ბახუტაშვილი-შულგინა ოლღა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ოლღა ბახუტაშვილი-შულგინა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლღა ბახუტაშვილი-შულგინა
BaxutaSvili olga.jpg

ბახუტაშვილი-შულგინა ოლღა ალექსანდრეს ასული - (13.IV.1879, ქუთაისი - 20.IV.1950, თბილისი) - ერთ-ერთი პირველი ქართველი საოპერო მომღერალი ქალი. დრამატული სოპრანო. ქართული ვოკალური სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი. პედაგოგი. მკვლევარი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ექიმის ოჯახში, რომელიც თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. მუსიკა დედამ შეაყვარა და ფორტეპიანოზე დაკვრის შესასწავლად პროფესორ ი. მატკოვსკისთან მიიყვანა, რომელთანაც ჯერ კერძოდ სწავლობდა, შემდეგ კი - მუსიკალურ სასწავლებელში. 19 წლის ოლღა მოწაფედ აიყვანა პროფესორმა ე.კ. რადიანოვმა, ხოლო შემდეგ - მილანიდან ჩამოსულმა პედაგოგმა პ. რონციმ. მუსიკალურ სასწავლებელში სწავლის დროს გამოდის კონცერტებზე და ასრულებს ნაწყვეტებს სხვადასხვა ოპერებიდან. 7.IV.1900 მოწყობილ კონცერტში ოლღას გამოსვლას დადებითად ეხმაურება პრესა. 29.XII.1901 შედგა მისი დებიუტი თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე.

1902 წელს ქართველი ჟურნალისტი ა. ყანჩელი აღფრთოვანებულ ფელეტონს უძღვნის. იმავე წელს, ანტრეპრენიორ ალექსი წერეთლის მიწვევით, მოსკოვს მიემგზავრება და საზაფხულო თეატრ „აკვარიუმში“ სხვადასხვა როლს ასრულებს. მოსკოვში კონცერტების ჩატარების შემდეგ პეტერბურგის „უმაღლეს ვოკალურ კურსებზე შედის და ი. პ. პრიანიშნიკოვის ხელმძღვანელობით ვოკალური ტექნიკის დახვეწასა და ხმის სრულყოფაზე მუშაობს. შარლ გუნოს „ფაუსტიდან“ - მარგარიტას, რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზებიდან“ - ნედას, ანტონ რუბინშტეინის „დემონიდან“ - თამარის და ჯაკომო მეიერბერის „ჰუგენოტებიდან“ ვალენტინას პარტიებს ამუშავებს. 1903 წელს პარიზსა და მილანში მიემგზავრება. პარიზში - პროფესორ ტეკისთან, ხოლო მილანში პროფესორ ვიდალთან და პროფესორ ბროჯისთან მეცადინეობს.

1904 წელს დაბრუნდა მოსკოვში და დიდი თეატრის სცენაზე „პიკის ქალში“ მისი დებიუტი შედგა. დიდი თეატრის მიერ შეთავაზებული 3-წლიანი კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ კიევში გადადის, წარმატებით ასრულებს იოლანტას, ნედას, ჩიო-ჩიო-სანის, მარიას, თამარის და აზას როლებს. 1906-დან ოდესის ოპერის თეატრში იწვევენ, სადაც ოთხი წლის განმავლობაში რჩება სამუშაოდ. პარალელურად ატარებს კონცერტებს თბილისში, ბაქოში, ხარკოვში, ყაზანში, კისლოვოდსკში, ეკატერინბურგსა და სხვა ქალაქებში.

1917 წელს ო. ბახუტაშვილი საქართველოში ბრუნდება და თბილისის ოპერის თეატრში ათწლიან სცენურ მოღვაწეობას იწყებს. იმავე წელს ქართულ კლუბში დიმიტრი არაყიშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობს და, ავტორის თხოვნით, ოპერიდან „თქმულება შოთა რუსთაველზე“ თამარ დედოფლის კავატინას ასრულებს. 1918 წლიდან ფილარმონიის მუსიკალურ სასწავლებელში პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს. 5.II.1919 პროფესიულ სცენაზე დადგმული პირველი ქართული ოპერის, დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ საზეიმო პრემიერაში მონაწილეობს და გულჩინას პარტიას, ხოლო შემდეგ ქართულ ენაზე დადგმულ ა. რუბინშტეინის „დემონში“ თამარის როლს ასრულებს. 21.II.1919 მონაწილეობს ქართული ეროვნული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულში, ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერის“ პრემიერაში და ეთერის როლში გვევლინება. კომპოზიტორი, მისი თხოვნით, ეთერის არიაში („დედინაცვალი“) ბოლო ნაწილს ცვლის და მეორე ოქტავის სოლს უმატებს, ეთერის უკანასკნელ არიაში კი, მისივე თხოვნით, ბოლო ბგერის სის წინ შვიდ ტაქტს ამატებს, სიზე დამთავრებულ უკანასკნელ წინადაებას კი pIano-ზე ასრულებს. მარტო 1919 წლის სეზონში, „აბესალომ და ეთერის“ დადგმაში, ზედიზედ ოცდახუთჯერ, ერთიმეორეზე უკეთესად მღერის.

1921 წლდან მეორე კონსერვატორიაში ვოკალურ კლასს ხელმძღვანელობს. 1926, მისი ინიციატივითა და მონაწილეობით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საქართველოში პირველი ვოკალურ-სამეცნიერო წრე ყალიბდება, სადაც ვოკალის პედაგოგებთან ერთად ფიზიოლოგები, ლარინგოლოგები, აკუსტიკოსები და ფსიქოლოგები მოღვაწეობენ. იმავე წელს ინიშნება კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის დეკანად. პედაგოგობის პარალელურად სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ატარებს და გამოსცემს არაერთ ნაშრომს. 1937 წელს მოსკოვში ვოკალური განათლებისადმი მიძღვნილ საკავშირო კონფერენციაზე მეთოდური მოხსენებით გამოდის. დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვთა ვოკალური აღზრდის საკითხებს და მუსიკალური ათწლედის დირექტორთან - გ. თაქთაქიშვილთან ერთად, სპეციალურ განყოფილებას აყალიბებს და ხელმძღვანელობს. მისი აღზრდილია მრავალი ცნობილი ხელოვანი. მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო ნაწილებისა და ჰოსპიტლების აქტიური მხარდაჭერისათვის აჯილდოებენ ორდენებით: „კავკასიის დაცვისათვის“ და „მამაცური შრომისთვის 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში“.

ზურაბ ლეჟავა

ლიტერატურა

  • ვ. ბერიძე, „კულტურა და ხელოვნება დამოუკიდებელ საქართველოში (1918-1921 წლები)“, თბ., 1992;
  • რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, „ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015;
  • ნ. ბახუტაშვილი, „გამოჩენილი მომღერალი და პედაგოგი“, ჟურ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1960, №9;
  • მ. ყვარელაშვილი, „თაობათა აღმზრდელი“, ჟურ. „ქართველი ქალი“, 1978, №9.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ოლღა ბახუტაშვილი-შულგინა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები