ოქრომჭედელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოქროს ნაკეთობები

ოქრომჭედელი - ძვირფასი ლითონებისა და ქვებისაგან სამკაულებისა და სხვა ნივთების მკეთებელი ოსტატი. ლეგენდები ოქრომჭედლების შესახებ ცნობილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ყველა შემთხვევაში ოქრომჭედლის პიროვნება უღრმესი არქაიკის შემცველ მოვლენებთან კონტექსტში ვლინდება. სარიტუალო სიმღერაში ოქრომჭედლის საქმიანობის ასახვა პირველად მესხეთ-ჯავახეთში გვხვდება. სიმღერა სრულდება დიდმარხვის დადგომის წინ, ერის კვირა ღამეს, ბერიკაობის დროს. კალოზე ფერხულს დააბამდნენ. ქალი თუ კაცი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, მკლავებს გადააჭდობდნენ და იწყებდნენ წრიულად საფერხულო სვლას. იმღერდნენ „მუხა ძონწილას“, სიმღერას იწყებდა ოთხი კაცი წრის ერთი ბოლოდან, მეორე ოთხეული იმეორებდა:

Oqromchedeli.jpg
ოქროს ნაკეთობები

„პირველად ღმერთი ვახსენოთ და მერე ყოვლადწმინდაო!“

„მუხის ნადგომსა შენ ბიჭო, მამლი მუხასაო,
ჩიტის ნალი მიშოვნია, ჩემო მჭედელოო,
მჭედელო, მჭედელო, ჩემო მჭედელოო!
ერთი გუთანი გამიკეთე ჩემო მჭედელოო!
რითა და რითა, შენ ბიჭო, მამლი მუხასაო!
რაც რო იმას გადარჩება, ჩემო მჭედელოო!
ერთი სახნისიც გამიკეთე, ჩემო მჭედელოო!
რა რო იმას გადარჩება, ჩემო მჭედელოო!
ერთი ჩეკიც გამიკეთე ჩემო მჭედელოო!
რაც რო იმას გადარჩება ჩემო მჭედელოო!
ერთი თოხიც გამიკეთე, ჩემო მჭედელოო!
მჭედელო, ჩემო მჭედელო, ოქროს მჭედელოო!

აღნიშნულ საფერხულო სიმღერაში ოქრომჭედლობა თითქოს უფრო ძველ დარგად გამოიყურება, ვიდრე მჭედლობა. ამ მხრივ საგულისხმოა ამირანის თქმულების ერთ-ერთი რაჭული ვარიანტი, რომელიც „შუბლმზიანი“ ამირანის მამად ოქრომჭედელს ასახელებს. არქეოლოგიური და ისტორიული მონაცემები მიუთითებენ, რომ ოქრომჭედელთა შორის ეთნოგრაფიულ სინამდვილეში შემორჩენილი სპეციალიზაცია ძველთაგანვე უნდა მომდინარეობდეს: ოქრომჭედელი, ვერცხლის მუშაკი, მინანქრის ოსტატი, ამ უკანასკნელთან დაკავშირებულია სირმის ოსტატიც (სირმა ტიხრული მინანქრის აუცილებელი ელემენტია) და ოქრომქანდაკებელი. საინტერესოა ახალციხეში დამკვიდრებული ოქრომჭედელთა აღმნიშვნელი ტერმინები:

ოქროს ნაკეთობები
  1. „ჩივთიხი“ - ჩივთის საქმის ოსტატი, ანუ ვერცხლის ფილიგრანის ოსტატი. „ჩივთი“ არის პატარა მსხვილბოლოებიანი პინცეტი, რომლითაც ხელოსანი სახეების მიხედვით აწყობს გრეხილს. ტერმინი „ჩივთიხ“-იც პინცეტის დასახელებიდან მოდის.
  2. „ყვინჩა“ - თითბერსა და სპილენძზე მომუშავე ოსტატი.
  3. „ხალფა“ - ქვეოსტატი.

„ჩივთის“ ხელოსნებს ჰქონდათ ალბომები ორნამენტის ნიმუშებით, რის მიხედვითაც შემკვეთს შეეძლო შეერჩია ნივთის სასურველი მოყვანილობა და ორნამენტის სახე.

არსებობდა ოქრომჭედელთა პროფესიული გაერთიანებები, როგორც თბილისში, ისე ახალციხეში. პროფესიული გაერთიანება „ასნაფი“, რომელიც ახალციხეში არსებობდა, ორგანიზაციასაც წარმოადგენდა, სადაც ახალი ხელოსნის სწავლება-ჩამოყალიბება ხდებოდა. „ჩივთის“ ოსტატი იყვანდა მოსწავლეს და გარკვეული საფასურის ფასად ხუთი წლის განმავლობაში ხელობას ასწავლიდა. ოსტატსა და მოსწავლეს შორის გარკვეული უფლება-ვალდებულებები არსებობდა, რომელთაც მკაცრად იცავდა ორივე მხარე. საწყის ეტაპზე მოსწავლე ხელოსანსა და მის ოჯახს ემსახურებოდა, შემდეგ გადიოდა სახელოსნოში, სადაც ხელობას სწავლობდა და „ხალფად“, ქვეოსტატად იქცეოდა, ხუთი წლის შემდეგ კი ოსტატი ხდებოდა. „ყვინჩების“ სწავლის პერიოდი სამი წელი იყო. ოქრომჭედელთა სამოქმედო ასპარეზი მრავალმხრივია: საოჯახო საჭიროებისათვის განკუთვნილი ნივთების გაკეთება და შევერცხლვა, საბრძოლო იარაღისა და ცხენის შეკაზმულობის შემკობა, საკულტო დანიშნულების საგანთა და მრავალსახოვან სამკაულთა (კაცისა და ქალის შემკულობის) დამზადება და სხვა.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები