ოგაფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოგაფა

ოგაფა (მეგრ.) - მარტივი სახვნელი იარაღი. შედგებოდა: მხრის (აგაფა, დედო), ქუსლის („ჩაფლა“), ერქვანისა და სახნისისაგან („კინა“).

ასეთი სახვნელები გავრცელებული იყო თითქმის მთელ საქართველოში (გურია, იმერეთი, ლეჩხუმი, სვანეთი, ხევსურეთი, თუშეთი). ყველა ეს სახვნელი ერთიანდება კოლხური ტიპის სახვნელებში. მათთვის დამახასიათებელია 900-ით მოხრილი მხარი და ხშირ შემთხვევაში უსაკვეთლობა. კოლხური სახვნელი მიჩნეულია ეტრუსკული სახვნელის ანალოგიურად. ოგაფა მარტივი სახვნელი იყო, რომელსაც უმთავრესად გლეხი თვითონ აკეთებდა, სახნისს კი მჭედელი ჭედდა. ოგაფაში გამწევ ძალას წარმოადგენდა ერთი უღელი მუშა საქონელი, უმთავრესად ხარი, იშვიათად კამეჩი; მუშახელს - ერთი ან ორი კაცი - „მახონალი“, რომელსაც კავი ეჭირა, და „მანჯღვერი.“ ეს უკანასკნელი იმ შემთხვევაში იყო საჭირო, თუ ხარი კარგად არ იყო გახედნილი.

ოჯახს, რომელსაც ჰქონდა ოგაფა და უღელი გამწევი ძალა, დამოუკიდებლად შეეძლო ხვნა. იმ შემთხვევაში, როდესაც მუშა საქონელი საერთოდ არ ჰყავდათ, ან ცალი ხარი ჰყავდათ, მიმართავდნენ შრომის ორგანიზაციის ფორმას „დოცალუას“, რომელიც ანალოგიურია სვანეთში გავრცელებული შრომის ორგანიზაციისა.

ლიტერატურა

გ. ჯალაბაძე, მიწათმოქმედება სამეგრელოში, მასალები სამეგრელოს ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1979.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები