სარჯველაძე ნოდარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნოდარ სარჯველაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოდარ საქრჯველაძე

სარჯველაძე ნოდარ - Sarjveladze Nodar, Сарджвеладзе Нодар, 1945

ფსიქოლოგიის ქართული სკოლის მეორე თაობის წარმომადგენელი. 1964-1969 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, ხოლო 1969-1972 წ.წ. − საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო გამოჩენილი ქართველი ფსიქოლოგი შ. ჩხარტიშვილი.

ნ. სარჯველაძე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. 1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია პედაგოგიკურ ფსიქოლოგიაში, ხოლო 1988 წელს − სადოქტორო დისერტაცია სოციალურ ფსიქოლოგიაში თემაზე „პიროვნებათაშორისი და შიდაპიროვნული ურთიერთობების სტრუქტურა და დინამიკა". იგი 1978 წელს ერთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტაჟირებას გადიოდა საფრანგეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში. საფრანგეთში მისი სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ ცნობილი მეცნიერები: სერჟ მოსკოვიჩი ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრიდან და რობერ პაჟესი პარიზის სორბონის უნივერსიტეტიდან.

ნ. სარჯველაძემ 1980-იან წლებში შეიმუშავა უნიკალური კონცეფცია პიროვნების სოციალურ ფსიქოლოგიაში, რომლის თანახმადაც პიროვნება საზოგადოებასთან და საკუთარ თავთან გამუდმებულად ურთიერთქმედებაში მყოფი და ქმნადობაზე ორიენტირებული სისტემური მთლიანობაა. გ. ლაიბნიცისეული „შესაძლო სამყაროს“ ცნებაზე დაყრდნობით ნ. სარჯველაძემ გამოწვილვით დაახასიათა: პიროვნების სოციალური სტატუსის, ატიტუდებისა და თვითმიმართების, საზოგადოებასთან და საკუთარ თავთან ადაპტაციისა და დეზადაპტაციის, საზოგადოებისა და საკუთარი თავის გარდაქმნის ან სტაგნაციის, ყოფნისა და ფლობის (ქონის) {ე. ფრომი} იმპულსებზე დამყარებული რეალური და ვირტუალური (პოტენციური) ქცევის პატერნები და დისპოზიციები. ავტორი თავის კონცეფციას უკავშირებს დ. უზნაძისა და შ. ჩხარტიშვილის დებულებებს პირველად და ფიქსირებულ განწყობათა შესახებ. კონცეფცია გადმოცემულია რუსულად გამოცემულ წიგნში „პიროვნება და მისი ურთიერთქმედება სოციალურ გარემოსთან“ (1989 წ.). ამ მონოგრაფიამ პოპულარობა მოიპოვა რუსულენოვან სამყაროში და მისი გარკვეული ნაწილი შეტანილი იყო თვითცნობიერების პრობლემის შესახებ ორტომიან ანთოლოგიაში, რომელშიც დაბეჭდილი იყო ნაწყვეტები ფსიქოლოგიის კორიფეთა ნაშრომებიდან.

ნ. სარჯველაძე მუშაობდა და ახლაც მუშაობს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. იგი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორია, ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში აქვს მოწვეული პროფესორის სტატუსი. მან დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი", რომლის ფარგლებში 40-მდე გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროექტი განახორციელა 1996 წლიდან 2019 წლამდე. პროექტები ეხებოდა ტრავმირებული და მოწყვლადი მოსახლეობის, ზრდასრულებისა და ბავშვების ფსიქოლოგიურ დახმარებას, ტრენინგებს პიროვნულ ზრდასა და წარმატების მიღწევაში, საქართველოში ეროვნებათაშორის ურთიერთობათა მართვას, ბიზნესის სტარტაპს, ბავშვებისა და მოზარდების თვითგამოხატვის შესაძლებლობებს, საერთაშორისო პროგრამას „ბავშვთა, მოზარდებისა და ახალგაზრდების სოციალური და ფინანსური განათლება“ და სხვა. ნ. სარჯველაძე ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე გამოცემული 14 წიგნის ავტორია. იგი მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, აშშ-ში, რუსეთში, იაპონიასა და აზიის სხვა ქვეყნებში, აფრიკაში. იგი აქტიურად მონაწილეობდა კონფლიქტის გადაწყვეტისა და სახალხო დიპლომატიის ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ, უზბეკურ-ყირგიზულ პროექტებში. ნ. სარჯველაძე 40 წლის განმავლობაში ეწევა ფსიქოთერაპიულ და ფსიქოკონსულტაციურ პრაქტიკას.

მთავარი ნაშრომები

Личность и её взимодействие с социальной средой. თბ., „მეცნიერება“, 1989


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები