ორნამენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკორწმინდა, ორნამენტი

ორნამენტი − (ძვ. ფრანგ. ornement სამკაული, აქსესუარი < ლათ. ornāmentum აპარატი, მოწყობილობა, ატრიბუტი, სამკაული, სათამაშო), მცირემასშტაბური ნაძერწი ან მხატვრული, გრაფიკული, რიტმულად განმეორებადი ელემენტებისაგან შემდგარი სამკაული, რომელიც წარმოადგენს გეომეტრიული ფიგურების ან სტილიზებული ცხოველების, მცენარეების გამოსახულებებს. ორნამენტი, როგორც წესი, ავლენს და აქცენტს უკეთებს ნივთის არქიტექტონიკას, რომელზეც იგია გამოსახული. ორნამენტი, ძირითადად, სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი იყო. ხოლო ეს სიმბოლოები ფესვმაგარი და ძლიერი ხალხის ყოფიდან, რწმენიდან და ყოველდღიური ცხოვრებიდან იღებდა სათავეს. ორნამენტი წარმოიშვა ჯერ კიდევ პალეოლითის ეპოქაში. ის კაცობრიობის არსებობის მთელ პერიოდში გამოიყენებოდა და გამოიყენება ნაკეთობის დეკორატიული გაფორმებისათვის, რომელიც აუცილებელია ადამიანების ყოფასა და პრაქტიკულ მოღვაწეობაში.

გელათი, ორნამენტი

შუა საუკუნეების ხელოვნებაში ორნამენტი გამოირჩეოდა ფანტასტიკური და ზღაპრული ნახატებით, დაფუძნებული მცენარეულ და ცხოველურ მოტივებზე. მარტივი სწორხაზოვანი გეომეტრიული ფიგურები შეცვალა მრუდი მოხაზულობის რთულმა ფიგურებმა და ხვეულებმა. აღორძინების ეპოქაში, როცა ჩამოყალიბდა მაღალი წრის კულტურა, ორნამენტებში მასობრივად დაიწყეს აკანთოს, მუხის, ყურძნის ლერწის, ტიტას მოტივების გამოყენება, აგრეთვე ხშირად გამოსახავდნენ შიშველი ადამიანის სხეულს ჩიტებისა და ცხოველების ფონზე. ბაროკოს სტილისათვის დამახასიათებელი იყო ფორმების მრავალფეროვნება, სიდიადე და ზეიმურობა, დეკორატიულობა, დინამიკა, მრუდი ფორმები და ასიმეტრია; როკოკოს დროს კი – სიმსუბუქე, ჰაეროვნება, მოძრაობა, აჟურული მრუდი ფომების გამოყენება და სხვ. კლასიციზმის პერიოდში მოხდა ანტიკური ესთეტიკური იდეალების გადახედვა. ორნამენტმა კვლავ მიიღო ძველი სტატიკურობა და გაწონასწორობულობა. მე-19 საუკუნეში კი კლასიციზმის ბატონობა დამთავრდა ამპირის (ფრანგ. empire იმპერია) სტილით, რომელმაც ფაქტობრივად ამოწურა ბერძნული არქაიკისა და იმპერიული რომის ხელოვნების მხატვრული იდეალები. ორნამენტიკაში შემოდის სიმკაცრე, სქემატიზმი, პომპეზურობასთან ერთად, მოტივად ძირითადად გამოიყენება სამხედრო მიღწევები და გამარჯვების აღსანიშნავი გვირგვინები.

იშხანი, ორნამენტი

თვითმყოფადი სტილის, თავისებურად ნატიფი ორნამენტებითაა (ჩუქურთმებით) შემკული ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლი, რომელთა შორისაა ნიკორწმინდა, იშხანი, გელათი, სვეტიცხოველი, ქაშვეთი, ფიტარეთი, ბოლნისის სიონი, სამთავისი, სამწევრისი, წუღრუღაშენი, ატენის სიონი, ბაგრატი, მცხეთის ჯვარი და სხვ.

ჩუქურთმას დიდი ისტორია აქვს ქართული ტანსაცმლის, ხალიჩებისა და ფარდაგების ქსოვაში (მაგ., ხევსურეთში, ფშავში, თუშეთში, სვანეთში და სხვ.). ქართული ჩუქურთმის ზოგიერთი სახეობა გასცდა საქართველოს საზღვრებს და ის გვხვდება რომაულ, ბერძნულ, არაბულ თუ ევროპულ არქიტექტურაში.

კომპოზიციის ხასიათის მიხედვით, ორნამენტი შეიძლება იყოს ლენტური, დაცენტრებული, მოარშიებული ან ჰერალდიკური; ორნამენტში გამოყენებული მოტივების მიხედვით: გეომეტრიული, შედგენილი აბსტრაქტული ფორმებისგან (წერტილი, წრფე, ტეხილი ხაზი, ბადისებრი ხაზები, წრე, რომბი, მრავალწახნაგა, ვარსკვლავი, ჯვარი, სპირალი, აგრეთვე რთული სპეციფიკური მოტივი – მეანდრი და სხვ); მცენარეული, რომელიც ფოთლების, ყვავილების, ნაყოფების და ა.შ. სტილიზაციაა ლოტოსი, პაპირი (პაპირუსი – ქართულად ჭილი), პალმეტა, აკანთო, ძოწი და სხვ.]; ზოომორფული ან ცხოველური, რომელიც რეალური ან არარსებული, ფანტასტიკური ცხოველების ფიგურების ან ფიგურის ცალკეული ნაწილების სტილიზაციას ახდენს. ორნამენტული მოტივის სახით გამოიყენება აგრეთვე ადამიანის სტილიზებული ფიგურები ან სხეულის ცალკეული ნაწილების გამოსახულებები (ანთროპომორფული ორნამენტი), არქიტექტურული ფრაგმენტები, იარაღი, მედლები, ემბლემები, გერბები; დედამიწის რეგიონებისა და სხვადასხვა ხალხთა კულტურის მიხედვით არსებობს ორნამენტის სახეები: ავსტრალიური, ანთროპომორფული, არაბული, არასახვითი, ასირიულ-ბაბილონური, ასტრალური, ბიზანტიური, გეომეტრიული, გროტესკული, დეკორატიული, ეგვიპტური, ესთეტიკური, ზოომორფული, ინდური, კალიგრაფიული, კელტური, კომბინირებული, მოდერნული, მონღოლური, მცენარეული, ნორვეგიული, პეიზაჟური, პოლინეზიური, რომაული, რუსული, საგნობრივი, სახვითი, სახიანი, სიმბოლური, სკევომორფული, სპარსული, ტექნიკური, ფანტასტიკური, ქართული, ჩინური, ცხოველური, ძველბერძნული და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები