ომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„ბრედას ჩაბარება“, ველასკესი

ომი – სოციალურ-პოლიტიკური მოვლენა, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოებს, ხალხებს, ერებს, კლასებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, იდეოლოგიური, აგრეთვე ეროვნული, რელიგიური, ტერიტორიული და სხვა წინააღმდეგობების სამხედრო ძალადობის საშუალებებით გადაწყვეტის უკიდურეს ფორმას.

შეიარაღებული ძალადობის სხვა ფორმებისაგან განსხვავებით (როგორიცაა სამხედრო კონფლიქტი, შეიარაღებული აჯანყება და სხვა), ომის მიზეზი, უწინარეს ყოვლისა, არის სიღრმისეული სოციალურ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. მისი შინაარსი შეესაბამება სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო-სტრატეგიულ მიზნებს, რომლებსაც აღწევენ შეიარაღებული ძალადობის საშუალებებით.

ომს შედეგად მოსდევს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს – სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სულიერი – მდგომარეობის თვისებრივი ცვლილება, ვინაიდან ხდება მათი კარდინალური გარდაქმნა სამხედრო ყაიდაზე. ამ პროცესის განსახორციელებლად იქმნება სახელმწიფოს სამხედრო ორგანიზაცია.

ომის წარმოების მთავარი იარაღია შეიარაღებული ძალები და სხვა შეიარაღებული ფორმირებები, რომლებსაც შესწევთ უნარი, აწარმოონ ფართომასშტაბიანი შეიარაღებული ბრძოლა.

ომის არსია მეომარი მხარეების საშინაო და საგარეო პოლიტიკის გაგრძელება შეიარაღებული ძალადობის საშუალებებით. პოლიტიკა შეადგენს ომის არსის ძირითად ელემენტს, ვინაიდან იგი წარმოშობს ომს როგორც საზოგადოებრივი წინააღმდეგობების გადაწყვეტის საშუალებას, განსაზღვრავს ომის მიზნებს, მის სოციალურ-პოლიტიკურ და სამხედრო-სტრატეგიულ ხასიათს; ახდენს გადამწყვეტ ზემოქმედებას საზოგადოებაზე საჭირო სამხედრო ძლიერების შექმნისა და გამოყენების მიზნით; უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას არა მარტო შეიარაღებული ძალადობის მეშვეობით, არამედ ომში ბრძოლის სხვა საშუალებებითაც (ეკონომიკური, მეცნიერულ-ტექნიკური, დიპლომატიური, იდეოლოგიური); განაპირობებს ომის შემდგომი მსოფლიოს ხასიათსა და მიმართულებას.

ომის არსის მეორე სპეციფიკური მხარეა შეიარაღებული ბრძოლა, რომელსაც აქვს პოლიტიკაზე უკუქმედების უნარი. მაგალითად, შეიარაღებული ბრძოლის მიმდინარეობამ შეიძლება საჭირო გახადოს არა მარტო ომის პოლიტიკური მიზნების, არამედ მეომარი მხარის (მეომარი მხარეების) მთელი საშინაო და საგარეო პოლიტიკის გადასინჯვაც. ისტორიისათვის ცნობილია შემთხვევები, როდესაც ომში შეიარაღებული ბრძოლის შედეგს შეუცვლია საზოგადოების მთელი პოლიტიკური სისტემა, მისი სულიერი ცხოვრება, ეკონომიკა და ა.შ., მაგრამ თანამედროვე ომის არსი არ შეიძლება დავიყვანოთ მხოლოდ შეიარაღებულ ბრძოლამდე. უახლეს ისტორიაში თანდათან იზრდება ე.წ. „არატრადიციული“ ომების როლი, რომლებშიც პრიორიტეტული არის მოწინააღმდეგის სულიერი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვაგვარი დათრგუნვისა და განადგურების ამოცანები. ასეთ პირობებში დამოუკიდებელ ხასიათს იძენს ეკონომიკური, პოლიტიკური, მორალურ-ფსიქოლოგიური, სპეცსამსახურებრივი, საინფორმაციო და სხვა სახეობების კონფრონტაცია, რომელიც წარმოებს ომის კანონების მიხედვით.

ომების კლასიფიკაცია

თანამედროვე ისტორიაში ომების კლასიფიკაცია ხდება იმ ყველაზე არსებითი ნიშნების მიხედვით, რომლებიც საფუძვლად მიიღება. მათ შორის ყველაზე ზოგადი და ხშირი ნიშნებია: სოციალურ-პოლიტიკური (რომლებიც ომებს ჰყოფენ გვარეობების, ტიპებისა და სახეობების მიხედვით მსგავსი სოციალურ-პოლიტიკური ნიშნების საფუძველზე, მაგალითად, სამართლიანი და უსამართლო ომები), სამხედრო-ტექნიკური (შეიარაღებული ბრძოლის გამოყენებული საშუალებების დახასიათება და სხვა), ისტორიული და სხვა.

ომების კლასიფიკაციისათვის ყველაზე ინტეგრაციულ საფუძვლად იქცა რაოდენობრივ-მასშტაბური საფუძველი, რომლის შესაბამისადაც გამოიყოფა მსოფლიო, რეგიონული, ლოკალური და მცირე ომები, აგრეთვე სხვადასხვა მასშტაბის სამხედრო კონფლიქტები. ამჟამად ომების ყველაზე გავრცელებული სახეობა ატარებს სუბრეგიონულ, ლოკალურ ანუ ადგილობრივ, შიდასახელმწიფოებრივ ხასიათს. შეიარაღებული დაპირისპირების ახალი, ნაკლებად შესწავლილი სახეობა ხდება სხვადასხვაგვარი სამშვიდობო ოპერაციები: მშვიდობის ხელშეწყობისა და შენარჩუნების, უფრო ხშირად – მშვიდობის იძულების.

ომების სოციალურ-პოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული ხასიათი

ეს არის ომის ორი ურთიერთდაკავშირებული მხარე, რომლებიც გამოხატავენ მის შინაარსსა და რაობასთან კავშირს. ომის სოციალურ-პოლიტიკური ხასიათი ავლენს მის მრავალფეროვან კავშირებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დარგთან და სფეროსთან (პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, სულიერ, სამართლებრივ, მორალურ და ა.შ.). მაგალითად, როდესაც კონკრეტული ომის სოციალურ-პოლიტიკურ ხასიათს ვაანალიზებთ, უნდა განვსაზღვროთ მორალურ-პოლიტიკური თვალსაზრისით მისი სამართლიანობა თუ უსამართლობა; აღიარებული საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, კანონიერი ან უკანონო ხასიათი; სოციალურ-ისტორიული განვითარების თვალსაზრისით – პროგრესული, ან რეაქციული ხასიათი და ა.შ. ომის სამხედრო-სტრატეგიული ხასიათი, თავის მხრივ, ავლენს მის მრავალფეროვან ურთიერთდამოკიდებულებას საქმიანობის საკუთრივ სამხედრო დარგთან. ომის სამხედრო-სტრატეგიული ხასიათის ანალიზი მოითხოვს, განისაზღვროს მისი სამხედრო-სტრატეგიული მიზნები, მეომარი მხარეების მიერ გამოყენებული დაზიანების საშუალებანი და სამხედრო ტექნიკა, საომარი მოქმედების სახეობები და მასშტაბები, წარმოების ხერხები, ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები და ა.შ. ომის სოციალურ-პოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული ხასიათის განსაზღვრას დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. თანამედროვე პერიოდში კვლავინდებურად მწვავედ დგას ომებისა და სამხედრო (საომარი) კონფლიქტების წარმოშობის სიხშირის შემცირების პრობლემა. ორგანიზებული და აქტიურად მოქმედი ომის მოწინააღმდეგე ძალების არსებობასთან, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შემდგომ სრულყოფასთან, გლობალურ და რეგიონულ დონეებზე სახელშეკრულებო-შეთანხმებითი პროცესებისა და პროცედურების განტოტვილ სისტემასთან ერთად ომების თავიდან აცილების ძირითად ელემენტად რჩება ეროვნული შეკავების ძალები.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები