ორიგენიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორიგენიზმი - ძველი ქრისტიანული, უმთავრესად სამონასტრო თეოლოგიის მიმართულება, დაფუძნებული ორიგენეს (†254) მოძღვრების ცალკეულ მოტივებზე. განიცდიდა ნეოპლატონისტური და გნოსტიკური მიმართულებების გავლენას, ამტკიცებდა კოსმოსისა და სამშვინველთა მარადიულობას (წინარეარსებობას), მატერიის უარყოფით ხასიათსა (ცოდვის შედეგი) და აპოკატასტაზისს. (პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი)

მოძღვრება

ამ მოძღვრების ბურჯია მღვდელი ორიგენე. მისი რელიგიურ-ფილოსოფიური მოსაზრებები და პოზიცია ყველაზე თვალსაჩინოდ ჩამოყალიბებულია შრომაში „საწყისთა შესახებ“ („პერი არხონ“).

ჭეშმარიტი შემეცნების ანუ ჭეშმარიტების წყარო არის იესო ქრისტეს სიტყვა, რაც დაუნჯებულია საღმრთო წერილსა და საეკლესიო გადმოცემაში. ორიგენეს თქმით, საღმრთო და სამღვდელო წერილში ზოგიერთი პუნქტი ჩამოყალიბებულია სრულყოფილად და ნათლად, სადავოც არაფერია. ზოგიერთი კი საჭიროებს ახსნა-განმარტებას.

მისი მოძღვრება 9 პუნქტად იყოფა:

  1. ღმერთი არის ერთი, შემოქმედი და ყოველივე არსებულის განმგებელი, - იესო ქრისტეს მამა. იგი ერთი და იგივეა სიკეთესა და მართლმსაჯულებაში, ახალში და ძველ აღთქმაში (გნოსტიკოსთა საპირისპიროდ);
  2. იესო ქრისტე არის მამისაგან შობილი უწინარეს ყოველი ქმნილებისა. იგი ემსახურებოდა მამას ქვეყნის შექმნისას და უკანასკნელ ჟამს ღვთისაგან განუშორებელად განკაცდა, - შეიმოსა ნამდვილი ხორცის სხეული და არა მოჩვენებითი. ნამდვილად იშვა ქალწულისა და წმიდა სულისაგან. ნამდვილად ივნო. მოკვდა და აღდგა. დაბრუნდა თავის მოწაფეებთან და მათ წინაშე მიწიდან ამაღლდა;
  3. წმიდა სული პატიოსნებით და ღირსებით ეზიარება მამას და ძეს. იგი ერთი და იგივეა ყველა წმინდანში ძველი თუ ახალი აღთქმისა;
  4. კაცის სული, რომელიც ფლობს საკუთარ პიროვნებას და ცხოვრებას, აღდგომის დღეს შეიძენს განუხრწნელ სხეულს. თუმცა სულის წარმოქმნისა და გამრავლების წესზე საეკლესიო სწავლებაში გამოკვეთილი არაფერია;
  5. ყველა გონიერ არსებას მიემადლა თავისუფალი ნება ბოროტ ძალებთან ბრძოლაში, რის გამოც გვაკისრია პასუხისმგებლობა ამქვეყნადაც და საიქიოშიც;
  6. არსებობს ეშმაკი და მისი მსახურები, მაგრამ ბუნებასა და მის წესზე მათი მოქმედება მოაშთეს მოციქულებმა;
  7. ამჟამინდელი ხილული ქვეყანა შემოფარგლულია: აქვს საწყისი და სასრული დროში, მაგრამ იმის შესახებ, თუ რა იყო ადრე და რა იქნება შემდეგ, ანდა - სხვა ხილული ქვეყნის თაობაზე, საეკლესიო სწავლებაში გარკვეული არაა;
  8. საღმრთო წერილი, რომელიც შთაგონებულია წმიდა სულით, ზედაპირულისა და ანბანურის გარდა, შეიცავს კიდევ სხვა, იდუმალსა და სულიერ აზრებს;
  9. უდავოა კეთილი ანგელოზების არსებობა და ღვაწლი: ემსახურებიან ღმერთს ჩვენი ხსნისათვის, მაგრამ მათი ბუნების, წარმოშობის და მყოფობის წესის შესახებ გარკვევით არაა თქმული საეკლესიო სწავლებაში მსგავსად მზისა, მთვარისა, ვარსკვლავებისა.
  10. ჯოჯოხეთი გაუქმდება და საბოლოოდ ყველა ცხონდება. ესაა აპოკატასტასი.

აი, ამ „სიცარიელის“ შევსებისა და ნათელფენის მიზნით ორიგენემ გამოკვეთა თეორიები, რაც მისმა მოწაფეებმა და მოწაფეთა მოწაფეებმა განავითარეს, ახალი დეტალებით და არგუმენტებით შეავსეს, გაამძაფრეს. ასე ჩამოყალიბდა ორიგენისტობა, რამაც ეკლესიის წიაღში მითქმა-მოთქმა და სქიზმა გამოიწვია; წარმოიქმნა ორი მტრული ბანაკი - ორიგენელები და ანტიორიგენელები. მათი წინააღმდეგობის ტალღა ნელნელა ზვირთდებოდა და ზოგან, მაგალითად, წმ. საბას ლავრაში, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფამდეც კი მიდიოდა.

იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა საგანგებო ზომებს მიმართა: 543 წელს კონსტანტინოპოლში მოიწვია ადგილობრივი საეკლესიო კრება, რომელმაც განიხილა „ორიგენიზმის“ პრობლემა. წამოაყენეს 10 მუხლისაგან შემდგარი ბრალდება. გამოუცხადეს ანათემა ორიგენეს და მის მიმდევრებს, ხოლო თხზულებანი განადგურების ღირსად ცნეს. ეს უკიდურესი და ულმობელი განაჩენი იყო, რასაც, ჩანს, ბევრი გრძნობდა კიდეც და ნანობდა. ამიტომ ათი წლის შემდეგ კონსტანტინოპოლის V მსოფლიო საეკლესიო კრებამ გადასინჯა აღნიშნული საქმე და ბრალდებათა რიცხვი შეამცირა, მაგრამ ორიგენელებს და მათ მამათმთავარს ერეტიკოსის იარლიყი შეუნარჩუნა.

ორიგენიზმის არსებითი ნიშნები

ორიგენიზმის არსებით ნიშანს შეადგენს:

  1. სამების წევრთა ურთიერთდაქვემდებარებულობა ანუ სუბორდინიზმი, რაც, ცხადია, არღვევს ერთარსება-სამების დოგმატს; აღიარებს მასში იერარქიას და თვლის, რომ მამა აღემატება ძეს, ძე - სულს;
  2. სულების წინასწარ არსებობის და გარდასხეულების ანუ რეინკარნაციის თეორია. მის თანახმად (როგორც აღმოსავლურ რელიგიებშია) სული არსებობს ხორცის უწინარეს და სახლდება ერთი სხეულიდან მეორეში: განიცდის მეტემფსიქოზს (აქ საგრძნობია პლატონის გავლენა);
  3. რწმენა ეშმაკის გამოსწორების, ჯოჯოხეთის მოსპობის და საყოველთაო ცხონების შესახებ.

აღნიშნულის მიუხედავად, ორიგენეს დამსახურება მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე უდავოა. შეიძლება ითქვას, მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ქრისტიანული დოგმატების მეცნიერულ-ფილოსოფიურ ენაზე გამოთქმას და გაამდიდრა საეკლესიო მწერლობა. აღზარდა ღვთისმეტყველთა დასი, რომელთა შორის ბრწყინავენ დიონისე ალექსანდრიელი და გრიგოლ საკვირველმოქმედი. მას დიდად აფასებდნენ კაბადუკიელი მამები.(პაპუაშვილი ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში)

წყარო

მსოფლიო რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები