ორჯონიკიძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ორჯონიკიძე სერგო-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორჯონიკიძე სერგო

ორჯონიკიძე გრიგოლ კონსტანტინეს ძე - პარტიული სახელი სერგო (12.X.1886, სოფ. ღორეშა, შორაპნის მაზრ. - 18.II.1937, მოსკოვი) - ქართველი ბოლშევიკი, საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა აზნაურის ოჯახში. მალე დაობლდა. 1901-1905 წლებში სწავლობდა და დაამთავრა საფერშლო სკოლა. ახალგაზრდობიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში და გახდა პროფესიონალი რევოლუციონერი. 1903 შევიდა რსდმპ-ში და ბოლშევიკებს მიემხრო. პირველად 1904 წელს, მეორედ კი 1905 წლის სექტემბერში დააპატიმრეს საზღვარგარეთიდან შემოტანილი იარაღის გადმოზიდვაში მონაწილეობისათვის. ისტორიოგრაფიაში არსებული ერთ-ერთი ვერსიით, თითქოს მონაწილეობდა ი. ჭავჭავაძის მკვლელობაში. რამდენიმე დაპატიმრების შემდეგ, 1909 წელს, გადაასახლეს ენისეისკის გუბერნიაში, საიდანაც გამოიქცა და სპარსეთში გაიხიზნა, სადაც აქტიურად მონაწილეობდა იქ მიმდინარე რევოლუციაში. 1910 წლის ბოლოს პარიზში ჩავიდა და რამდენიმე თვის განმავლობაში ისმენდა ვ. ლენინის ლექციებს ბოლშევიკების მიერ დაარსებულ ლონჟიუმოს სკოლაში, რომელიც არალეგალური მუშაობისთვის ამზადებდა რევოლუციონერებს. იმავე წელს, ლენინის დავალებით, დაბრუნდა რუსეთში და მონაწილეობდა ბოლშევიკების პრაღის კონფერენციის მომზადებასა და მუშაობაში. აირჩიეს რსდმპ ბოლშევიკების ცენტრალური კომიტეტისა და ბიუროს წევრად. 1912 წლის აპრილში დააპატიმრეს, ერთხანს შლისელბურგის ციხეში იჯდა, ხოლო შემდეგ გადაასახლეს იაკუტსკში, სადაც მუშაობდა ექიმად.

1917 წელს აქტიურად მონაწილეობდა ბოლშევიკების მიერ მომზადებულ სახელმწიფო გადატრიალებაში, რომლის შედეგადაც დაემხო დროებითი მთავრობა. დენიკინის განადგურების შემდეგ, როდესაც საბჭოთა რუსეთის საზღვრები ამიერკავკასიას დაუმეზობლდა, ს. ორჯონიკიძე დაინიშნა რუსეთის კომუნისტური (ბოლშევიკებისა) პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს თავმჯდომარედ. მისი მთავარი დანიშნულება იყო, მოემზადებინა ნიადაგი და ეხელმძღვანელა კავკასიის სამივე რესპუბლიკაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის, ანუ მათი დაპყრობისათვის. 1920 წლის 17 მარტს ვ. ლენინი მას წერდა, რომ უაღრესად საჭირო იყო „ბაქოს აღება“ და „ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლების მომზადება“ და იქვე განუმარტავდა: „იგივე ეხება საქართველოს“. ს. ორჯონიკიძის ფაქტობრივ განკარგულებაში იყო XI რუსული არმია.

1920 წლის აპრილსა და ნოემბერში ს. ორჯონიკიძის უშუალო მითითებებით რუსეთის არმიამ ჯერ აზერბაიჯანი და შემდეგ სომხეთი დაიპყრო. 1920 წლის მაისში სცადა, საქართველოსკენ დაეძრა რუსული არმია და თბილისი აეღო, მაგრამ იმჯერად ცენტრალური ხელისუფლების (ლენინისა და სტალინის) თანხმობა ვერ მიიღო, პირიქით, მას უბრძანეს, რომ სასწრაფოდ გაეყვანა ჯარი საქართველოს საზღვრებიდან. სომხეთის გასაბჭოების შემდეგ, რამდენჯერმე მიმართა კავკასიის ბიუროს სახელით რკპ(ბ) ცკ-ს, რომ უკვე შექმნილი იყო ხელსაყრელი ვითარება, რუსული არმია საქართველოში შემოჭრილიყო და საბჭოთა ხელისუფლება დაემყარებინა (1920 წლის 15 დეკემბრის დეპეშა ლენინისადმი; 1921 წლის 2 იანვრის მოხსენება რკპ ცკ-სადმი). 1921 წლის 15 თებერვალს რკპ(ბ) ცკ-მა „ნება დართო“ ს. ორჯონიკიძეს და XI არმიის სარდლობას, შეჭრილიყო საქართველოში და საბჭოთა ხელისუფლება დაემყარებინა, რაც შესრულდა კიდეც. 25 თებერვალს ლენინისა და სტალინის სახელზე გაგზავნა ცნობილი დეპეშა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას“.

1921 წლის შემდეგ კვლავ ასრულებდა მოსკოვის მთავარი აღმსრულებლის როლს კავკასიაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეუერთეს სამი რესპუბლიკა ერთმანეთს, ჩამოაყალიბეს ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა და ამ სახით შეიყვანეს საბჭოთა კავშირში; გატეხეს ნაციონალ-უკლონისტების წინააღმდეგობა; სისხლში ჩაახშვეს 1924 წლის აგვისტოს ეროვნული აჯანყება.

1922-1926 წლებში იყო საკავშირო კომპარტიის ამიერკავკასიის და ჩრდილო კავკასიის სამხარეო კომიტეტების თავმჯდომარე. 1926 წლიდან იმყოფებოდა კომპარტიისა და საბჭოთა კავშირის წამყვან თანამდებობებზე; 1932 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარი (მინისტრი). დიდი როლი მიუძღვოდა სახელმწიფოს ინდუსტრიალიზაციის პროცესში, რისთვისაც „რკინის სერგო“ შეარქვეს. მაგრამ რამდენადაც პოპულარული იყო საბჭოთა იმპერიაში, იმდენად არაპოპულარული გახლდათ საკუთარ სამშობლოში, რომელსაც მტრად უფრო მოევლინა, ვიდრე მოყვარედ. იგი გულუბრყვილო იდეალისტის მონდომებით აშენებდა წითელ საბჭოთა იმპერიას და სრულიად არ უწევდა ანგარიშს ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. როგორც ტიპური პოლიტიკური რომანტიკოსი, ამ სიტყვის ყველაზე უარესი მნიშვნელობით, იგი დარწმუნებული იყო, რომ მომავალი საბჭოთა სახელმწიფო იქნებოდა თანასწორი ერების საერთო სივრცე. სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით, რაც, შესაძლოა, მისი ცრუიდეალების სრული გაკოტრების შედეგიც იყო. ჰყავდა რუსი მეუღლე, ზ. გ. პავლუცკაია. ს. ორჯონიკიძე დაკრძალულია კრემლის კედელში.

დიმიტრი შველიძე

ლიტერატურა

ს. ჩხარტიშვილი, გრიგოლ (სერგო) კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე (ბიოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1956. Г. К. Орджоникидзе, Статьи и речи, Т 1-2,Мо.,1956-1957.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

სერგო ორჯონიკიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები