ხომერიკი ნოე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნოე ხომერიკი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოე ხომერიკი

ხომერიკი ნოე გიორგის ძე - (დ. - 1884 (1882), სოფ. მიქელგაბრიელი, ოზურგეთის მაზრა - გ. - 1924) - ქართველი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სამეურნეო სკოლა, სადაც არალეგალურ წრეებში სოციალისტურ მოძღვრებას გაეცნო და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა.


1902 წელს გურიაში გლეხთა მოძრაობამ იფეთქა. ნოე ხომერიკი, იმ დროს ცნობილ მემამულე მიხეილ ნაკაშიძესთან მსახურობდა და გლეხთა მოძრაობაში აქტიურად ჩაერთო. ის დააპატიმრეს და რამდენიმე თვე ქუთაისის ციხეში იჯდა. 1902 ქ. ბათუმის სოციალ-დემოკრატთა ჯგუფს შეუერთდა. მუშაობდა ბათუმის მანთაშევის ქარხანაში დღიურ მუშად. ნოე ხომერიკმა სასტამბო საქმე გულდასმით შეისწავლა და ამით ბათუმის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას დიდი სამსახური გაუწია. დიდი წვლილი შეიტანა იმერეთის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის ჩამოყალიბებაში. შექმნა რაიონებსა და მთავარ სოფლებში, ორგანიზაციები. გლეხთა შორის პროპაგანდა რომ გაეადვილებინა, შეადგინა წიგნაკი - „სოფლის მუშათა მიმართ“, რომელიც კავკასიის საკავშირო კომიტეტმა გამოსცა და ყველა პროპაგანდისტისთვის აუცილებელი სახელმძღვანელო გახდა.

1904 ნოე ხომერიკი შეიპყრეს და ქუთაისის ციხეში გაგზავნეს. გლეხთა მოთხოვნით, სოციალ-დემოკრატიულმა ორგანიზაციამ მისი განთავისუფლება გადაწყვიტა. ქუთაისის ციხეში გადაყვანისას, მხლებელ დარაჯთა გუნდს შეიარაღებულ რევოლუციონერთა რაზმი თავს დაესხა და ნოე ხომერიკი გაათავისუფლა. მას შემდეგ, რაც 1904 წელს ბევრი სოციალ-დემოკრატი დააპატიმრეს, ნოე ხომერიკი სათავეში ჩაუდგა თბილისის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას. პირველი რევოლუციის პერიოდში ხელმძღვანელობდა ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის სამხედრო-ტექნიკურ კომისიას. ესწრებოდა რსდმპ-ის გამაერთიანებელ ყრილობას სტოკჰოლმში და აგრარული საკითხის შესახებ კამათში მონაწილეობა მიიღო. 1908 წელს თბილისში შეიპყრეს და რამდენიმე თვიანი ტუსაღობის შემდეგ, ვოლოგდის გუბერნიაში გადაასახლეს.

1911 ნოე ხომერიკი საქართველოში დაბრუნდა და ქ. ქუთაისში დაბინავდა. ხელმძღვანელობდა საარჩევნო კამპანიას რუსეთის მეოთხე სახელმწიფო სათათბიროში. 1916 წელს ნოე ხომერიკი აღმოსავლეთ ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა და აქტიურად ჩაება პოლიტიკურ პროცესებში.

1918 წლის 22 აპრილს შემდგარ ამიერკავკასიის ფედერაციულ დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში მან მიწათმოქმედების მინისტრის პოსტი დაიკავა. იგივე თანამდებობა ეკავა მას დამოუკიდებელი საქართველოს პირველ კოალიციურ მთავრობაშიც და 1919 წლის მარტიდან შემდგარ ერთპარტიულ მთავრობაშიც. მიწათმოქმედების სამინისტრო არსებობის პირველივე დღიდან რეფორმების გატარებას შეუდგა. სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის პარლამენტმა მრავალი კანონი მიიღო და დაამტკიცა. თუ საქართველოში ბოლშევიკურმა ანარქიამ ფეხი ვერ მოიკიდა, ეს, უპირველესად, აგრარული რეფორმის გატარებას მიეწერება, რაც ნოე ხომერიკის ხელმძღვანელობით განხორციელდა. ამ საქმეში მან თავისი დიდი ორგანიზაციული ნიჭი ერთხელ კიდევ გამოამჟღავნა. როგორც ცნობილია, „ხომერიკის რეფორმებით“, საქართველოს გლეხობას მიწები კერძო საკუთრებაში გადაეცათ თუმცა რეფორმის ბოლომდე დასრულება ვერ მოესწრო, 1920 წლის 3 დეკემბერს ხომერიკი მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და მისი ადგილი დავით ონიაშვილმა დაიკავა.

1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ნოე ხომერიკმა, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, საქართველო დატოვა და საზღვარგარეთ, ემიგრაციაში გაემგზავრა. კონსტანტინოპოლში ის პოლიტიკური კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. კომისიაში ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი შედიოდა. ნოე ხომერიკი საქართველოში განმათავისუფლებელი ორგანიზაციების მოწყობას აქტიურად ხელმძღვანელობდა.

1922 წლის ოქტომბერში ნოე ხომერიკი საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა, რათა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის პირადად ეხელმძღვანელა. მან სწრაფად აღადგინა დაშლილი ორგანიზაციები და პარტიათა შორის თანხმობა განამტკიცა, ასევე, თავისი ორგანიზატორული უნარის წყალობით, მოაწესრიგა დამოუკიდებლობის კომიტეტის მუშაობა.

1923 წლის ნოემბერში ის ბოლშევიკებმა დაატუსაღეს, თუმცა მას ტყვეობაშიც არ შეუწყვეტია ბრძოლა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. „ჩეკა“ და მისი აგენტები ქედს იხრიდნენ ნოე ხომერიკის გაუტეხელი, მტკიცე ნებისყოფის წინაშე. 1924 წლის ივლისის ბოლოს ის სუზდალის ციხეში გადაიყვანეს, ხოლო 1924 წლის აჯანყების დაწყებისთანავე, კავკასიაში დააბრუნეს და საიდუმლოდ დახვრიტეს.

ნოე რამიშვილი მის თავდადებას ასე აფასებს: „თავისი პრაქტიკული მოღვაწეობით, 1917 წლამდე, მან სამართლიანად დაიმსახურა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცნობილი ორგანიზატორის სახელი, თავისი კალმით მან მოიპოვა ლიტერატორთა შორის საპატიო ადგილი. თავისი მინისტრობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხანაში, მან მოგვცა ტიპი საუკეთესო პოლიტიკური მოღვაწის, რომელიც სწრაფად ერკვევა ახალ შექმნილ პირობებში და თავის დიდ ორგანიზატორულ უნარს შესაფერისად იყენებს დემოკრატიული სახელმწიფოს აშენების საქმეში. საოკუპაციო ხანაში მან გაკაფა გზა ერის განთავისუფლებისა და მისთვის თავდადებისა, პარტიის მეთაური ჭეშმარიტად ერის მეთაურიც შეიქნა. ჯუღაშვილებმა ფიზიკურად მოიშორეს თავიდან მათი თავდადებული მოწინააღმდეგე და დემოკრატიისა და სოციალიზმისათვის საუკეთესო მებრძოლი. ამით უფრო მეტი უფსკრული ამოთხარეს მათსა და საქართველოს მშრომელთა შორის. ნოე ხომერიკის დიდი ამაგი მომავალ თაობას უკუნითი-უკუნისამდე გადაეცემა. მან საბოლოოდ დაიმსახურა დიდებული ორგანიზატორისა და წამებულის უკვდავი სახელი“. (ლელა სარალიძე)


ლიტერატურა

ჟურ. „ბრძოლა“, სექტემბერი, პარიზი, 1925, №3.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები