ოს-ბაღათირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოს-ბაღათირი ა. კოჩიევი.

ოს-ბაღათირ-ი (ოს. Ос-бæгъатыр) – ოსური ეთნოგენეტიკური და გენეალოგიური გადმოცემების მიხედვით, ოსი ხალხის ეთნარქი, პირველწინაპარი, რომელსაც ჰყავდა ხუთი ვაჟი: სიდამონი, ცარაზონი, კუსაგონი, აღუზი და ცახილი (პირველ სამ სახელს აქვს გვარის მაწარმოებელი ძველი ოსური ფორმანტი „ონ“, რომელიც შენარჩუნებულია ქალებთან მიმართებაში; ასე რომ, აღნიშნული სახელების სწორი ფორმაა სიდამი, ცარაზი, კუსაგი). მათგან წარმოიშვა ცნობილი ოსური გვარები – სიდამონოვი, ცარაზონოვი, კუსაგონოვი, აღუზოვი და ცახილოვი. ვ. პფაფის ცნობით, ოს-ბაღათირს შვიდი ვაჟი ჰყოლია; მეექვსეს ტეტლო რქმევია, მეშვიდეს სახელი კი მას ვერ გაუგია. ასეა თუ ისე ყველაზე გავრცელებული თქმულებით, ოს-ბაღათირს ხუთი ვაჟი ჰყავდა. ე. ფჩელინას მიერ ჩაწერილი გადმოცემის მიხედვით, ოს-ბაღათირს თავის ძირითად ცოლთან, ქართველთა მეფის ასულთან, ოთხი ვაჟი ჰყოლია: ცარაზი, კუსაგი, სიდამი და აღუზი, ხოლო ნომილუსისგან (ხარჭასგან) ერთი ვაჟი – ტიდლა. გარდა ამისა, კუსაგისგან გაჩენილა ოს-ბაღათირის უსაყვარლესი შვილიშვილი – ცახილი. ამ ექვსთაგან იღებს სათავეს ოს-ბაღათირის შთამომავალი ექვსი გვარი: ცარაზონთა, კუსაგონთა, ცახილთა, სიდამონთა, აღუზათა და ტიდლათა. ამასთან, პირველი ხუთი სტირ მიგგაგად (стыр мыггаг – „დიდი გვარი“) ითვლება. თქმულების მიხედვით, ამ ექვსი გვარის შთამომავლები დასახლდნენ ალაგირის, ზაყყის, თირსის და ურსთუალის ხეობებში.

ოს-ბაღათარი შუა საუკუნეებში ყოფილა ოსთა ბელადი, რომელიც, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, დასაფლავებულია ნუზალის ეკლესიაში (XIII ს.). ამიტომ ყველა ოსის დაკავშირება მის სახელთან, რა თქმა უნდა, შეცდომა იქნებოდა [თუმცა, შესაძლოა, ოსური გადმოცემები და ქართული წყაროები აგრძელებენ ან უკავშირდებიან ლეონტი მროველისაგან მომდინარე ტრადიციას, რომლის თანახმად, ოსთა პირველწინაპარი იყო უობოსი (მისი გვიანდელი ქართული ფორმებია "ოვსი" და "ოსი"). ასე იყო თუ ისე, "ბაღათირი" ოსების (ოსეთის) ბელადისა თუ მეფის ტიტული ჩანს]. არ არის გამორიცხული, მის სახელთან იყოს დაკავშირებული ოსების გარკვეული ნაწილის წარმოშობა. ზემომოყვანილ გადმოცემაში ხუთი ძმისაგან წარმომდგარი ძველი ოსური გვარების არსებობას, როგორც ჩანს, რეალურ-ისტორიული საფუძველი გააჩნია. მართალია, ეს გვარები დიდი ხანია უკვე მრავალრიცხოვან ცალკეულ გვარებად დაიშალნენ, მაგრამ მთელს ოსეთში შემონახულია ცოცხალი გადმოცემები ხუთი ძმის მიერ დაფუძნებული გვარიდან გვიანდელი გვარების წარმომავლობის თაობაზე („სიდამონი“, „ცარაზონი“, „კუსაგონი“, „აღუზი“, „ცახილი“).

ცნობილია, რომ ოსებს რამდენიმე ოს-ბაღათირი ჰყავდათ. შუასაუკუნეთა ქართულ ქრონიკებში იხსენიება ნახევრად ლეგენდარული გმირისა და ოსეთის მმართველის – ოს-ბაღათარის სახელი. უკანასკნელი ოს-ბაღათარი, რომლის ისტორიას ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, XIII-XIV სს-ში ცხოვრობდა. ამ ცნობის თანახმად, იგი მონღოლური პოლიციის ოსურ რაზმს მეთაურობდა, შიდა ქართლს აწიოკებდა და მხოლოდ გიორგი ბრწყინვალემ შეძლო მისი დამარცხება და ჩრდილოეთ კავკასიის მთის ხეობებისკენ ოსების განდევნა. „Ос-бæгъатыр“ შედგენილი ტერმინია, რომლის პირველი ნაწილი – „ос“ უკავშირდება ოსების აღმნიშვნელ ქართულ სიტყვას – „ოსი“, ხოლო მეორე მონღოლურ ბაღათურს – „დევგმირი, გოლიათი“. როგორც ვარაუდობენ, ამ სახელის (ოს-ბაღათირის) მეორე ფორმაა Батыр-Ас, საიდანაც მოდის ნართული ეპოსის ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟის სახელი („ბათრაძი“).


ლიტერატურა

  • Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. I. М.- Л., 1958;
  • მისივე, Избранные работы. Т. I. Религия. Фольклор. Литература. Владикавказ, 1990;
  • Бязыров А. Х. Мифические предания и поверья о происхождении осетин // ИЮОНИИ. 1980. Вып. XXV; Гутнов Ф. Х. Генеалогические предания осетин как исторический источник. Орджоникидзе, 1989.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები