ორფიკოსები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორფიკოსები(ბერძნ.) რელიგიური მოძღვრების, ორფიზმის, მიმდევრები. მის დამაარსებლად ითვლებოდა პოეტი ორფევსი, რომლის მითოსი, ისევე როგორც ორფიკოსთა მთელი მოძღვრება, მჭიდროდ უკავშირდებოდა დიონისეს კულტს, ამასთანავე ძველაღმოსავლურ, უპირატესად ეგვიპტურ და, შესაძლოა, ინდო-ირანულ რელიგიურ წარმოდგენებს.

ორფიზმი თავს იჩენს ძვ.წ. VIII საუკუნეში და ძვ.წ.VI საუკუნიდან ვრცელდება ატიკაში (სადაც მას მფარველობდა ცნობილი მმართველი პისისტრატოსი), ხოლო შემდეგ მთელ საბერძნეთში. ორფიზმის მოძღვრებას ყველაზე მეტი მომხრე ჰყავდა სამხრეთ იტალიის ბერძნულ კოლონიებში (პითაგორელები).

ორფიკული რელიგია ეწინააღმდეგებოდა ოლიმპიური რელიგიის ძირითად არსს. მისი მთავარი დებულება ადამიანის ორმაგ ბუნებასა (მაღალს-ღვთაებრივსა და დაბალს-ტიტანურს) და იმქვეყნიურ მისაგებელს ეხებოდა. ორფიკოსებმა შექმნეს მოძღვრება ადამიანთა და ღმერთთა წარმოშობის თაობაზე, სადაც უმთავრესი ადგილი განეკუთვნა დიონისეს. ამ მოძღვრების თანახმად, დიონისე ძაგრევსის სახელით თავდაპირველად შვა პერსეფონემ ზევსისგან. როდესაც ძაგრევსი აკუწეს და შთანთქეს ტიტანებმა, იგი ხელმეორედ შვა სემელემ. ასე რომ, ტიტანთა მოდგმის ადამიანებში წინაპართა უხეშ ბუნებასთან ერთად ღვთაებრივი დიონისეს ნაწილიც ბუდობს. ამიტომ ყოველი ადამიანი უნდა ისწრაფოდეს ტიტანური სიბილწის განწმენდისაკენ, რათა მოემზადოს იმქვეყნიური ცხოვრებისათვის.

ორფიკოსთა საზოგადოებაში შესვლა შეეძლოთ მხოლოდ განწმენდილებს. ეს საიდუმლო იყო და მისი დაწესება მიეწერებოდა ორფევსს. საიდუმლოს ზიარებული, მიაჩნდა რა თავი წმინდანად, თვლიდა, რომ განიმზადა მარადიული ნეტარება. იმქვეყნიურ სამსჯავროს შეეძლო მიენიჭებინა მიცვალებულთათვის ახალი სიცოცხლე, ხშირად ცხოველის სახითაც. ორფიკოსთა წარმოდგენით, ცხოველთა სხეულებში დავანება შეეძლოთ განწმენდილ ადამიანთა სულებს. ამიტომ განდობილებს ეკრძალებოდათ ცხოველთა მოკვლა და მათი ხორცის ჭამა. მხოლოდ მრავალგზის გარდასახულ ადამიანს შეეძლო მოეპოვებინა წმინდანის მარადიული სამყოფელი, რომელიც ორფიკოსთა ნაწილის აზრით, ვარსკვლავებზე მდებარეობდა. ის ცოდვილები, რომელნიც ვერ ეზიარნენ ორფიზმის მოძღვრებას, განწირულნი იყვნენ საწამებლად ჰადესში. მოგვიანებით ამ მოძღვრებაში უმთავრესი ადგილი დაიჭირეს განწმენდის მომაბეზრებელმა რიტუალებმა, მაგიურმა ლოცვებმა, რის გამოც მან დაკარგა ძირითადი არსი და პოპულარობა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები