ოსგუდი ჩარლზ ეჯერტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩარლზ ოსგუდი

ოსგუდი ჩარლზ ეჯერტონი - Osgood Charles Egerton, Осгуд Чарльз Эгертон, 1916-1991

ამერიკელი ფსიქოლოგი, ფსიქოლინგვისტიკის, ექპერიმენტული, პიროვნების და სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალისტი. სემანტიკური დიფერენციალის მეთოდიკის შემქმნელი. სადოქტორო ხარისხი მიიღო იელის უნივერსიტეტში. იყო ილინოისის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი. იყო ამერიკის ნაციონალური აკადემიის და ნიუ-იორკის აკადემიის წევრი. 1963 წელს აირჩიეს АРА-ს პრეზიდენტად, მიიღო ამ ორგანიზაციის ჯილდო „თვალსაჩინო წვლილისთვის მეცნიერებაში” , რომელიც ყველაზე პრესტიჟულია ფსიქოლოგთათვის.

ოსგუდი თავს ბიჰევიორისტად მიიჩნევდა, თუმცა ისიც მიაჩნდა, რომ მარტივ S-R პრინციპზე აგებული რადიკალური ბიჰევიორიზმის თვალსაზრისი ადამიანის ქცევათა უმეტესობას ვერ ხსნის. განსაკუთრებით ეს ითქმის ისეთი რთული ქცევის მიმართ, როგორიცაა აზროვნება და მეტყველება. მათი ადეკვატური დახასიათება არადაკვირვებადი ფაქტორების დაშვებას მოითხოვს. თავისი კვლევა ფსიქოლინგვისტიკის დარგში ოსგუდმა ნეობიჰევიორიზმის პარადიგმაზე დააფუძნა. მეტყველება მოიაზრა, როგორც სხვადასხვა სტიმულებზე გაშუალებულ რეაქციათა სისტემა. ადამიანს აქვს თანდაყოლილი სამეტყველო უნარიანობა. ის მოცემულია სპეციალური ფილტრების სისტემის სახით და აშუალებს როგორც მეტყველების გაგებას, ისე სამეტყველო რეაქციას. ოსგუდმა ჩამოაყალიბა საზრისის (მნიშვნელობის) თეორია, რომლის თანახმად, სიტყვებს იმიტომ შეუძლიათ საგნების რეპრეზენტაცია, რომ ამ საგნების მიმართ განხორციელებული აქტუალური ქცევების შეკუმშულ გამეორებას წარმოადგენენ. იმის ობიექტური გაზომვის მიზნით, თუ რა საზრისის/მნიშვნელობის მტარებელია სუბიექტისთვის ესა თუ ის სიტყვა (ცნება, ცნობიერების შინაარსი), შეიქმნა ე.წ. სემანტიკური დიფერენციალის მეთოდი. ცდისპირი აფასებს გამოსაკვლევ სიტყვას/ცნებას რამდენიმე ბიპოლარული ზედსართავით (მაგ., კარგი-ცუდი, ძლიერი-სუსტი, ძვირი-იაფი და სხვა). ამით ამ სიტყვის კონოტაციური, სუბიექტური, ემოციური მნიშვნელობა ირკვევა. ეს მეთოდი ვარგისი აღმოჩნდა აგრეთვე პიროვნების დახასიათებისთვის, კერძოდ სოციალური ობიექტების მიმართ მის დამოკიდებულება-ატიტუდების გასარკვევად. აღმოჩნდა, რომ სემანტიკურ დიფერენციალს გარკვეული მყარი სტრუქტურა აქვს. სპეციალურ მასშტაბურ კროსკულტურულ კვლევაში, რომელიც მოიცავდა 30 ენობრივ და კულტურულ ჯგუფს და 620 ცნებას, ოსგუდმა ამ სტრუქტურის უნივერსალურობა დაადგინა.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები