პანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პანი და აფროდიტე.
მარმარილოს ქანდაკება (ძვ.წ. 100 წ.), ათენი, ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი

პანი(ბერძნ.) ტყეთა და ველთა არკადიული ღვთაება. ჰერმესისა და დრიოპეს ძე (სხვა წყაროები პანის მშობლებად ასახელებენ: ზევსსა და ნიმფა კალისტოს. ჰერმესსა (ან ზევსს) და პენელოპეს).

პანი უცნაურ არსებად მოევლინა სამყაროს. იგი თმით იყო დაფარული, თავს რქები ება, ცხვირმოგრეხილ სახეზე წვერი ამოსვლოდა, სხეული გრძელი კუდით უბოლოვდებოდა, ხოლო ფეხების ნაცვლად ჩლიქები გამოსხმოდა. შეშინდა ნიმფა დრიოპე და მიატოვა თავისი ახალშობილი. მაგრამ მამა-ჰერმესმა შეიბრალა იგი და ოლიმპოსზე აიყვანა. გამხიარულდნენ ღმერთები მის დანახვაზე, დატოვეს თავის საბრძანებელში და პანი შეარქვეს.

ბერძენთა რწმენით, პანი მხიარული ღმერთია. დაეხეტება მთებზე, ტყეებში, ცეკვავს ნიმფებთან და თავისივე გამოგონებულ სალამურზე უკრავს. ხანდახან იგი განმარტოვდება ხოლმე და სულაც არ მოსწონს, თუკი ვინმე შეაწუხებს. მისი სიმშვიდის დამრღვევს იგი პანიკურ შიშს ჰგვრის (სწორედ აქედან წარმოსდგება სიტყვა „პანიკა“). ძველებს ეგონათ, რომ პანის ყვირილზე მეომრებიც კი თავქუდმოგლეჯილნი გარბიან ბრძოლის ველიდან. ამიტომ მრავალ ქალაქში პანს თაყვანს სცემდნენ, როგორც ბრძოლათა შემწე ღვთაებას. ათენელები მიიჩნევდნენ, რომ სწორედ პანის დამსახურება იყო მათი გამარჯვებები მარათონსა და სალამისთან.

პანი მეგობრობდა სელენესთან, რომელსაც ერთობ მოსწონდა მისი სალამურის ხმა. ერთხელ პანს მშვენიერი ნიმფა სირინგსი შეუყვარდა და მისი მოფერება მოიწადინა. შეშინდა ნიმფა და გაიქცა. სასოწარკვეთილმა იმდენი ირბინა, ვიდრე მდინარემ არ შეიფარა და ლერწმად არ გარდასახა. სწორედ ამ ლერწმიდან გამოთალა პანმა თავისი სტვირი, რომელიც ესოდენ საამო ჰანგს გამოსცემდა.

პანი და სირინგსი.
ი. იორდანსის ნახატი (დაახ. 1625 წ.), ბრიუსელი, სამეფო მუზეუმი.

პანს რამდენიმე ნიმფა შეუცდენია. მათ შორის ექო (რომლისგანაც ჰყავდა ქალიშვილი იინგა), მუზათა ძიძა ევფემე (რომელმაც უშვა კროტოსი, მოგვიანებით მშვილდოსნის თანავარსკვლავედად რომ გარდაისახა). თავად პანს თუ ვენდობით, ყველა მენადა მისი საყვარელი ყოფილა.

პანს მისნობის ნიჭიც ჰქონია და სწორედ მისგან უსწავლია ეს ხელოვნება აპოლონს.

პანის მთავარი საკურთხევლები ყოფილა არკადიასა და ტროიძენში. მის მცენარეებად ითვლებოდა მუხა და ფიჭვი. მსხვერპლად სწირავდნენ ძროხას, ციკანს, ბატკანს, თაფლს, რძესა და ყურძნის ტკბილს.

ბერძნული რელიგიის განვითარებასთან ერთად პანი ადგილობრივი ღვთაებიდან დიონისეს თანამგზავრთა შორის აღმოჩნდა. მან თანდათან დაკარგა ინდივიდუალური თვისებები და დიონისეს ამალა მრავალი პანით შეავსო.

ორფიკოსთა მოძღვრებაში ტყეთა და ველთა თხისფეხა ღვთაება სამყაროს მთლიანობის, ერთიანობის სიმბოლოდ შევიდა. ხოლო მისი სალამურის ხმა დაუკავშირდა ზეციურ სფეროთა მუსიას. პანის სახის ამდაგვარი ევოლუციის მიზეზად იქცა მისი სახელი, რომელიც ბერძნულად ნიშნავს „ყველას, საყოველთაოს“.

ძველ რომში პანის კულტი შეერწყა ადგილობრივ, იტალიკურ ღვთაებათა – ფავნუსისა და სილვანუსის კულტებს.

საინტერესოა ერთი ფრაზა, რომელმაც ანტიკური სამყაროდან მოაღწია ჩვენამდე: „გარდაიცვალა დიადი პანი“. მის წყაროდ პლუტარქოსს ასახელებენ: ტიბერიუსის მეფობის დროს (I საუკუნე) ხომალდის მესაჭეს, რომელიც პელოპონესოსიდან იტალიისაკენ მიცურავდა, შუა ზღვაში შემოესმა: „გარდაიცვალა დიადი პანი!“ იმპერატორის ბრძანებით ეს მოვლენა სახალხო მსჯელობის საგნად იქცა. მას სხვადასხვაგვარად განმარტავდნენ. ქრისტიანი ღვთისმსახურების აზრით, ეს ხმა წარმართობის დასრულებასა და ახალი, ქრისტიანული ერის დადგომის მომასწავებელი იყო.

თანამედროვე სამყაროში გამოთქმით – „გარდაიცვალა დიადი პანი“ – მიანიშნებენ სახელოვანი ადამიანის სიკვდილსაც და მთელი ეპოქის დასრულებასაც.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები