იაშვილი პაოლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა პაოლო იაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაოლო (პავლე) იაშვილი

იაშვილი პაოლო (პავლე) ჯიბრაილის ძე (29.VI.1894, სოფ. გამოღმა არგვეთი - 22.VII.1937, თბილისი) - ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი.

სარჩევი

ბიოგრაფია

პაოლოს დედა იყო ბაბილინე მდივანი, მამა - ჯიბრაელ (ჯიბო) იაშვილი, დასავლეთ საქართველოში ცნობილი პიროვნება, კიევში განსწავლული პროვიზორი იყო. ოთხი ძმა და ერთი და ჰყავდა. 1924 წელს ერთი ძმა, ვასილი, სახალხო აჯანყებაში მონაწილეობისათვის შორაპანში დახვრიტეს. 1940 მეორე ძმა გადაუსახლეს.

1900 პაოლო მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ „ცისფერყანწელთა“ მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები - ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე. 1911 წლიდან მომავალმა პოეტმა სწავლა განაგრძო ანაპაში, კერძო გიმნაზიაში. თავდაპირველად მხატვარი იყო, მაგრამ არ გაჰყოლია მხატვრობას. ჩვენამდე მოაღწია მის მიერ კალმით შესრულებულმა ავტოპორტრეტმა და მეგობრების ნიღაბთა ჩანახატებმა.

1913 წელს პარიზში, ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში სასწავლებლად გაემგზავრა. მოგვიანებით ფრანგი სიმბოლისტების შემოქმედებას გაეცნო და პოეზიით გატაცებამ ფერწერა დაავიწყა. პარიზში გატარებულ პერიოდში საბოლოოდ დაინახა თავისი მოწოდება. რუსი მწერალი ილია ერენბურგი ასე იგონებს პარიზის კაფე „როტონდაში” პაოლოსთან შეხვედრას: „პაოლო იმ დროს გამხდარი და ფიცხი (ოცი წლის) ახალგაზრდა იყო. სულ მეკითხებოდა: „რომელ კაფეში იჯდა ვერლენი? როდის მოვა პიკასო? მართალია, რომ კაფეში წერთ ხოლმე?”

1915 მსოფლიო ომში გახვეული ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ლიტერატურულ ცხოვრებაში. 1911 წლიდან ბეჭდავს ლექსებს გაზეთ „კოლხიდაში“. ტრიოლეტებისა და სონეტების გარდა, თავისუფალი ლექსის ტექნიკასაც ფლობდა. ვეღარ დაასრულა პოემა „გზა მშვიდობისა“. მუშაობდა პუბლიცისტიკაში და ეწეოდა მთარგმენლობით საქმიანობასაც.

1912-1913 წლებში გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, რედაქტორობდა ყოველთვიურ ლიტერატურულ-მხატვრულ ჟურნალ „ოქროს ვერძს“. 1915 წელს ტ. ტაბიძესთან, ვ. გაფრინდაშვილთან, კ. ნადირაძესთან, ს. ცირეკიძესთან, ლ. ჯაფარიძესთან, ივ. ყიფიანთან და სხვა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად, დააარსა „ცისფერი ყანწების“ ორდენი. 1916 წელს რედაქტორობდა ამავე სახელწოდების ალმანახს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა საქართველოში სიმბოლიზმის და სხვა მოდერნისტული მიმდინარეობების განვითარებაში.

1918-1921 წლებში მისი ლექსები და ნახატები იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში, იყო არაერთი ლიტერატურული საღამოს მონაწილე. 1919 გაზ. „კლდე“ სასარგებლოდ სეირნობას ხელმძღვანელობდა. კოტე მარჯანიშვილთან ერთად აქტიურად ჩაება ქართული თეატრის აღორძინებისათვის ბრძოლაში. 1919 კონსერვატორიის დარბაზში ტ. ტაბიძის პოეზიის საღამოში მონაწილეობდა. 1919 წლის 22 ივნისი ქართულ კლუბში მესხეთ - ჯავახეთის დღე აღინიშნა, სადაც მან ლექსები წაიკითხა.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ხელისუფლების მიმართ მკვეთრად შეურიგებელი პოზიცია არ გამოუმჟღავნებია. ხელისუფლება ცდილობდა ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს პოეტი აქტიურად იბრძოდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად. 1927 წელს აირჩიეს სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად და თბილისის საბჭოს წევრად, 1934 წელს კი ამიერკავკასიის ცაკის წევრად. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით. დაუსრულებლად იბარებდნენ ჩეკაში დაკითხვებზე. მწერალთა კავშირში ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც პოეტის „მოღალატეობრივ საქმიანობაზე“ მსჯელობდნენ.

1937 მწერალთა სასახლეში თავი მოიკლა. ამ ტრაგედიიდან მოყოლებული, მისი სახელის ხსენებაც კი აიკრძალა. 1955 - გამოიცა პირველი წიგნი, 1959 - ვრცელი კრებული. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

გაგა ლომიძე

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994;
  • ლ. ავალიანი, პაოლო იაშვილი, თბ., 1977;
  • გ. ასათიანი, პაოლო იაშვილი, „მნათობი“, 1964, № 7;
  • შ. აფხაიძე, პაოლო იაშვილი, იქვე, 1960 № 11, 12;
  • GeorgIsche Postmoderne LIteratur. Im: EIne kurze EInführung In dIe georgIsche LIteratur. Pop Verlag, LudwIgsburg, 2016;
  • ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1920, №16;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919, №82, №133.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პაოლო იაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები