ოლიმპოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოლიმპოსი(ბერძნ.) წმინდა მთა ჩრდილო თესალიაში.

მუდამ ღრუბლებით დაბურული, თვალშეუვალი და ამის გამო იდუმალებით მოცული ეს მთა ღმერთთა სავანედ მიიჩნიეს ძველმა ბერძნებმა. ის იყო ზევსის საბრძანებელი მას შემდეგ, რაც წარსულს ჩაბარდა კრონოსის ხანა. მთის მწვერვალზე ზევსის სასახლე ბრწყინავდა, ოქროთნაგები და ძვირფასი თვლებით მოოჭვილი. ოდნავ მოშორებით სხვა ღვთაებათა სასახლეები იყო აღმართული. მათ შემოქმედად დიდ ხელოვანს, მჭედლობისა და ცეცხლის ღმერთ ჰეფესტოს მიიჩნევდნენ. ოლიმპოსის კარიბჭეს ჰორები იცავდნენ, წლის დროთა მფარველი ქალღმერთები.

ბედნიერად ცხოვრობდნენ ოლიმპიელები. მათთვის უცხო იყო საზრუნავი, სნეულება თუ სიძაბუნე. თუკი ოდესმე ღმერთთა შორის უთანხმოება ან შუღლი ჩამოდგებოდა, ზევსის ჩარევით ყველაფერი მშვიდობიანად მთავრდებოდა. ღმერთები ხშირად იწვევდნენ დიდ თუ მცირე სამსჯავროებს. დიდ თავყრილობებზე უხმობდნენ მხოლოდ ოლიმპიელებს, მათ, რომელთაც უმაღლეს ღმერთებად მიიჩნევდნენ. მცირე სამსჯავროები იშვიათად იმართებოდა. ამ დროს ღმერთების მაცნე ჰერმესს მთელი დედამიწა უნდა შემოევლო, რათა მრავალრიცხოვან ღვთაებათათვის ზევსის ნება ეუწყებინა. უხილავ ნაკადად მიემართებოდნენ ზეცისაკენ წყაროთა და მდინარეთა ცისფერთვალა ქალღმერთები, ხეთა თეთრთოვლა ნიმფები, კლდეთა, ტყეთა თუ მინდორთა ულამაზესი ფერიები, ერთი სიტყვით, ის კეთილი დემონები, რომელთა საუბარსაც ადამიანები მუდამდღე ისმენდნენ ფოთოლთა შრიალში, წყაროთა რაკრაკში და რომლებიც უფრო ახლობელნი იყვნენ მათთვის, ვიდრე ოლიმპოსის ქედმაღალი მბრძანებლები.

სამსჯავროს შემდეგ ნადიმი იმართებოდა. ძველი წესის თანახმად, მონადიმენი რბილ ბალიშებზე წამოწოლილნი შეექცეოდნენ ნექტარსა და ამბროსიას – ღმერთების საკვებს. ხოლო როდესაც დანაყრდებოდნენ, სიამოვნებით უგდებდნენ ყურს ხელოვნების მფარველ ღვთაება აპოლონს. დახვეწილი გარეგნობითა და გასაოცარი სილამაზით გამორჩეულს თან ახლდა ცხრა მუზა. ისინი დიდებული სიმღერებით ართობდნენ ღმერთებს. ყვავილებით მორთული მშვენიერი ქარიტები კი მათ გარშემო ფერხულს უვლიდნენ, ხოლო როდესაც მზის ოქროს ეტლი სავალ გზას გაასრულებდა, ღმერთები თავის სასახლეებში ბრუნდებოდნენ. ყოველ დილით კი მათ აღვიძებდა განთიადის ღვთაება, ვარდისთითება ეოსი.

ასე წარმოედგინათ ბერძნებს ღმერთების ცხოვრება. არსებითად, ეს მათი ცხოვრება იყო, ოღონდ მარადისობაში განცდილი. ერთადერთი, რაც ღმერთებს ადამიანთაგან განასხვავებდა, იყო უკვდავება. დიახ, ღმერთები უკვდავნი იყვნენ, მაგრამ არა მარადიულნი. ყოველი მათგანი ოდესღაც იშვა და ვერავინ იტყოდა საკუთარ თავზე, რომ მარად არსებობდა. ღმერთები არ იყვნენ ყველგან მსუფევნი, მაგრამ მათ ელვის სისწრაფით შეეძლოთ გადაადგილება. ისინი განუზომელ ცოდნასა და ძალას ფლობდნენ, მაგრამ არა განუსაზღვრელს: მათ ცხოვრებას განაგებდა უმაღლესი ბედისწერა – მოირა.

ადამიანებზე უფრო მშვენიერ, ახოვანსა და ძალმოსილ ღმერთებს ჰქონდათ საკუთარი ვნებები, ტკივილები და განცდები, რადგან ბერძენთა აზრით, მხოლოდ ისეთი ცხოვრება იყო სრულყოფილი, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა მწუხარება და სიხარული.

ღმერთები და ღვთიური ძალები უამრავი იყო ბერძენთა მიერ წარმოდგენილ სამყაროში, მაგრამ მათგან მხოლოდ თორმეტს ენიჭებოდა უმაღლესი უფლებები (თორმეტი ღმერთი).

სიტყვა „ოლიმპოსს“ ბერძნები გადატანით მნიშვნელობასაც ანიჭებდნენ. იგი ოლიმპიელი ღმერთების კრებულს, დასს აღნიშნავდა. თანამედროვე მეტყველებაში მას ზოგჯერ ქარაგმული ელფერიც დაჰკრავს. როდესაც ამბობენ „ლიტერატურული ან მუსიკალური ოლიმპოსი“, გულისხმობენ აღიარებულ პოეტთა, მწერალთა თუ მუსიკოსთა ელიტას.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები