ოსლოს ზამთრის VI ოლიმპიური თამაშები (1952)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლიმპიურ ფიალაში ცეცხლი ფრიტიოფ ნანსენის შვილიშვილი ეიგილ ნანსენმა დაანთო

ოსლოს ზამთრის VI ოლიმპიური თამაშები – ზამთრის VI ოლიმპიური თამაშები ჩატარდა ნორვეგიაში, ქალაქ ოსლოში 1952 წელს (14-25 თებერვალი).

წარწერის ტექსტი

1952 წლის ზამთრის VI ოლიმპიური თამაშების მასპინძლად ოსლოს დასახელებით ნორვეგიის დედაქალაქი გახდა სკანდინავიის პირველი წარმომადგენელი, რომელსაც ეს პატივი ერგო. ამასთან, თამაშები პირველად ჩატარდა ზღვისპირა ქალაქში. გარდა ამისა, ოსლო ზამთრის ოლიმპიადების ჯერჯერობით ერთადერთი მასპინძელია, რომელიც იმავდროულად ქვეყნის დედაქალაქი გახლავთ (2022 წელს იგივე სტატუსი ექნება პეკინსაც).

ციგურებით რბოლაში სამი მედალი სატვირთო ავტომანქანის ყოფილმა მძღოლმა იალმარ ანდერსენმა მოიპოვა

აღსანიშნავია, რომ ოსლოს 1936 წლის ზამთრის თამაშების მასპინძლობაც სურდა, მაგრამ დამარცხდა გერმანიასთან, რომელიც ბერლინის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა. საქმე ის იყო, რომ იმხანად ქვეყანას, რომელსაც ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება ჰქონდა მოპოვებული, ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებაც შეეძლო. 1936 წლის თამაშების შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ამგვარი არაოფიციალური წესი გააუქმა და ზაფხულის და ზამთრის ოლიმპიადების სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარება გადაწყვიტა. თუმცა, ახალი წესის ამოქმედება მეორე მსოფლიო ომმა დააყოვნა. შედეგად, ომის შემდგომი 1948 წლის ზაფხულის თამაშები ლონდონში ჩატარდა, ზამთრისა – სენტ მორიცში. ზამთრის VI ოლიმპიური თამაშებისთვის ოსლოში აიგო ახალი ნაგებობები, არსებული კი ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად განახლდა. ამასთან, ყველა ასპარეზობა უშუალოდ ოსლოში ჩატარდა, გარდა მოთხილამურეთა შეჯიბრებებისა, რომელსაც დედაქალაქიდან 113 კილომეტრის დაშორებით, ნორფელეში უმასპინძლეს.

გერმანელები ყველაზე უკეთ ბობსლეიში გამოვიდნენ ანდრეას ოსტერლი (ბობში პირველი)

ზამთრის ოლიმპიადებზე ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტებს საფუძველი ოსლოში ჩაეყარა, მაგრამ ცეცხლი დაინთო არა ოლიმპიაში, როგორც ეს ზაფხულის თამაშებისას ხდება, არამედ ტელემარკის საგრაფოს დასახლება მორგედალში – თანამედროვე თხილამურობის ფუძემდებლის, სონდრე ნორჰეიმის სახლში. აგიზგიზებული ცეცხლი ოსლოში სწორედ იქიდან ჩაიტანეს მოთხილამურეებმა.

ნორვეგიელებმა საკუთარ ისტორიას ოლიმპიურ ფიალაში ცეცხლის დანთების შერჩევითაც გაუსვეს ხაზი. ეს პატივი ერგო პოლარეთის ცნობილი მკვლევარის, ფრიტიოფ ნანსენის შვილიშვილს, ეიგილ ნანსენს. იგი იმავდროულად პირველი არასპორტსმენი იყო, რომელმაც ოლიმპიური ცეცხლი დაანთო. ზამთრის თამაშებზე პირველად წარსდგნენ ახალი ზელანდია და პორტუგალია. ოლიმპიადებს დაუბრუნდა მეორე მსოფლიო ომის გამჩაღებელი გერმანია და მისი მოკავშირე იაპონია. ფედერაციულ და დემოკრატიულ რესპუბლიკებად დანაწევრებული ქვეყნიდან გერმანია მხოლოდ დასავლეთ ნაწილით იყო წარმოდგენილი, აღმოსავლეთგერმანელებმა კი გაერთიანებული გუნდით გამოსვლაზე უარი განაცხადეს.

ზამთრის VI ოლიმპიური თამაშები მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ტექნოლოგიური სიახლითაც. ამ მხრივ, გამორჩეული იყო ფიგურულ ციგურაობაში ჩატარებული ასპარეზობები, სადაც მოკლე და თავისუფალი პროგრამების შესაფასებლად და ქულების უმალ დასაჯამებლად გამომთვლელი მანქანები პირველად გამოიყენეს. ბარის თხილამურებით ასპარეზობის უფლება მიეცათ ქალებს, რომლებმაც 10 კილომეტრზე რბოლაში მოსინჯეს ძალები. აღსანიშნავია, რომ სამივე საპრიზო ადგილი ფინელებმა დაიკავეს, ხოლო ვაჟებში გათამაშებული მედლების 3 კომპლექტიდან 2 ოქროს, ამდენივე ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მათ თანამემამულეებს დარჩათ.

ნორვეგიელებმა განსაკუთრებულ შედეგებს ციგურებით რბოლაში მიაღწიეს – 4 კომპლექტიდან 3 ოქროს და ამდენივე ბრინჯაოს ჯილდო მოიპოვეს. ამასთან, უმაღლესი ხარისხის სამი მედალი სატვირთო ავტომანქანის ყოფილმა მძღოლმა იალმარ ანდერსენმა მოიპოვა, რომელიც ოსლოს თამაშების ყველაზე ტიტულიანი სპორტსმენიც გახდა. ქალებში 2 ოქროს მედლით ყველაზე შედეგიანი იყო ამერიკელი სამთომოთხილამურე ანდრეა მიდ-ლოურენსი. ოლიმპიადებს დაბრუნებული გერმანელები ყველაზე უკეთ ბობსლეიში გამოვიდნენ – ორ და ოთხკაციანი ბობით ჩემპიონობა მოიპოვეს. ორივე ეკიპაჟის წევრი იყო ანდრეას ოსტერლი.

ზამთრის VI ოლიმპიური თამაშები ისტორიული გამოდგა დახურვის ცერემონიითაც. კერძოდ, საორგანიზაციო კომიტეტმა ოსლოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ოლიმპიური დროშის დამზადების თხოვნით მიმართა, რომელიც შემდგომ ზამთრის ოლიმპიადების მასპინძლებს გადაეცემოდათ (ზაფხულის თამაშებზე ამგვარ ტრადიციას 1920 წელს ანტვერპენში ჩაეყარა საფუძველი). ქალაქის საბჭომ წინადადება მოიწონა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი ნორვეგიელთა ეს ძღვენი პატივით მიიღო.

დღეს „ოსლოს დროშის“ სახელით ცნობილი ოლიმპიური სიმბოლო მასპინძელ ქალაქში იფინება, დახურვის ცერემონიებზე კი მისი ასლი გამოიყენება.







წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები