ობური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ობურ-ი || ობირ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Обур, ნოღ. Обыр)მაქცია, ბოროტი დედაბერი ბალყარულ-ყარაჩულ და ნოღაურ მითოლოგიაში. ბალყარელებისა და ყარაჩელების რწმენით, ადამიანებში ქვესკნელის სულები – ხარ-ჯური და ჯარ-ჯური – სახლდებიან და მათ ობურებად აქცევენ („ყალაფელე თერექი“). ობურები ყოველმხრივ ცდილობენ ავნონ ადამიანებს, განსაკუთრებით სამართლიანებს; საამისოდ ღამით მდინარისპირზე გამოდიან, იხდიან ტანსაცმელს და, მგლებად ქცეულნი, იტაცებენ და ჭამენ ცხვრებს; შეუძლიათ აგრეთვე მიიღონ კატების, ძაღლებისა და სხვა ცხოველების სახე.

ნოღაელების რწმენით, ობირი ორივე სქესის ავსულია. ერთი ვარიანტით, იგი გარდაცვლილი ბოროტი ან თვითმკვლელი მამაკაცის ვამპირი სულია (ნოღაელები თვითმკვლელებს სასაფლაოზე არ მარხავდნენ; მიიჩნევდნენ, რომ მათ სულებს საიქიოში არ უშვებდნენ), რომელიც სისხლს სწოვს ბავშვებსა და ახალგაზრდა ქალებს, სუსტ და მძინარე ადამიანებს; არის მაქციაც: შეუძლია, იქცეს კატად და ღამღამობით წველოს ძროხა, მოიპაროს ქათმის კვერცხი (ამიტომ როცა ვინმე მოკვდებოდა, აულში ყველა კატას კარჩაკეტილში ამყოფებდნენ); ჰყავთ მტრებიც (აზდაღა, ელმაუიზი და სხვა დემონური პერსონაჟები); ზოგჯერ ზღაპრის გმირების დამხმარედაც გვევლინებიან. სხვა მონაცემის თანახმად, ობირი ავი დედაბერია, რომელიც ღამით კატის სახეს იღებს და ყველა იმ მავნებლობას ჩადის, რასაც მამრობითი სქესის ობირები. ეს უკანასკნელნი გაზაფხულზე საიდუმლოდ იკრიბებიან და აწყობენ მარულას, რომელშიც გამარჯვებულის აული უხვი მოსავლით ივსება.


ლიტერატურა

  • Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012;
  • Керейтов Р. Х. Мифологические персонажи традиционных верований ногайцев // СЭ. 1989, № 2;
  • Кудаев М. Ч. Древние танцы балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1997;
  • Сикалиев А. И. Ногайский геросческий эпос. Черкесск, 1994.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები