ოდისევსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოდისევსი.
კრატერის ფერწერა (ძვ.წ. 400-390 წ.წ.), პარიზი, ეროვნული ბიბლიოთეკა

ოდისევსი(ბერძნ.) კუნძულ ითაკას მითოსური მეფე. ლაერტესის (ზოგი ვერსიით, სისიფოსის) და ანტიკლეას ვაჟი. ჰომეროსის პოემათა გმირი. რომაულ სამყაროში მას ულიქსესი (ულისე) უწოდეს.

ოდისევსი ბერძენ გმირთაგან ჭკუითა და გონების მოქნილობით გამოირჩეოდა. მისი პაპა დედის მხრიდან, ავტოლიკოსი, ცნობილი იყო, როგორც „დიდი ფიცის გამტეხი და ქურდი“. ასე მოიხსენიებს მას ჰომეროსი. თავად ავტოლიკოსი კი ჰერმესის ძე იყო, ხოლო ამ ღმერთს მრავალ სხვა სიკეთესთან ერთად მზაკვრობის ნიჭიც გააჩნდა. წინაპართა ყველა თვისება შეისისხლხორცა ოდისევსმა. მზაკვრული ბუნების გამო, ღმერთები თუ ახლობლები, მასზე ხშირად ბრაზობდნენ, ჰოდა პაპამაც შესაფერისი სახელი შეურჩია: „ჩემს შვილიშვილს „რისხვის მომგვრელი“ უნდა ერქვას ანუ ოდისევსიო...“ – უბრძანებია. ძველი მითოგრაფოსებიც აღიარებენ, რომ ოდისევსი „ღმერთების განმრისხებელს“, ან „ღმერთების რისხვის დამთმენს“ აღნიშნავს. ასე იყო თუ ისე, ოდისევსმა თავისი გონება მახვილობისა და შეუპოვარი ხასიათის გამო ღმერთების რისხვაც დაიმსახურა და მრავალ საცდურსაც გაუძლო. კიდეც ამიტომ უწოდეს მას „მრავალტანჯული და ჭკუაულევი“ გმირი.

ოდისევსი დიდებული გარეგნობის ჭაბუკი დადგა. იმხანად მრავალი სახელოვანი გმირი ლამობდა მშვენიერ ელენეზე დაქორწინებას. ოდისევსიც მათ შორის იყო. ტინდარეოსი, ელენეს მამა, შიშობდა, თავისი არჩევანით არ განერისხებინა დანარჩენი სასიძოები. მისი აზრით, ისინი ითაკილებდნენ უგულებელყოფას და გულში მტრობას ჩაიდებდნენ. იგი სიხარულით დაჰყვა ოდისევსის გონივრულ რჩევას: თავშეყრილ გმირებს წინდაწინ ფიცი დაადებინა, რომ მომავალში ყველა ერთად დაიცავდა ელენესა და მისი მეუღლის ღირსებას. მოგვიანებით ბერძენთა მეფეები ამ ფიცმა აიძულა დაძრულიყვნენ ილიონისკენ (ტროას ომი). ელენეს მეუღლედ დასახელდა მენელაოსი. მადლიერმა ტინდარეოსმა არ დაივიწყა ოდისევსის ბრძნული რჩევა და იგი თავის ძმისშვილზე, ულამაზეს პენელოპეზე დააქორწინა. მალე მათ ვაჟიც შეეძინათ, რომელსაც ტელემაქოსი შეარქვეს.


როდესაც პარისმა ელენე მოიტაცა, მენელაოსმა ომი წამოიწყო და ბერძენ გმირებს უხმო დასახმარებლად. ოდისევსმა ორაკულისგან ავისმომასწავებელი უწყება მიიღო. თანაც არ სურდა მშვენიერი მეუღლისა და ახალშობილის მიტოვება და ომში რომ არ წასულიყო, თავი მოისულელა: იწყო თავისი მინდვრების ხვნა და მარილის თესვა. ოინს მიუხვდა ბრძენი პალამედესი და ხნულში ჩვილი ტელემაქოსი ჩაუგორა. მყის შეაჩერა გუთანი ოდისევსმა და თავიც გამოააშკარავა. რაღას იზამდა. თორმეტი ხომალდი აღკაზმა და ისე გამოცხადდა მენელაოსთან.

ოდისევსი.
ბეოტური სკიფოსის ფერწერა (ძვ.წ. IV ს.), ოქსფორდი, მუზეუმი.

ოდისევსი ტროას ომის ერთ–ერთი მთავარი გმირი გახდა. თავისი სიბრძნით მან განაპირობა ბერძენთა გამარჯვება. მისი შემწეობით ჩაება გმირი აქილევსი ბრძოლაში და აი, როგორ: მისანმა კალქასმა ბერძნებს ამცნო, რომ მხოლოდ აქილევსის დახმარებით შეძლებდნენ ტროას აღებას, თავად გმირი კი ამ ბრძოლას ემსხვერპლებოდა. აქილევსის დედამ, თეტისმა, თავისი შვილი გადამალა კუნძულ სკიროსზე, რადგანაც იმავე მისნობის ძალით, თუ აქილევსი ომს ასცდებოდა, ღრმა სიბერემდე იცოცხლებდა. სკიროსის მეფე ლიკომედესს ქალიშვილები ჰყავდა. აქილევსიც ქალის სამოსით შემოსეს და ამ ქალწულთა დასს შეურიეს. მალე გაცხადდა ეს ამბავი. აქილევსის ჩამოსაყვანად ოდისევსი, ფენიქსი და ნესტორი გაგზავნეს. მათ, ვაჭრებად გადაცმულებმა, სასახლეში შეაღწიეს და მეფის ასულთა თვალწინ დიდებული სამკაულები ამოალაგეს, გვერდით მიუდეს ფარი და მახვილი. მოულოდნელად საბრძოლო საყვირის ხმა გაისმა. შეშინებული ქალიშვილები დაიფანტნენ, აქილევსმა კი ხელი დასტაცა ფარსა და მახვილს და მტრის დასახვედრად შეიმართა, რითაც გათქვა თავისი თავი. როდესაც ოდისევსმა მას სიმართლე ამცნო, სიხარულით ჩაება გმირი დიდ ბრძოლაში.

ტროასკენ დაძრული ბერძენთა ლაშქარი აგამემნონზე განრისხებულმა არტემისმა შეაყოვნა ავლისში. სწორედ ოდისევსმა შესთავაზა მთავარსარდალს, მოტყუებით ჩამოეყვანა იფიგენია ავლისში, რათა მსხვერპლად შეეწირა არტემისისთვის.

როდესაც ბერძენთა ხომალდები ტროას ნაპირებს მიუახლოვდნენ, ვერც ერთმა გმირმა ვერ გაბედა ტროას მიწაზე გადასვლა. ყველას ახსოვდა ნამისნევი: პირველი, ვინც ტროას მიწას შეეხებოდა, უმალ უსულოდ დაეცემოდა. მაშინ ოდისევსმა ხომალდიდან გადააგდო თავისი ფარი და ამავე ფარზე დახტა ისე, რომ მიწისთვის ფეხი არ შეუხია. უშიშრად მიჰყვნენ მას გმირები იმ იმედით, რომ პირველნი არ იქნებოდნენ. არ გაუმართლა პროტესილაოსს, რომელიც პირველი შეეხო ტროელთა მიწას. ის წამისუმალ განიგმირა ჰექტორის ოროლით.

ოდისევსი.
(ძვ.წ. IV ს.), ბერლინი, სახელმწიფო მუზეუმი
ბერძნებმა ტროელებთან მოლაპარაკება სცადეს. ოდისევსი მენელაოსთან ერთად ეწვია ტროას მეფეს და ელენეს დაბრუნება სთხოვა უომრად. მაგრამ ელჩობა ჩაიშალა. ომი დაიწყო. მედგრად იბრძოდა ოდისევსი, თუმცა უფრო გონიერებით, მოხერხებით, წინდახედულებით, გამოცდილებითა და ეშმაკობით გამოირჩეოდა. მისი მფარველი იყო ათენა. მრავალი რამ გადახდა თავს ომის ჟამს ოდისევსს. მისმა სიბრძნემ მრავალგზის არგო აქაველებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც

ტროას ცხენის“ გამოგონება იყო. მის გარეშე, ალბათ, კიდევ დიდხანს გასტანდა ომი.


ბოლოს და ბოლოს ბერძნებმა გაიმარჯვეს და გმირებმაც შინისკენ ისწრაფეს. ოდისევსს ბედად ეწერა მხოლოდ ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ მიეღწია მშობლიურ ნაპირამდე, მაგრამ ეს მან ჯერ არ იცოდა. მშვიდად მიაპობდნენ ზღვის ზვირთებს მისი ხომალდები, რომლებიც ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მიადგნენ კიკონთა მიწას. მეხომალდეებმა დაიპყრეს ქალაქი ისმაროსი და გააცამტვერეს, მამაკაცები ამოხოცეს, ხოლო ქალები დაიმონეს. ყურად არ იღეს ოდისევსის რჩევა, რაც შეიძლება სწრაფად გასცლოდნენ იქაურობას. ქეიფსა და ნადიმს გადაჰყვნენ. ამასობაში ისმაროსის შემოგარენთა კიკონები შეიკრიბნენ და მძვინვარე ბრძოლა გაუმართეს მომხვდურებს. ტყეში რამდენი ფოთოლიც არის, იმდენნი იყვნენ. დიდხანს იბრძოდნენ ბერძნები, მაგრამ დამარცხდნენ და თავს უშველეს გაქცევით. წუხდნენ იმათზე, ვინც დაიღუპა, თანაც ხარობდნენ, რადგანაც საფრთხეს განერიდნენ.

როგორც კი ღია ზღვაში შეცურეს, მეხთამტყორცნელმა ზევსმა მათ ჩრდილოეთის ქარი, ბორეასი, დაადევნა. ზღვა აბობოქრდა, ბნელმა ღრუბელმა ცა დააბნელა. გამძვინვარებულმა ბორეასმა ანძებს აფრები ჩამოგლიჯა. ძლივს მიაღწიეს მეზღვაურებმა ერთ უკაცრიელ კუნძულს. ორი დღე და ღამე იცადეს, ვიდრე ქარიშხალი ჩადგებოდა. მესამე დღეს კი ახსნეს აფრები და გზა განაგრძეს. მხოლოდ ათი დღის შემდეგ მიაღწიეს კუნძულს, რომელზეც ლოტოფაგები ცხოვრობდნენ. ოდისევსმა სამი თანამგზავრი გაგზავნა მიდამოს დასაზვერად. თავაზიანად მიიღეს ისინი ლოტოფაგებმა და ტკბილი ლოტოსით გაუმასპინძლდნენ. ვინც კი იგემა ეს უცხო ხილი, უმალ სამშობლო დაივიწყა. მათ აღარ სურდათ შინ დაბრუნება. ოდისევსი იძულებული გახდა ისინი ძალით აეყვანა ხომალდებზე და სასწრაფოდ გასცლოდა იქაურობას.

ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მეზღვაურები მიადგნენ კიკლოპთა კუნძულს. შორიდანვე შენიშნეს დაფნის ხეებით შებურული და უზარმაზარი ლოდებით გარემოცული მღვიმე. ოდისევსი თორმეტი ერთგული მეგობრით გადავიდა ნაპირზე, რათა ენახა, თუ ვინ ცხოვრობდა იმ მღვიმეში. იქ კი არავინ იყო, თუმცა მალე გამოჩნდა შემზარავი გარეგნობის მქონე კიკლოპი პოლიფემოსი. ეს იყო უზარმაზარი გოლიათი, რომელსაც შუბლზე მხოლოდ ერთი თვალი უბრიალებდა. მან შემოდენა გამოქვაბულში თავისი ფარა, შემოსასვლელი უზარმაზარი ლოდით ჩახერგა და თხების წველა დაიწყო. შემდეგ კოცონი დაანთო და როდესაც თვალი ჰკიდა დაუპატიჟებელ სტუმრებს, გაოცდა. ვინ ხართ, საიდან მოსულხართო? – ასე იკითხა. მოკლედ უამბო ოდისევსმა, ვინ იყო და აქ როგორ მოხვდა. სთხოვა, დაეცვა მესტუმრეობის ადათი, თან შეახსენა, თუ როგორ სჯიდა ზევსი მის დამრღვევთ. სასაცილოდაც არ ეყო კიკლოპს ზევსის ხსენება. უზარმაზარ ხელებში მოიმწყვდია ოდისევსის ორი მეგობარი, მიწაზე დაანარცხა, სული გააფრთხობინა, შემდეგ კოცონზე შედგმულ ქვაბში მოხარშა და გემრიელად მიირთვა. როცა ვახშმობა მოათავა, მიწაზე გაიშხლართა და დაიძინა. გაოგნებისაგან ხმას ვერ იღებდნენ საბრალო ადამიანები. დილით კიკლოპმა კვლავ ორი კაცი შთანთქა, შემდეგ ფარა წინ გაირეკა და გასასვლელი ამოქოლა. დიდხანს ფიქრობდა ოდისევსი, რა ეღონა. გამოქვაბულში უზარმაზარი მორი იპოვნა, ერთი ბოლო წაუმახვილა, ნაკვერჩხალზე გამოწვა და დამალა. როდესაც კიკლოპი დაბრუნდა და ისევ ორი კაცი შესანსლა, მიუახლოვდა ოდისევსი და თასით ღვინო მიაწოდა. ეამა კიკლოპს, თასის ავსება მოითხოვა, თან სახელი ჰკითხა ოდისევსს. „არავინ მქვია“, – იცრუა გმირმა. „ჰოდა ჩემო არავინ, მეც პატივს გცემ და ბოლოს შეგჭამ!“ – ამოიბუღბუღა უკვე შემთვრალმა გოლიათმა, მესამე თასიც გამოცალა, მიწად მიეგდო და დაიძინა. მაშინ ოდისევსმა აიღო მორი, ცეცხლის ალზე გაახურა და მეგობრების დახმარებით კიკლოპს ერთადერთი თვალი ამოსთხარა. საშინელი ტკივილისაგან ისეთი ღრიალი მორთო გოლიათმა, რომ მის მღვიმეში შემოცვივდნენ სხვა კიკლოპებიც. „რა დაგემართა, პოლიფემოს, ვინ გაგაბრაზა?„ ეკითხებოდნენ ისინი. „ძალით კი არა, ეშმაკობით მღუპავს არავინ“! – ხაოდა თვალდათხრილი. „თუკი არავინ გაბრაზებს, რაღას ღრიალებ! ავად ყოფილხარ. ჩანს, ასეთია ზევსის სურვილი, ბედს შეურიგდი!“ – დაამშვიდეს თანაგვარებმა და მიატოვეს.

ოდისევსი.
კედლის მოხატულობა (ახ.წ. 65 წ.), პომპეი

როცა გათენდა, პოლიფემოსმა მოთქმით და გმინვით გასასვლელის ლოდი გასწია, რათა თავისი ფარა საბალახოდ გაეშვა. თანაც ყოველ ცხვარსა და თხას ზურგს უსინჯავდა. ოდისევსი და მისი მეგობრები ქვემოდან ამოეკვრნენ ამ ცხვრებს და სამშვიდობოზე გავიდნენ. ხომალდებისკენ ისწრაფეს, თან პოლიფემოსის ფარაც გაიყოლეს. როდესაც აფრები ახსნეს, ოდისევსმა ხმამაღლა გასძახა კიკლოპს: „იცოდე, პოლიფემოს, თვალი დაგივსო ოდისევსმა, ითაკას მეფემ“!

კიკლოპის ყურთასმენას მისწვდა ეს ხმა. მან თავის მამას, პოსეიდონს, შეჰღაღადა, დაესაჯა ოდისევსი. შემდეგ უზარმაზარი კლდე ამოგლიჯა და ზღვისკენ გასტყორცნა. აზვირთებულმა ტალღამ ხომალდები შორს მოისროლა. მალე ისინი ეოლოსის კუნძულს მიადგნენ.

ბედნიერად ცხოვრობდა ქართა მეუფე ეოლოსი. მასთან მთელი თვე დაჰყვეს მეხომალდეებმა. ისინი გამუდმებით ილხენდნენ და უამბობდნენ ღვთაებას ბერძენთა გმირობის ამბებს. ბოლოს მობეზრდათ და შინ დაბრუნება ისურვეს. ეოლოსმა გამოთხოვებისას მათ აჩუქა გუდა, რომელშიც ჩამწყვდეული იყო ყველა ქარი გარდა ზეფიროსისა. მის კეთილ ქროლას მეზღვაურები ითაკამდე უნდა მიეყვანა. მაგრამ ზევსი არ სწყალობდა ოდისევსს. ზღვით ცურვის მეათე დღეს, როცა გამოჩნდა ითაკა, ღმერთებმა ღრმად ჩააძინეს გმირი. მისმა თანამგზავრებმა კი გუდას თავი მოხსნეს, რადგან იქ ოქრო და ვერცხლი ეგულებოდათ. რაღა თქმა უნდა, გუდიდან ამოქროლდნენ დამწყვდეული ქარები და ზღვა ისევ ააბობოქრეს. ხოლო ხომალდი ეოლოსის კუნძულთან დააბრუნეს. ოდისევსი სასახლეში ეახლა მეფეს დახმარების თხოვნით. მან კი, განრისხებულმა მიუგო, რომ არასოდეს თანაუგრძნობს იმ კაცს, რომელიც არ უყვართ ღმერთებს.

ისევ ზვირთებში შეაცურეს ხომალდები შინ მიმავალმა მებრძოლებმა. ექვსი დღის ხეტიალის შემდეგ ისინი გოლიათი კაციჭამია ლესტრიგონების ქვეყანას მიადგნენ. იქ მეფობდა ანტიფატოსი, რომლის ბრძანებითაც გოლიათებმა ულმობლად ამოჟლიტეს ოდისევსის თანამგზავრები. თორმეტი ხომალდიდან მხოლოდ ერთი გადარჩა. ეს იყო ოდისევსის ხომალდი, რომელსაც დიდხანს მიაცურებდნენ ზვირთები უკიდეგანო ზღვის სივრცეში.

მეზღვაურების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დედამიწა გამოჩნდა. ეს იყო კუნძული აიაია, სადაც აიეტის და, გრძნეული კირკე ცხოვრობდა. ორი დღე მშვიდად გაატარეს სანაპიროზე. მესამე დღეს კი ოდისევსმა მეგობართა ერთი ჯგუფი ევრილოქოსის მეთაურობით კუნძულის გასაცნობად გაგზავნა. როდესაც ისინი კირკეს სასახლეს მიუახლოვდნენ, საოცარი რამ იხილეს: ირგვლივ მშვიდად მიმოდიოდნენ მოთვინიერებული ლომები და მგლები. სტუმრად მისულებს თვალი რომ ჰკიდეს, მიუახლოვდნენ და მიეფერნენ. მალე კირკეც გამოვიდა და უცხო ხალხი შინ მიიწვია, ღვინო შეასვა, შემდეგ თავისი კვერთხი შეახო და ღორებად გადააქცია. თუმცა გონება დაუტოვა მათ ძველებური. შემდეგ ბოსელში შერეკა და საჭმელში რკო ჩაუყარა. მხოლოდ ევრილოქოსი გადარჩა, რადგან სასახლეში არ შეჰყვა კირკეს. იგი ხომალდთან დაბრუნდა და ყველას უამბო, რაც იხილა. ოდისევსმა მეგობართა დასახმარებლად ისწრაფა. გზად მშვენიერი ჭაბუკის სახით გამოეცხადა ღმერთი ჰერმესი, რომელმაც ასწავლა, თუ როგორ ეხსნა თანამგზავრები. მანვე უბოძა სასწაულმოქმედი ბალახი, მოლი, რომელსაც შეეძლო კირკეს ხიბლის მოგერიება.

ოდისევსი ჩაფხუტით
(ძვ.წ. 425-400 წ.წ.), ბერლინი, სახელმწიფო მუზეუმი

კირკემ მიიღო ოდისევსი, სუფრასთან მიიწვია, ასვა, აჭამა და როცა ნახა, მასზე ჯადო არ მოქმედებდა, ოქროს კვერთხის შეხება სცადა. მაშინ განრისხდა ოდისევსი და მახვილი მოუღერა თავის მასპინძელს. გრძნეული ქალი მუხლებზე დაემხო და პატიება სთხოვა. შემდეგ ადამიანური სახე დაუბრუნა მის მეგობრებს. ხოლო თავად ისე დანაზდა, ისეთი მომხიბლავი გახდა, რომ ოდისევსმა მთელი წელი დაჰყო მის, ახლა უკვე სტუმართმოყვარე, სასახლეში. ბოლოს შინ დაბრუნების სურვილმა სძლია. განშორებაზეც დაითანხმა კირკე, რომელმაც ურჩია, ბედის საცნობად სწვეოდა ჰადესს, რათა იქ ტირესიასის აჩრდილი ეხილა. კირკემვე ასწავლა მას მიწისქვეშა სამყაროში ჩამავალი გზაც.

ოდისევსმა და მისმა თანამგზავრებმა ერთ დღეში გადაკვეთეს ოკეანოსის ღრმა დინება და კიმერიელთა იდუმალ ქვეყანას მიადგნენ. იქ ოდისევსმა პერსეფონეს ჭალას მიაგნო, სადაც მიწის ქვეშ ჩამავალი გზა ეგულებოდა. მახვილით ორმო ამოთხარა და მსხვერპლშეწირვა დაიწყო: თავდაპირველად ორმოში ჩაღვარა თაფლი და რძე, შემდეგ ღვინო, ბოლოს კი ფქვილში არეული წყალი. შეარჩია რამდენიმე შავი ცხვარი, რომელთაც ყელი გამოღადრა და მათი სისხლიც შიგ ჩაასხა. სისხლის სუნმა მიიზიდა მობორიალე აჩრდილები, რომელთაც სურდათ შეესვათ ეს თბილი სითხე, წამით მაინც რომ გონს მოსულიყვნენ, რათა სიტყვები ამოეთქვათ. ახლოს არ იკარებდა მათ ოდისევსი. ის ტირესიასს ელოდებოდა. ბოლოს გამოჩნდა ოქროს კვერთხს დაყრდნობილი ბრძენი მისანი, შესვა სისხლი და ამეტყველდა, გმირს მომავალი განუცხადა, შინ დაბრუნების ბედნიერი ამბავი ამცნო. შემდეგ ეს უთხრა: „ბოლოს მოგიწევს კვლავ ზღვაში გასვლა. შორეულ ქვეყნებს მოიხილავ, მანამდე ივლი, ვიდრე ისეთ ხალხს არ შეხვდები, ზღვა რომ არასოდეს უხილავთ. აი, მაშინ კი პოსეიდონს შესწირე მსხვერპლი და შინ დაბრუნდი. იქ, შენს დიდებულ სამეფოში, ბედნიერი სიბერის ზღვართან დაელოდები საამო სიკვდილს, რომელიც ზღვიდან გეახლება“. როდესაც ტირესიასი წავიდა, სხვა სულები გამოჩნდნენ. ისინი სისხლს სვამდნენ და საუბრობდნენ. ოდისევსმა იხილა დედამისი – ანტიკლეა, აგამემნონი, აქილევსი, პატროკლოსი, ანტილოქოსი, გაბრაზებული აისი, რომელმაც ისე ჩაუარა, რომ ხმა არ გასცა. შემდეგ ქვესკნელში ღრმად ჩაიხედა. იქ თვალი მოჰკრა მიცვალებულთა მსაჯულ მინოსს სკიპტრით ხელში რომ იჯდა ტახტზე. დაინახა ორიონის, ტიტიოსის და სხვა ცოდვილთა აჩრდილები... მოდიოდნენ და მოდიოდნენ უცხო სულები. ოდისევსი შიშმა შეიპყრო. მეგობრებს ხომალდზე ასვლა უბრძანა და იქაურობას გაეცალა. კირკეს კუნძულისაკენ ისწრაფა. კეთილისმყოფელ დედოფალს ყოველივე წვრილად უამბო და სიყვარულით დაემშვიდობა.

მეხომალდეებმა კვლავ ითაკასაკენ აიღეს გეზი. თავდაპირველად ჩაუარეს სირინოზების (სირენების) კუნძულს. მაცდური ხმებით გალობდნენ ეს ქალჩიტა ურჩხულები. ისინი თავიანთ კუნძულზე შეიტყუებდნენ ხოლმე მეზღვაურთ და იქ ხოცავდნენ. ადამიანთა ძვლებით იყო მოფენილი მათი საბინადრო. კირკემ ნება დართო ოდისევსს, დამტკბარიყო სირინოზების მღერით. და რომ გაეძლო, ურჩია, ანძაზე მიება თავი. გმირმა ამ საქმის აღსრულება მეგობრებს სთხოვა, თან დაამატა, თუკი ახსნას მოინდომებდა, უფრო ძლიერად შეებოჭათ. მათ კი უბრძანა, ყურები ცვილით ამოევსოთ სირინოზების გალობა რომ არ მოესმინათ. ასეც მოიქცნენ. მალე გასცილდნენ მომღერალ ფრთოსნებს, მაგრამ მოულოდნელად შემზარავი გრიალი შემოესმათ.

ოდისევსი და ნავსიკაა.
ვ. ა. სეროვის ნახატი (1910 წ.), მოსკოვი, ტრეტიაკოვსკის გალერეა

მეზღვაურთა წინ მძვინვარე ურჩხულები: სკილა და ქარიბდისი აღიმართნენ. ისინი ერთმანეთის პირისპირ ბინადრობდნენ და მათ შორის გავლა მეტისმეტად სახიფათო იყო. აჩქარდნენ მეხოფურები. შიშით უმზერდნენ, როგორ შთანთქავდა ქარიბდისი ზღვის სილურჯეს, რომლის ნაცვლადაც დაბჩენილი ხახიდან მიწაში აზელილი მდუღარე ყლარტი მოენთხეოდა. ირგვლივ ზათქითა და გრიალით თუხთუხებდა წყალი, რომლის შხეფებიც კლდის წვერს სწვდებოდა. ამ სანახაობით ზარდაცემულებმა ვერც კი შენიშნეს, თუ როგორ წაიგრძელა სკილამ თავისი ექვსი კისერი და უზარმაზარ ხახებში, წვერწამახული კბილები რომ სამ მწკრივად ეწყო, მოიქცია მეხოფურები.

ასე დაკარგა ოდისევსმა ექვსი თანამგზავრი, ძლივძლივობით ჩამოიტოვა აბობოქრებული სრუტე და მიაღწია საბედისწერო თრინაკიას, სადაც ჰელიოსის ხარები ბალახობდნენ. კარგად ახსოვდა ტირესიასის მისნობა: თუ ჰელიოსის ხარებს დაკლავდნენ, ვერ დააღწევდნენ თავს განსაცდელს. ამიტომ სთხოვდა თანამგზავრებს, არ შენავებულიყვნენ კუნძულზე. არ დაუჯერეს. მაშინ ფიცი დაადებინა, არაფერი ევნოთ ხართათვის. მეზღვაურებმა მთელი დღე დაჰყვეს ამ კუნძულზე, რადგანაც ზღვაზე ზევსისგან მოვლენილი ქარები ბობოქრობდნენ. გამოელიათ სანოვაგე. ერთხელ ოდისევსი განმარტოვდა, რათა ღმერთებისათვის შემწეობა ეთხოვა. ღმერთებმა მას ძილი მოჰგვარეს. ვიდრე ეძინა, მისმა თანამგზავრებმა ჰელიოსის ჯოგიდან საუკეთესო ხარები შეარჩიეს და დაკლეს. ისე განრისხდა ჰელიოსი, რომ სამუდამო წყვდიადით დაემუქრა ღმერთებსა და ადამიანებს. მზის ღვთაების რისხვა რომ დაეცხრო, ზევსმა დამეხა ხომალდი და ამოხოცა ყველა, ვინც კი ჩაიდინა ეს მკრეხელობა.

გადარჩა მხოლოდ ოდისევსი. მან ხომალდის კიდისა და ანძის ნამსხვრევები ბაგირით გადააბა, ზედ მოთავსდა და ზღვას მიენდო. ცხრა დღე და ღამე მიაქანებდნენ ზვირთები სასოწარკვეთილს, ბოლოს გარიყეს კუნძულ ოგიგიაზე, რომელიც ნიმფა კალიფსოს სამეუფო იყო. არნახული სილამაზე გადაიშალა „მრავალტანჯული“ გმირის თვალწინ: მინდორ–ველები დაეფარა მწვანე ბალახებს, რომელთა შორის საამო სურნელებას აფრქვევდნენ იები და შროშანები. მზის სხივები ელვარებდნენ ცად ასვეტილი ალვების, კიპარისების, კედრებისა თუ ჭადრების ფოთოლთა შორის. ხოლო მათ ჩრდილში წყაროები მორაკრაკებდნენ. იქვე იყო ვაზის რტოებით დაბურული გრილი მღვიმე, ნიმფას სასახლე. შვიდი ხანგრძლივი წელიწადი გაატარა იქ ოდისევსმა მშვენიერი კალიფსოს სიყვარულით განებივრებულმა, მაგრამ შინ დაბრუნების მძიმე სევდა არ ასვენებდა. ბოლოს ღმერთებმა შეიწყალეს ოდისევსი და ოლიმპოსზე შეიკრიბნენ. ათენას თხოვნით და ზევსის ნებით, პოსეიდონის მძვინვარების მიუხედავად, გადაწყვიტეს, რომ მისთვის ითაკაზე დაბრუნების ნება დაერთოთ. მეხთამტყორცნელმა ამ ამბის საუწყებლად სასწრაფოდ აფრინა ჰერმესი კალიფსოსთან. ნიმფა დაღონდა. მას ხომ უყვარდა ოდისევსი. სურდა, უკვდავი გაეხადა და სამუდამოდ გვერდით ჰყოლოდა. მაგრამ ზევსის ნებას წინ ვერავინ აღუდგებოდა.

გახარებულმა ოდისევსმა შეკრა ტივი, ზედ აფრები ააფრიალა, მადლიერებით გამოეთხოვა კალიფსოს და ზღვაში გავიდა. თვრამეტი დღე და ღამე მშვიდად იცურა. ფეაკთა კუნძულს რომ მიუახლოვდა, მას თვალი ჰკიდა ეთიოპიიდან მომავალმა პოსეიდონმა. აუბობოქრა ისევ ზვირთი, რომელმაც კინაღამ შთანთქა გმირი. დიდხანს გასტანდა ოდისევსის ტანჯვა, შემწედ ზღვის ღვთაება ლევკოთეა რომ არ მოვლენოდა. მან საოცარი მოსასხამით შემოსა გმირი და თავად გაქრა. ამასობაში პოსეიდონმა მოასწრო მისი ტივის დაშლა. ზღვაში ღვთაებრივი მოსასხამით მოტივტივე ოდისევსი რომ დაინახა, ასე გასძახა: „საკმარისია, რაც იტანჯე! ახლა მიენდე ამ ბობოქარ ზვირთებს და მანამ იცურე, ვიდრე ვინმე არ გადაგარჩენს!“

ორი დღე დააქანებდა ოდისევსს მღელვარე ტალღა, ბოლოს ძალაგამოლეული და სასოწარკვეთილი გარიყა ნაპირზე. ფეხი დაადგა თუ არა ხმელეთს, ოდისევსმა მოიხსნა ლევკოთეას მოსასხამი და უკანმოუხედავად მოისროლა ზღვაში. თავის ღვთაებას დაუბრუნდა ეს მოსასხამი. ოდისევსმა კი იქვე გამხმარ ფოთლებს მოჰკრა თვალი, ზედ მიეგდო და მიიძინა.

ქალღმერთი ათენა ძილში გამოეცხადა იქაური მეფის ასულ ნავსიკაას და ზღვის ნაპირზე გასვლა უბრძანა სარეცხის გასარეცხად. ინათა თუ არა, ნავსიკაამ უხმო მეგობრებს და სანაპიროსკენ გაემართა. თავისი საქმე რომ მოათავეს, ქალწულებმა ბურთის თამაში იწყეს. მხიარულმა შეძახილებმა გამოაფხიზლეს ოდისევსი. უცნაურად გამოიყურებოდა იგი. სხეულზე ფოთლები, ზღვის მცენარეები და ყლარტი აკრობოდა. გოგონები შეშინდნენ და დაიფანტნენ. მხოლოდ ნავსიკაამ იგრძნო, რომ მის წინ უბრალო კაცი არ იდგა. მან უბრძანა თავის მხევლებს, სუფთა სამოსით შეემოსათ უცხო სტუმარი. საქმეში ათენაც ჩაერია და დიდებულად გაასხივოსნა ისედაც ლამაზი გმირი. ხოლო როდესაც ოდისევსი ზღვის ნაპირთან ლოდზე ჩამოჯდა, ღვთაება ხომ არ არისო, გაიფიქრა მეფის ასულმა.

ოდისევსი კუნძულ სქერიაზე მოხვედრილიყო, სადაც სახლობდნენ ფეაკები. სხვა ხალხთაგან განრიდებულნი ისინი მშვიდად ცხოვრობდნენ მართლგანგებით. იყვნენ ჩინებული მეზღვაურები, თუმცა ზღვაში მხოლოდ სულის დასაამებლად გადიოდნენ, რადგან არც სავაჭროდ ჰქონდათ საქმე და არც არავის ეომებოდნენ. მათი ხომალდები ფიქრზე უსწრაფესად დაფრინავდნენ საჭის გარეშე, რადგანაც სული ჰქონდათ ჩადგმული. ისინი მეხომალდეთა ნებისმიერ სურვილს უმალ აღასრულებდნენ. არ არსებობდა იმ ხომალდებისათვის საფრთხე, არც ქარიშხალი. მათთვის ზღვა მუდამ მშვიდი იყო. ფეაკებისათვის ცხოვრება დღესასწაულივით მიედინებოდა. მათ სულს ხიბლავდა პოეზია, მუსიკა, ცეკვა, ყოველნაირი თამაშები. ფუფუნებაში ცხოვრობდნენ და მდიდრულად ეცვათ. უყვარდათ ზღვაში ნებივრობა და სიმშვიდე.

მეფის სასახლის კედლები ბრინჯაოსი იყო, კარები კი – ოქროსი. იქვე დიდებული ბაღი ხარობდა, სადაც ხეები გამუდმებით ისხამდნენ ნაყოფს, რადგან ფეაკთა ქვეყანაში არ ზამთრდებოდა. როდესაც ოდისევსმა მდიდრულ დარბაზში შეაბიჯა, მას გულღიად შემოეგებნენ ფეაკელი დიდებულები. ყველა ხარობდა, იცინოდა და ღვინოს სვამდა, ხოლო ამ ბედნიერ საკრებულოს მეთაურობდა მეფე ალკინოოსი თავის მშვენიერ მეუღლე არეტესთან ერთად. კეთილად მიიღო მეფე–დედოფალმა უცხო სტუმარი, მოეწონათ, დახმარება აღუთქვეს და ნადიმზეც მიიპატიჟეს. მის გასართობად ბრმა მომღერალ დემოდოკოსს უხმეს, რომელმაც კითარაზე დიდი გმირების, ოდისევსის და აქილევსის ამბები ჩამოამღერა. ოდისევსს თვალზე ცრემლი მოადგა. ეს რომ შენიშნა ალკინოოსმა, ყველაფერს მიხვდა. სთხოვა უცხოელს, ეთქვა ვინ იყო, ვისი მოდგმის, სად მიდიოდა. მაშინ წამოდგა ოდისევსი და ყველაფერი მოახსენა მონადიმეებს.

ოდისევსის თავგადასავალმა მოხიბლა კეთილშობილი ფეაკები. მათ უხვად დაასაჩუქრეს იგი და მეორე დღეს, მიმწუხრისას, ხომალდზე ასულს გზა დაულოცეს. რბილ სარეცელზე ჩაეძინა ხეტიალით მოქანცულ ყარიბს. საოცარი სისწრაფით მიაპობდა ზვირთებს მისი ხომალდი. გამთენიისას ფეაკებმა ითაკას მიაღწიეს და მძინარე გმირი ნაპირზე გადაიყვანეს. ირგვლივ მიუწყვეს მდიდრული ნაბოძვარი და სამშობლოსაკენ ისწრაფეს.

გამოფხიზლებულ ოდისევსს ქალღმერთი ათენა გამოეცხადა. ნისლი მთებს მიღმა გადაყარა და საყვარელ გმირს თვალწინ ითაკა გადაუშალა. ოდისევსი დაიხარა და მშობლიური მიწა დაკოცნა. შემდეგ, ათენას რჩევით, განძი დამალა, მათხოვარივით შეიმოსა და მეღორე ევმეოსს მიადგა, რომლისგანაც შეიტყო თავისი ოჯახის ამბები. აქვე შეახვედრა ათენამ ერთმანეთს ოდისევსი და ტელემაქოსი, რომლებმაც უმალ მოითათბირეს სასიძოთა დასჯის თაობაზე. დილით ოდისევსმა სასახლისაკენ ისწრაფა. ვერავინ იცნო ითაკას დიადი მეფე. მხოლოდ ბებერმა ძაღლმა, არგოსმა, შეარხია კუდი მის დანახვაზე. წამოიწია და ძაღლური ერთგულებით სცადა მასთან მიცოცება, მაგრამ ადგომა ვეღარ შეძლო, რადგან, საბრალო, სულს ღაფავდა.

სასახლეში შემოსული მათხოვარი დაცინვით მიიღეს სასიძოებმა. პენელოპემ ოდისევსის ძიძას, ევრიკლეას, მისთვის ფეხის დაბანა დაავალა. ძიძამ ოდისევსის ფეხზე ნაიარევი შენიშნა და უმალ იცნო თავისი აღზრდილი. სურდა ეყვირა, მაგრამ მეფემ ანიშნა, ხმა არ გაეღო. ათენას ჩაგონებით, პენელოპემ ოდისევსის მშვილდი შემოიტანა და ასე მიმართა სასიძოებს: „ვინც შეძლებს მარჯვედ მშვილდის მოზიდვას და გაატარებს თორმეტ ცულში ნასროლ ისარს, ცოლადაც მას გავყვებიო“. მშვილდის დაძვრაც კი ვერ მოახერხეს აბეზარმა სასიძოებმა. მაშინ კი წამოიმართა ოდისევსი, მიუხედავად სასიძოთა აღშფოთებისა, მძლავრად მოზიდა მშვილდი და თორმეტ ცულში გაატარა ისარი უწინდებურად. შემდეგ ტელემაქოსისა და ერთგული მსახურების დახმარებით ამოჟლიტა სასიძოები.

პენელოპეს ქმრის დაბრუნება ევრიკლეამ ამცნო. ათენამ ოდისევსს უწინდელი დიდებულება დაუბრუნა და ღვთაებრივი შარავანდით წარუდგინა ერთგულ მეუღლეს. არ იჯერებდა პენელოპე. ოდისევსმა მას საერთო საიდუმლო შეახსენა: წვრილად უამბო, თუ როგორ გამოთალა და შეამკო ის დიდებული სარეცელი, რომელსაც თავისი ადგილიდან ვერავინ დასძრავდა. მაშინ კი ირწმუნა პენელოპემ, რომ მის წინ ითაკას მეფე იდგა და სიყვარულით მოეხვია.

მას შემდეგ ხშირად იკრიბებოდა ხოლმე მთელი ოჯახი სამეფო ბაღში და ოდისევსი დიდებული მჭევრმეტყველებით მოუთხრობდა მათ ნანახს და განცდილს. შორეული ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ ახლობლები თუ უცხოელები, რათა ეხილათ კაცი, რომელმაც მოიხილა მიწისქვეშეთი, მოისმინა სირინოზთა ხმა და იყო იდუმალ კუნძულთა ბინადარი ნიმფების საყვარელი. ხოლო როდესაც ღვთაებათა ნებისა და წინასწართქმულის აღსრულების დრომ მოაღწია, ოდისევსმა აღკაზმა ხომალდი და შორეულ გზას დაადგა. დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა და როდესაც ისევ სამეფო ტახტზე დაბრძანდა, იგი უკვე თმაჭაღარა მოხუცი იყო. მეფე სიკვდილს ელოდებოდა, რომელიც უნდა ხლებოდა ზღვიდან. ასე უმისნა ტირესიასმა დიდი ხნის წინ ჰადესის სამფლობელოში. მისნობა ახდა (ტელეგონოსი).



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები