ოსპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსპი

ოსპი – Lens esculenta Lens culinaris, არის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი პარკოსანი კულტურა, რომლის მოყვანა დადასტურებულია ისტორიამდელ დროში.

ცილის შემცველობით ის სჯობნის ლობიოს, ბარდას, მუხუდოს და სხვა სამარცვლე პარკოსან კულტურებს. ის წარმოადგენს ადამიანისთვის მნიშვნელოვან საკვებ პროდუქტს. მისგან მზადდება მრავალნაირი კერძი, იყენებენ ძეხვის წარმოებაში, ამზადებენ მრავალგვარ კონსერვებს, გამოიყენება ყავის სუროგატად და სხვ. გარდა სასურსათო დანიშნულებისა მას აქვს დიდი აგროტექნიკური მნიშვნელობაც, როგორც ყველა პარკოსანი კულტურა. ოსპი ანვითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას, რომელზედაც დიდი რაოდენობით სახლდება კოჟრის ბაქტერიები, რომელთა მეშვეობით ხდება აზოტის ფიქსაცია, ამით ის ამდიდრებს ნიადაგს. ოსპის ამ თვისებების გამო ის საუკეთესო წინამორბედია ყველა კულტურისათვის გარდა პარკოსნებისა.

ოსპის მაღალი გვალვაგამძლეობა, ყინვაგამძლეობა და მდგრადობა მემარცვლიას მიმართ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი კულტურისათვის. მაღალი ტენიანობის პირობებში ხდება მცენარის სწრაფი ზრდა დიდი ვეგეტატიური მასის განვითარება, რის გამოც მცირდება მარცვლის მოსავლიანობა.

სარჩევი

ნიადაგის მომზადება და თესვა

საქართველოში ამჟამად დარეგისტრირებული (გასავრცელებლად დაშვებული) ჯიშები არის ყინვაგამძლენი, ამიტომ ის ითესება შემოდგომაზე. მის დასათესად ნიადაგის მომზადება იწყება წინამორბედი კულტურისგან ნაკვეთის განთავისუფლებისთანავე. სარეველები დიდ ზიანს აყენებს ოსპის კულტურას, ამიტომ საჭიროა მოხვნის წინ შეტანილ იქნას ტოტალური მოქმედების ჰერბიციდი, 2-3 კვირის შემდეგ უნდა მოიხნას 25-27 სმ. სიღრმეზე. შემდეგ უნდა დაკულტივატორდეს და მოსწორდეს. ან მოხვნის წინ სასურველია აჩეჩვა სარეველების გამოტყუების მიზნით. ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ოსპისათვის დასათეს ნაკვეთში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ორგანული სასუქის შეტანა, რადგანაც ის იწვევს მცენარის ლაღ ზრდას, მცენარე წვება, ვეგეტაცია ხანგრძლივდება, რაც იწვევს მოსავლიანობის შემცირებას. უნდა ჩატარდეს ნიადაგის ანალიზი და საჭიროების მიხედვით თესვის წინ ან უშუალოდ თესვის დროს უნდა შევიტანოთ N30P60K45 სასუქი.

ოსპის ნათესები

ფერმერმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ სათესლე მასალა შეძენილ უნდა იქნას სანდო პირისაგან და მას თან უნდა ჰქონდეს თესლის ხარისხის დამადასტურებელი საბუთი. (სერთიფიკატები, ეტიკეტი და სხვ.) დათესვის წინ აუცილებელია თესლის დამუშავდეს პესტიციდით. თესვის წინ ნიტრაგინის ან რომელიმე კოჟრის ბაქტერიების შტამების შეტანა აუმჯობესებს მოსავლიანობას.

საქართველოში ამჟამად დარეგისტრირებული ჯიშები „პაბლო“, „წილკანი“ და „ზედაზენი“ არის ყინვაგამძლე მცენარეები და მათი თსევის საუკეთესო ვადებია ნოემბრის მეორე ნახევრიდან მარტის პირველ დეკადამდე, დაგვიანებული თესვა იწვევს მოსავლიანობის შემცირებას. ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკვლევებით ოსპის თესვის საუკეთესო წესია მწკრივთაშორის 25 სმ. ჰექტარზე მცენარეთა რაოდენობა (2 მილიონი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ რაოდენობის აღმოცენების უნარის მქონე თესლით.

თესვის ნორმა განისაზღვრება თესლის ზომის მიხედვით (ჯიშების მიხედვით) 60-120 კგ/ჰა-ზე თესლის ჩათესვის სიღრმე 4-6 სმ.

ფერმერმა უნბდა გაითვალისწინოს, რომ სარეველა მცენარეები განსაკუთრებით საშიშია ოსპისთვის განვითარების საწყის ფაზაში. ამიტომ, აუცილებელია სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა ჰერბიციდით (თუ ამის საშუალებას მოგვცემს ამინდის დღე-ღამური ტემპერატურა). უკიდურეს შემთხვევაში საჭიროა გათოხნა. ხოლო შემდგომ პერიოდში შესაძლებელია გაიმარგლოს სარეველებისაგან (მორწყვას არ საჭიროებს).

ბრძოლა მავნებლებთან და დაავადებებთან

ლიტერატურული მონაცემებით, ოსპის მარცვალს აზიანებს მემარცვლია, რაც ჩვენ ხანგრძლივი გამოკვლევების პირობებში არ შეგვინიშნავს, და ჩვენი აზრით ოსპის ადრეულობით (მისი მოსავალი იღება ივნისის ბოლოს). დაავადებათაგან ოსპს უჩნდება ჟანგა, რაც სწორი აგროტექნიკით და შესაბამისი ამინდის პირობებით შესაძლებელია ავიცილოთ თავიდან. ასევე ფუზარიოზი, რომელიც იწვევს ნათესის მთლიან განადგურებას, მაგრამ ამცირებს მოსავლიანობას და მოსავლის ხარისხს.

მოსავლის აღება

ოსპის მოსავლის აღება უნდა დავ წყოთ როდესაც მცენარის ქვედა და შუა იარუსის პარკები გაყვითლდება და გახმება.

შესაბამისად, მცენარეს ფოთლები უხმება და ცვივა, მიუხედავად იმისა, რომ წვეროზე შესაძლებელია იყოს ფოთლები და პარკები, რომლებიც მეტწილად ცარიელია. ოსპის მოსავლის აღება შესაძლებელიაკომბაინით, რადგანაც მცენარე დაბალია, ამიტომ საჭიროა კობაინის დაბალ ჭრაზე დაყენება (ამიტომ საჭიროა ნაკვეთი იყოს მოსწორებული რომ აღების დროს მიწა არ შეყვეს). შესაძლებელია აგრეთვე მოსავლის აღება 2 ფაზად: ჯერ გაითიბოს და შემდეგ გამომშრალი მასალა გაილეწოს.

მოსავლის აღების დაგვიანება იწვევს მარცვლის, როგორც ხარისხობრივ გაუარესებას, ასევე რაოდენობრივ შემცირებას. აღებული მარცვალი აუცილებელია გაიშალოს დახურულ კალოზე, მალევე მოხდეს მისი გაწმენდა და დამხარისხებელ მანქანაზე გატარება. 14% ტენიანობის შემთხვევაში თესლი უნდა ჩაიყაროს ტომრებში და დასაწყობდეს მღრღნელებისაგან დაცულ ადგილას.

ოსპი – ქართულ წყაროებში

ოსპის ნათესები

ოსპი - (Lens culinaris Medik). ქართულ ხელნაწერ სამედიცინო წყაროებში ოსპი სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიება: „ოსპი”; „უსპი“; „ადსი“; „ნარსაქი“, „მურდუშაქი“. სვანეთში, ეს კულტურა „ქირც“, ანუ „ქირს“-ის სახელწოდებითაა ცნობილი (ერისთავი, 1884; მაყაშვილი, 1949; წუწუნავა, 1960).

პირველი წერილობითი ცნობა ოსპის შესახებ „დაბადების“ (V ს.) ქართულ თარგმანშია (ბიბლიის ენციკლოპედია, 1998). „და იაკობმა მისცა ესავს პური და ოსპის შეჭამადი, და ჭამა და სვა, და ადგა და წავიდა. ასე აიგდო ესავმა თავისი პირმშოობა“.(დაბადება 25, 34)

არქეოლოგიური მონაცემებით დასტურდება საქართველოში ამ კულტურის უძველესი კერების არსებობა. ოსპის კარბონიზირებული ნაშთები აღმოჩენილია ნოქალაქევის არქეოლოგიურ ძეგლზე (ძვ.წ. VI-IV სს.) და ვანის ნაქალაქარის ტერიტორიაზე (ძვ.წ. IV-III სს.); ხრამის დიდ გორაზე (ძვ.წ. VI-IV ათასწლეული); სამოსახლო ბორცვზე „გადაჭრილ გორაზე“ (ძვ.წ VI-IV ათასწლეული) (ჯალაბაძე, ესაკია და სხვ., 2010; Bოკერია ეტ ალ., 2009; ბოკერია, 2010; ლომიტაშვილი და სხვ., 2011; მაისაია, 2013).

მ. სვანიძის გამოკვლევებით, XVI ს.-ში ოსპი ფართოდ იყო გავრცელებული მესხეთში და ყველაზე დიდი რაოდენობით მოჰყავდთ სოფ. უდეში (სვანიძე, 1984).

XVIII ს.-ში საქართველოში ოსპის არსებობა აღნიშნული აქვს იმ პერიოდის მოღვაწეებს: ვახუშტი ბატონიშვილს, აგრეთვე, ი. გიულდენშტედტს თავის მოგზაურობის ჩანაწერებში (ბატონიშვილი, 1904; გიულდენშტედტი, 1962).

სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის მიერ შედგენილ „უსტარში“ აღნიშნულია, რომ ოსპი ითესებოდა გურიაში – ლანჩხუთში, აგრეთვე სამეგრელოში – ქვემო ოდიშში (მეუნარგია, 1939).

სტატისტიკური მონაცემებით, 1917 წელს ოსპის ნათესი ფართობი საქართველოში იყო 73 ჰა, ხოლო 1923 წელს – 74 ჰა. კულტურის ნათესი თავმოყრილი იყო დუშეთის, გორის, ახალციხისა და თიანეთის მაზრებში. დასავლეთ საქართველოში ოსპის გავრცელების არეალი სვანეთითა და რაჭით შემოიფარგლება. დასავლეთ საქართველოში (რაჭაში) ძირითადად მოჰყავდათ ოსპის წვრილმარცვლიანი ჯიში; ხოლო აღმოსავლეთში, კერძოდ თიანეთის თემში, ოსპის მსხვილმარცვლიანი ჯიში (Декапрелевич, 1926; Декапрелевич, Менабде 1929; მიქავა, 2004).

გასული საუკუნის 80-იანი წლების მონაცემებით, ოსპის ნათესები აღწერილია: რაჭაში, ზემო სვანეთში (ლატალი, მესტია), თუშეთში (ომალო) (მაისაია 2013).

„ოსპს წვრილი და მრგვალი მარცვალი აქვს. თუშეთში თესავენ აპრილში. შემოდის მარიამობისთვის 1-ლში. ხარშავენ და აზავებენ ლობიოსავით. მოსავალს ჰგლეჯავენ ხელით, შეკრავენ კონებად, მიიტანენ და დასდგამენ „ჩადლებად“. მას „რიკნით“ (ჯოხით) ჯეკავენ კალოში და მერმე „რიჭით“ ანიავებენ, (ბოჭორიძე, 1993).

მთხრობელთა გადმოცემით, „...ძველად საქართველოში ოსპი მარხვის პერიოდში ძირითადი საკვები იყო. მისგან მზადდებოდა სუფი, ფაფა, ოსპის შეჭამანდი“. სვანეთში ოსპის შეჭამანდს დღესაც აკეთებენ: „...ოსპის მარცვალს გარეცხავენ, მოხარშავენ. არ უნდა ჩაიშალოს. ჩაამატებენ ცოტა კარტოფილს, წვრილად დაჭრილ ქინძს, ოხრახუშს და კამას; სვანურ მარილს გემოვნებით“ (მესტიის რ-ნი, სოფ. ბეჩო, მთხრ. ფ.კვიციანი, 2013 წ.).

განსაკუთრებით აღსანიშნავია ოსპის სამკურნალო თვისებები. ოსპის თესლს იყენებდნენ როგორც კუჭში შემკვრელ, ხოლო მოხარშული ოსპის წვენს – გამხსნელ საშუალებას (წუწუნავა, 1960). ოსპის სამკურნალო და საკვები დანიშნულება განპირობებულია მის მარცვალში ცილების (23,8-35%-მდე), ცხიმების (2,1%-მდე), უაზოტო ექსტრაქტული ნივთიერების (60%-მდე), ცელულოზის (4,9%-მდე), შაქრისა და პექტინების მაღალი შემცველობით. ოსპის მარცვალი შეიცავს აგრეთვე B1 და B2 ვიტამინებს, მწვანე მარცვალი – C ვიტამინს (მიქავა, 2004; ვაჩეიშვილი, 2005).

ოსპი ერთწლოვანი მცენარეა, ითესება ადრე გაზაფხულზე. კარგად ხარობს მაღალმთიან მხარეებში. კარგი წინამორბედია ყველა საგაზაფხულო კულტურისათვის. მის თესვა-მოყვანას სვანეთში ამჟამადაც მისდევენ (მაისაია, 2013)



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები