობლად გაზარდა ნავის სისწრაფე. 1857 წელს ჩიკაგოში დააპროექტეს ნავის მოძრავი დასაჯდომები, რაც ასევე წინგადადგმული ნაბიჯი იყო. XIX საუკუნის მიწურულს ევროპის მრავალ ქვეყანაში (ინგლისი, გერმანია, შვეიცარია, ბელგია, საფრანგეთი, იტალია) შეიქმნა ნიჩბოსანთა ეროვნული ასოციაციები, სპორტის ეს სახეობა ფართოდ განვითარდა აგრეთვე აშშ-ში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, კანადაში. ამას ხელი შეუწყო ნიჩბოსნობის ოლიმპიურმა აღიარებამ. 1900 წლიდან ნიჩბოსნობა ყველა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შედის (1896 წელს, I ოლიმპიურ თამაშებზე ნიჩბოსანთა შეჯიბრება ვერ შედგა უამინდობის გამო).

პიერ დე კუბერტენი ნავით. 1936 წელი. ჟენევის ტბა

ნიჩბოსნობა საქართველოში

წყალუხვ საქართველოში ხალხურ ნიჩბოსნობას ოდითგანვე მისდევდნენ, სპორტული ნიჩბოსნობა კი (იგივე – აკადემიური ნიჩბოსნობა) გავრცელდა 1950-იან წლებში, როცა ლიტვიდან ნავები ჩამოიტანეს, თბილისსა და მცხეთაში პირველი სანიჩბოსნო ბაზები მოაწყვეს და სასწავლო ჯგუფები გახსნეს. მოგვიანებით, ამ სახეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ფოთში, ქუთაისში, რუსთავსა და აფხაზეთში. სსრ კავშირის ჩემპიონატში საქართველოს სპორტსმენები პირველად 1958 წელს გამოვიდნენ და ოთხი ეკიპაჟი საუკეთესოთა ათეულში მოხვდა. ორი წლის შემდეგ ფოთში გამართულ ზონალურ ტურნირში ჩვენმა ნიჩბოსნებმა ორმოსასმელიანებით შეჯიბრებაში გამარჯვებაც მოიპოვეს.

1970 წელს საქართველოს ნაკრებს სათავეში ჩაუდგა მოსკოვიდან ჩამოყვანილი ცნობილი მწვრთნელი არკადი ნიკოლაევი, რომელიც გუნდს ზაფხულობით სიონში ამზადებდა, ზამთრობით კი – ფოთში.

1971 წელს სსრკ ხალხთა სპარტაკიადაზე საქართველოს ეკიპაჟმა რვაადგილიანებში III ადგილი დაიკავა, გივი ნიკურაძე კი საბჭოთა ნაკრებში ჩაირიცხა და 1973 წელს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალიც მოიგო. 1973-76 წლებში ნიკურაძემ სამჯერ მოიპოვა სსრკ ჩემპიონობა, 1975 წელს კი ტემზაზე გამართულ ჰენლის ცნობილ რეგატაში (ინგლისი) მონაწილეობდა. მაღალი ოსტატობით გამოირჩეოდნენ ოლეგ და აკაკი ქაფიანიძეები, ნუგზარ პილიევი, ოთარ ბერაძე და სხვები.

წლების მანძილზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში წარმატებით მუშაობდნენ ოთარ ბერელიძე, ვერა ყიფიანი, ოთარ ხომერიკი, აკაკი ხამხაძე და სხვა მწვრთნელები, მაგრამ მათი დაწყებული საქმე ვეღარ გაგრძელდა და წლების განმავლობაში ამ სახეობას მიმდევარი თითქმის აღარ ჰყავდა. მოგვიანებით, ნიჩბოსნობის განვითარებისთვის გადადგმულმა ნაბიჯებმა გარკვეული შედეგები გამოიღო – ასაკობრივ საერთაშორისო შეჯიბრებებზე თავი გამოიჩინა რამდენიმე ახალგაზრდა, იმედისმომცემმა ნიჩბოსანმა.

ნიჩბოსანთა შეჯიბრების სტარტი

წესები

შეჯიბრება იმართება დამდგარ წყალში, მდინარის ან ტბის მონაკვეთებზე, სანაპირო წყლებში ან ხელოვნურ წყალსატევებზე. დიდ საერთაშორისო ტურნირებში სარბოლო ტრასის სიგრძეა არანაკლებ 2000 მ, სიგანე – არანაკლებ 135 მ, სიღრმე – არანაკლებ 2 მეტრისა. თითოეული სარბოლო ბილიკის სიგანე – 12,5-15 მ. რეკომენდებულია 8 ბილიკი. ბილიკები ერთმანეთისგან გამოყოფილია ფერადი ტივტივებით. ტრასის თავში განთავსებულია სასტარტო ბაქნები. ნავის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 7 მეტრისა. ნავი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმის და ზომის, ოღონდ ნავის წონა წესებით დადგენილ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს. ასევე წესებით რეგულირდება ეკიპაჟის წევრთა საშუალო წონა: კაცებისთვის 70 კგ-მდე, ქალებისთვის – 57 კგ-მდე. ნიჩბოსანი კაცის წონა არ უნდა აღემატებოდეს 72,5 კგ-ს, ქალისა – 59 კგ-ს. გარდა ამისა, მესაჭე კაცის წონა არ უნდა იყოს 50 კგ-ზე ნაკლები, მესაჭე ქალისა – 45 კგ-ზე ნაკლები. თუ ეს წესი დარღვეულია, ნავზე დამატებით ტვირთს დებენ.

შეჯიბრებაში მონაწილე ეკიპაჟთა რაოდენობის შესაბამისად ტარდება წინასწარი, ნახევარფინალური და ფინალური რბოლები. ფინალში 6 ეკიპაჟი გადის. რბოლა წყდება, თუ პირველი 150 მეტრის ფარგლებში ნავმა მექანიკური დაზიანება მიიღო. სტარტის წინ შეიძლება ეკიპაჟის წევრთა ნახევარის შეცვლა. მესაჭე ეკიპაჟის წევრად ითვლება, ამიტომაც კაცთა ეკიპაჟის მესაჭე არ შეიძლება ქალი იყოს და პირიქით. თუ რომელიმე ნიჩბოსანი ნავიდან გადავარდა ეკიპაჟს უფლება აქვს რბოლა გააგრძელოს, მაგრამ თუ მესაჭე გადავარდება, რბოლა წყდება.

ეკიპაჟები სტარტის ხაზზე ცხადდებიან რბოლის დაწყებამდე მინიმუმ ოთხი წუთით ადრე. სტარტის ნიშანი შეიძლება იყოს ხმოვანი სიგნალი. ფალსტარტის შემთხვევაში გაისმის გონგის ხმა და ეკიპაჟები ბრუნდებიან სტარტის ადგილზე. ორი ფალსტარტი ისჯება დისკვალიფიკაციით. ასეთივე სასჯელი ემუქრება ეკიპაჟს, რომელიც რბოლისას თავისი ბილიკის საზღვრებიდან გავა და სხვა ნავის მოძრაობას შეაფერხებს. ფინიში შემდგარად ითვლება იმ მომენტიდან, როცა ნავის ცხვირი ფინიშის ხაზს გადაკვეთს. თუ ორი ან მეტი ეკიპაჟი ფინიშთან ერთდროულად მივიდა, შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სტარტი.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები