ოლიმპიური ქარტია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Olimpiuri qartia.PNG

ოლიმპიური ქარტია - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) საწესდებო დოკუმენტების კრებულია, რომელიც განსაზღვრავს ოლიმპიური მოძრაობის ამოცანებსა და მიზნებს, პრინციპებს, დებულებებს, ოლიმპიური თამაშების ჩატარების წესებს და ა.შ.

ოლიმპიური ქარტიის საფუძვლები 1890-­იან წლებში შეიმუშავა პიერ დე კუბერტენმა. დოკუმენტი პირველად გამოქვეყნდა 1908 წელს დასახელებით Annuaire du Comité International Olympique, ოლიმპიური ქარტიის სახელით კი მოიხსენიება 1978 წლიდან.

ქარტიაში ოლიმპიზმის ძირითადი პრინციპები ასეა განმარტებული: „ოლიმპიზმი ცხოვრების ფილოსოფიაა, რომელიც ერთ ჰარმონიულ მთლიანობაში აერთიანებს ფიზიკურ, სულიერ და გონებრივ თვისებებს. განიხილავს რა სპორტს კულტურასა და განათლებასთან ურთიერთკავშირში, ოლიმპიზმი ქმნის ცხოვრების ისეთ წესს, რომელიც ეფუძნება წარმატებისკენ სწრაფვას, მრავალმხრივი გამოცდილების შეძენის მნიშვნელობას და უნივერსალური ეთიკური პრინციპების პატივისცემას. ოლიმპიზმის მიზანია გამოიყენოს სპორტი ადამიანის ჰარმონიული განვითარებისთვის, რათა ხელი შეუწყოს ისეთი მშვიდობისმოყვარე საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება.

ოლიმპიური მოძრაობა IOC-სუზენაესი ხელმძღვანელობით წარმართული, შეთანხმებული, ორგანიზებული, უნივერსალური და პერმანენტული საქმიანობაა, რომელსაც ეწევიან ოლიმპიური ფასეულობებით შთაგონებული პიროვნებები და უწყებები. იგი 5 კონტინენტს მოიცავს და თავის პიკს აღწევს მსოფლიოს სპორტსმენთა თავმოყრისას უდიდეს სპორტულ ფესტივალზე – ოლიმპიურ თამაშებზე. მისი სიმბოლოა ხუთი გადაჯაჭვული რგოლი.

წარწერის ტექსტი

სპორტული პრაქტიკა ადამიანის უფლებაა. ყოველ პიროვნებას უნდა გააჩნდეს ყოველგვარი დისკრიმინაციისგან თავისუფალი ვარჯიშის საშუალება იმ ოლიმპიური სულისკვეთებით, რომელიც მოითხოვს ურთიერთგაგებას და ეფუძნება მეგობრობის, სოლიდარობისა და სამართლიანი თამაშის პრინციპებს. სპორტის ადმინისტრირებას და მართვას უნდა აკონტროლებდნენ დამოუკიდებელი სპორტული ორგანიზაციები.

ოლიმპიურ მოძრაობაში გაერთიანება მოითხოვს ოლიმპიურ ქარტიასთან შესაბამისობას და IOC–ის მიერ აღიარებას.“

წლების განმავლობაში ოლიმპიური ქარტიის სხვადასხვა პუნქტში შეჰქონდათ დამატებები, დაზუსტებები, აუცილებელი განმარტებები, ინსტრუქციები, მაგრამ კუბერტენის მიერ შემუშავებული ქარტიის ძირითადი დებულებები უცვლელი დარჩა. ოლიმპიური ქარტიის ბოლო რედაქცია 6 თავის (1. ოლიმპიური მოძრაობა; 2. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი; 3. საერთაშორისო ფედერაციები; 4. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები; 5. ოლიმპიური თამაშები; 6. ზომები და სანქციები, სადისციპლინო პროცედურები და დავების გადაწყვეტა), 4 მუხლისა და 61 წესისაგან შედგება.

პირველ თავში განმარტებულია ოლიმპიური მოძრაობის ძირითადი პრინციპები, ოლიმპიური თამაშების რაობა, აღწერილია ოლიმპიური სიმბოლიკა და მისი გამოყენების წესები.

მეორე თავი მთლიანად საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ეთმობა: განსაზღვრულია სოკ­ის იურიდიული სტატუსი, ორგანიზაციული მოწყობა და სტრუქტურა, სოკ­ის წევრთა უფლება­მოვალეობანი.

მესამე თავი განმარტავს საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა ფუნქციას, მათი აღიარების და ოლიმპიურ მოძრაობაში ჩართვის წესებს.

მეოთხე თავში საუბარია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის როლსა და მიზნებზე, უფლებებსა და მოვალეობებზე, სტატუსსა და სტრუქტურაზე, აღიარების პირობებზე.

ყველაზე ვრცელია ქარტიის მეხუთე თავი - „ოლიმპიური თამაშები“. აქ დეტალურად არის განმარტებული ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული ყველა საკითხი: ოლიმპიადების თარიღები; მასპინძელი ქალაქის არჩევნები; საორგანიზაციო კომიტეტის სტატუსი, შემადგენლობა, ეოკ­თან ურთიერთობა, ვალდებულებები; ოლიმპიური სოფელი; კულტურული პროგრამა; თამაშების მონაწილეთა შერჩევის წესი, მათი მოქალაქეობა, ასაკობრივი ზღვარი; სამედიცინო კოდექსი; სანქციები ოლიმპიური ქარტიის დარღვევის შემთხვევაში; თამაშების პროგრამა; ინფორმაციის მიღება; პროპაგანდა და რეკლამა; ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნისა და დახურვის ცერემონიები; გამარჯვებულთა დაჯილდოება; ოლიმპიური არბიტრაჟი.

მეექვსე თავი განმარტავს სოკ­ის წევრებისთვის, საერთაშორისო ფედერაციებისთვის და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისთვის, ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტისთვის, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეებისთვის და ოლიმპიურ მოძრაობაში ჩართული სხვა პირებისა და ორგანიზაციებისთვის სანქციების დაწესების და დავების გადაწყვეტის პროცედურებს.

საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ წესებს ახლავს აუცილებელი განმარტება.

ქარტიის ოფიციალური ენებია ფრანგული და ინგლისური.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები