ორიგენე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორიგენე - (ლათ. Origenes Adamantius; დაახ. 185, — 254, წწ) ბერძენი ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი.

ბიოგრაფია

ორიგენე დაიბადა 185 წლის ახლო ხანს ქ. ალექსანდრიაში ბერძნისა თუ ელინიზებული ეგვიპტელის ოჯახში. მიიღო შესანიშნავი განათლება მამის - ლეონიდეს - წყალობით. მის მასწავლებლებად ასახელებენ სახელგანთქმულ კლიმენტი ალექსანდრიელს და ფილოსოფოს ამონიოს საკას - ქრისტიანყოფილ წარმართს. დევნილების ჟამს მამამისი გაასამართლეს და ქონება ჩამოართვეს. სახლი გაპარტახდა. დედა და ექვსი უმცროსი ძმა ორიგენეს კმაყოფაზე აღმოჩნდა. იგი ასწავლიდა გრამატიკას და რიტორიკას ალექსანდრიის კატეხიზმურ სკოლაში, რომლის წინამძღვრადაც დაინიშნა იგი 17 თუ 18 წლის ასაკში. გავრცელდა ხმა - ჭაბუკმა მოძღვარმა, ლამაზმან მოწაფე გოგონებთან ცდუნების შიშით, თავი დაიკოდა, თუმცა ამ ცნობას ეკლესიის ძველი ისტორიკოსები საეჭვოდ მიიჩნევენ. სიმართლე არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ ორიგენემ ადრევე მოიხვეჭა ჩინებული მასწავლებლისა და ღვთისმეტყველის სახელი. მისი შრომები ხელიდან ხელში გადადიოდა.

216 წელს ალექსანდრიაში ქრისტიანთა დევნა განახლდა და, თაყვანისმცემელთა დაჟინებული თხოვნის თანახმად, ორიგენე პალესტინაში გადავიდა, სადაც ეპისკოპოსებმა - ალექსანდრე იერუსალიმელმა და თეოქტისტე კესარიელმა - საპატიო თავშესაფარი მისცეს და, თუმცა ჯერაც ერისკაცი იყო, აკურთხეს მრევლის წინაშე საღმრთო წერილის მქადაგებელ - კომენტატორად. მალე ხარისხშიც აიყვანეს და 228 წელს მღვდლად ხელი დაასხეს, რამაც ალექსანდრიის მღვდელმთავრის - დიმიტრიოსის - აღშფოთება გამოიწვია. მან გაიხსენა და ირწმუნა ადრე დარხეული ჭორი და ორიგენეს შემდეგი ბრალდებები წაუყენა: 1. თვითკასტრაცია, 2. უფლებამოსილების გადაჭარბება (რომ ერისკაცი ეპისკოპოსების წინაშე ქადაგებდა ბიბლიას) და 3. საეკლესიო კანონების აბუჩად აგდება (რადგან იგი ალექსანდრიის მოქალაქედ ითვლებოდა, იქაური ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე სხვა ეპარქიაში მისი ხელდასხმა არ ეგებოდა).

231 წელს საქმე განიხილა ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ და გამოიტანა ულმობელი განაჩენი - ორიგენე გამოაცხადა უღირს პედაგოგად და განაშიშვლა მღვდელობისაგან, რაც საგანგებო სიგელებით ეცნობა მეზობელ მღვდელმთავრებს. ზოგიერთმა ეკლესიამ, მათ შორის, ცხადია, კესარიისა და იერუსალიმის ეპისკოპოსებმა აღნიშნული განჩინების მადლმოსილება არ ცნეს და, მეტიც, ორიგენეს პალესტინის კესარიაში გაახსნევინეს სასულიერო სასწავლებელი, რამაც მსმენელთა დიდი რიცხვი მიიზიდა, ხოლო მოძღვართმოძღვრის ავტორიტეტმა მწვერვალს მიაღწია. მან იმოგზაურა ათონსა და არაბეთში. ბევრი გნოსტიკოსი დაუბრუნა კათოლიკე ეკლესიას.

...დაიწყო მორწმუნეთა რბევა-აწიოკება. ორიგენე შეიპყრეს, სცემეს და ცხრაკლიტულში ჩასვეს, რამაც გატეხა მისი ჯანმრთელობა და 253 თუ 254 წელს სული განუტევა.

თანამედროვეთა უწყებით, ორიგენეს პიროვნება მთლიანად განემსჭვალა რელიგიურ და ინტელექტუალურ ინტერესებს. მატერიალურ მხარეზე ნაკლებად ზრუნავდა. მარხულობდა ფიცხლად: ასკეტობდა და ქველმოქმედებდა. ეწეოდა დევნილების მსხვერპლთ და მათ ოჯახებს.

მას დარჩა უმდიდრესი წერილობითი მემკვიდრეობა, ერთი ცნობის თანახმად, - 6000 თხზულება. ძირითადი ნაწილი, საბედნიეროდ, შემორჩენილია. მათგან აღსანიშნავია შემდეგი: ეგზეგეტიკური თხრობანი, პოლემიკური და დიდაქტიკური წერილები, „ლოცვის შესახებ“, „მოწამეთა შემაგონებელი სიტყვა“, „საწყისთა შესახებ“, ეპისტოლეები ამონიოსისადმი, გრიგოლ საკვირველმოქმედისადმი და სხვა. მისი რჩეული თხზულებების კრებულს „ფილოკაკია“ (მშვენიერების მოყვარეობა) ეწოდება. საგანმანათლებლო და მეცნიერული თვალსაზრისით გამოირჩევა „ჰეგზალპები“ ანუ ექვსნაწილედი. ესაა ძველი აღთქმის ნუსხა 6 სვეტად: პირველში წარმოდგენილია ებრაული ტექსტი დედნის ანბანით, მეორეში - იგივე ტექსტი ბერძნული ტრანსკრიფციით, მესამეში - აკვილას თარგმანი, მეოთხეში - სხვიმახოსის, მეხუთეში - სეპტუაგინტა და მეექვსეში - თეოდოტიონის. ასე რომ, სახეზეა სოლიდური ტექსტოლოგიურ-ფილოლოგიური შრომა ჭეშმარიტების დადგენის ანუ ორიგინალის თავდაპირველი ტექსტის შეძლებისამებრ აღდგენის მიზნით. ავტოგრაფიული ეგზემპლარი ჯერ ტვიროსში ინახებოდა, შემდეგ კესარიაში 653 წლამდე, როდესაც დაიწვა არაბების მიერ ქალაქის აღების დროს.

ორიგენეს მოძღვრება

ორიგენეს რელიგიურ-ფილოსოფიური მოსაზრებები და პოზიცია ყველაზე თვალსაჩინოდ ჩამოყალიბებულია შრომაში „საწყისთა შესახებ“ („პერი არხონ“).

ჭეშმარიტი შემეცნების ანუ ჭეშმარიტების წყარო არის იესო ქრისტეს სიტყვა, რაც დაუნჯებულია საღმრთო წერილსა და საეკლესიო გადმოცემაში. ორიგენეს თქმით, საღმრთო და სამღვდელო წერილში ზოგიერთი პუნქტი ჩამოყალიბებულია სრულყოფილად და ნათლად, სადავოც არაფერია. ზოგიერთი კი საჭიროებს ახსნა-განმარტებას.

მისი მოძღვრება 9 პუნქტად იყოფა:

1) ღმერთი არის ერთი, შემოქმედი და ყოველივე არსებულის განმგებელი, - იესო ქრისტეს მამა. იგი ერთი და იგივეა სიკეთესა და მართლმსაჯულებაში, ახალში და ძველ აღთქმაში (გნოსტიკოსთა საპირისპიროდ);
2) იესო ქრისტე არის მამისაგან შობილი უწინარეს ყოველი ქმნილებისა. იგი ემსახურებოდა მამას ქვეყნის შექმნისას და უკანასკნელ ჟამს ღვთისაგან განუშორებელად განკაცდა, - შეიმოსა ნამდვილი ხორცის სხეული და არა მოჩვენებითი. ნამდვილად იშვა ქალწულისა და წმიდა სულისაგან. ნამდვილად ივნო. მოკვდა და აღდგა. დაბრუნდა თავის მოწაფეებთან და მათ წინაშე მიწიდან ამაღლდა;
3) წმიდა სული პატიოსნებით და ღირსებით ეზიარება მამას და ძეს. იგი ერთი და იგივეა ყველა წმინდანში ძველი თუ ახალი აღთქმისა;
4) კაცის სული, რომელიც ფლობს საკუთარ პიროვნებას და ცხოვრებას, აღდგომის დღეს შეიძენს განუხრწნელ სხეულს. თუმცა სულის წარმოქმნისა და გამრავლების წესზე საეკლესიო სწავლებაში გამოკვეთილი არაფერია;
5) ყველა გონიერ არსებას მიემადლა თავისუფალი ნება ბოროტ ძალებთან ბრძოლაში, რის გამოც გვაკისრია პასუხისმგებლობა ამქვეყნადაც და საიქიოშიც;
6) არსებობს ეშმაკი და მისი მსახურები, მაგრამ ბუნებასა და მის წესზე მათი მოქმედება მოაშთეს მოციქულებმა;
7) ამჟამინდელი ხილული ქვეყანა შემოფარგლულია: აქვს საწყისი და სასრული დროში, მაგრამ იმის შესახებ, თუ რა იყო ადრე და რა იქნება შემდეგ, ანდა - სხვა ხილული ქვეყნის თაობაზე, საეკლესიო სწავლებაში გარკვეული არაა;
8) საღმრთო წერილი, რომელიც შთაგონებულია წმიდა სულით, ზედაპირულისა და ანბანურის გარდა, შეიცავს კიდევ სხვა, იდუმალსა და სულიერ აზრებს;
9) უდავოა კეთილი ანგელოზების არსებობა და ღვაწლი: ემსახურებიან ღმერთს ჩვენი ხსნისათვის, მაგრამ მათი ბუნების, წარმოშობის და მყოფობის წესის შესახებ გარკვევით არაა თქმული საეკლესიო სწავლებაში მსგავსად მზისა, მთვარისა, ვარსკვლავებისა.
10) ჯოჯოხეთი გაუქმდება და საბოლოოდ ყველა ცხონდება. ესაა აპოკატასტასი.

აი, ამ ,„სიცარიელის“ შევსებისა და ნათელფენის მიზნით ორიგენემ გამოკვეთა თეორიები, რაც მისმა მოწაფეებმა და მოწაფეთა მოწაფეებმა განავითარეს, ახალი დეტალებით და არგუმენტებით შეავსეს, გაამძაფრეს. ასე ჩამოყალიბდა ორიგენისტობა.

წყარო

მსოფლიო რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები