პარიზის სამშვიდობო კონფერენცია 1919-20

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარიზის სამშვიდობო კონფერენცია 1919-20 - მოიწვიეს პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა დამარცხებულ ქვეყნებთან საზავო ხელშეკრულებების შესამუშავებლად. მუშაობდა 1919 წლის 18 იანვარიდან 1920 წლის 21 იანვარამდე ხანგამოშვებით. მონაწილეობდა 32 სახელმწიფო. გერმანია და მისი ყოფილი მოკავშირეები პარიზის საზავო კონფერენციაზე დაუშვეს მხოლოდ 1919 წლის 7 მაისს, როდესაც უკვე შემუშავებული იყო ხელშეკრულებების პროექტები, რუსეთი საერთოდ არ მიუწვევიათ.

პარიზის საზავო კონფერენციაზე წამყვან როლს ასრულებდა “ოთხთა საბჭო” აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის დელეგაციების მეთაურების სახით. მომზადდა საზავო ხელშეკრულებები:

მიიღეს გადაწყვეტილება ერთა ლიგის შექმნის შესახებ და მოიწონეს მისი წესდება.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაცია პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე

პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ ანტანტის წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით 1919 წლის 18 იანვარს პარიზში საზავო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით, თავდაპირველად ლონდონში გაემგზავრა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პოლიტიკური მრჩეველი საგარეო საკითხებში ზურაბ ავალიშვილი, რომელიც, დიდ ბრიტანეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენელ დავით ღამბაშიძესთან ერთად, ე. წ. მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას შეუდგა. მოგვიანებით, მათ ბერლინიდან კონსტანტინე გვარჯალაძეც შეუერთდა.

პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გასამგზავრებლად საქართველოს დელეგაცია თბილისიდან 1918 წლის ნოემბერში გავიდა და მეტად მრავალრიცხოვანი იყო. მასში შედიოდნენ პარტიების წარმომადგენლები, მრჩეველები, სპეციალისტები და სხვ., ვიზებზე უარის თქმის გამო, დელეგაციის წევრების უმრავლესობა იძულებული შეიქმნა სამშობლოში გამობრუნებულიყო. პარიზში ქართველები 1919 წლის 19 იანვარს ჩავიდნენ. დელეგაციის მეთაური იყო კარლო (ნიკოლოზ) ჩხეიძე.

პარიზში ჩასვლის პირველსავე დღეს საქართველოს მთავრობის ოფიციალურმა რწმუნებულებმა, ზ. ავალიშვილმა და დ. ღამბაშიძემ, ოფიციალური მემორანდუმით მიმართეს კონფერენციის გენერალურ მდივანს - დიუტასტას, რომლის კაბინეტის უფროსმა, არნავონმა, ქართველებს ურჩია ჯერჯერობით მოლაპარაკება საფრანგეთის საგარეო საქმეთა პოლიტიკურ განყოფილებასთან ეწარმოებინათ. დელეგაციამ საფრანგეთის მთავრობასა და ყველა დიდ სახელმწიფოთა დელეგაციებს დოკუმენტების პაკეტი გადასცა, რომელშიც განმარტებული იყო ოსმალეთთან და გერმანიასთან საქართველოს დამოკიდებულების ისტორიულ-პოლიტიკური ასპექტები. დელეგაციამ პარიზში 1919 წლის მარტიდან 1920 წლის დამლევამდე დაჰყო.

ერთ-ერთი საარქივო დოკუმენტის თანახმად, როგორც დელეგაციის თავმჯდომარე კ. ჩხეიძე წერს: „1919 წლის მარტის დასაწყისში დიდი ვაი ვაგლახის შემდეგ, პარიზამდე მიაღწია საქართველოდან წამოსულმა დელეგაციამ. ეს გარემოება ემცნო საზავო კონფერენციის სხვადასხვა დელეგაციებს... ჩვენი დელეგაციის დიდი ნაწილის საფრანგეთში შესვლა ვერ მოხერხდა (შემოვედით მხოლოდ კ. ჩხეიძე და ი. წერეთელი და ერთი თვის შემდეგ ი. გობეჩია - დანარჩენებს მოკავშირე მთავრობათა წარმომადგენლებმა კონსტანტინოპოლიდანმ გასვლა აუკრძალეს). ამის გამო, ერთ-ერთ კრებაზე (ეს იყო 1919 წლის 7 მაისს) დელეგაციამ დაადგინა, შეავსოს თავისი შემადგენლობა ახალი წევრებით. ამნაირად მოქცევის უფლება ჩვენ წინასწარ წამოვიღეთ მთავრობისგან. ასე რომ, ამ მომენტიდან დელეგაციის წევრებად ითვლებიან სხვებთან ერთად: ზ. ავალიშვილი, კ. გვარჯალაძე და დ. ღამბაშიძე. აქვე უნდა მოვიხსენიოთ, რომ ეს უკანასკნელი თითქმის იმ დღესვე გაემგზავრა ლონდონში და შემდეგ ის საქართველოში წავიდა. ასე რომ, ის არ დასწრებია დელეგაციის არც ერთ კრებას და მისი პარიზში არ ყოფნის დროს (6 თვის განმავლობაში) არც ტელეგრამა და არც წერილი არ მოუწოდებია დელეგაციისათვის და ამნაირად სრულად შეწყვიტა ჩვენთან კავშირი და დამოკიდებულება...“

დელეგაციის შემადგენლობა პერიოდულად იცვლებოდა. სხვადასხვა დროს მასში შედიოდნენ, გარდა ზემოჩამოთვლილებისა, ვარლამ ჩერქეზიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, საფრანგეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მომავალი ელჩი აკაკი ჩხენკელი, დელეგაციასთან უშაობდნენ ელენე წერეთელი-დემოლონისა, ვიქტორ ბაბე, ქრისტინე ჰელმი-ჯავრიშვილისა, ხოლო საინფორმაციო ბიუროში - ჯინორია. მოთათბირის სტატუსით დელეგაციაში ივანე ჯავახიშვილი შეიყვანეს, რომელსაც ისტორიულ-ეთნოგრაფიულად უნდა დაესაბუთებინა საქართველოს საზღვრები. დელეგაცია მას სომხებისა და აზერბაიჯანელების ტერიტორიული პრეტენზიების წინააღმდეგ არგუმენტების ჩამოყალიბებას ავალებდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა გენერალი ილია ოდიშელიძე. მოთათბირის სტატუსით, მაგრამ, ფაქტობრივად, დელეგაციის საქმეთა მმართველად ევროპაში მყოფი ქართველი დიპლომატის - დავით ღამბაშიძის ძმა ვახტანგ ღამბაშიძე დაინიშნა. კანცელარიის გამგეობა ივანე ზურაბიშვილს ჩააბარეს. საინფორმაციო ნაწილის გამგეებად დასახელდნენ გრიგოლ რობაქიძე და ილია ნაკაშიძე. მათ მოვალეობას უცხოურ პრესასთან და სხვადასხვა ჯგუფთან საინფორმაციო მუშაობა შეადგენდა. დელეგაციის სამდივნოს ქართული ნაწილის გამგეობა ი. გოგოლაშვილს დაევალა. საქმეთა სიმრავლისა და ენების უცოდინარობის გამო მას დამხმარედ ირაკლი წერეთლის და - ეთერ წერეთელი, აგრეთვე ანდრია დეკანოზიშვილი დაუნიშნეს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ნაზარაშვილი, რომელსაც შიკრიკის ფუნქცია უნდა შეესრულებინა და ინფორმაციის გაცვლისთვის ყოველ ორ კვირაში თბილისსა და პარიზს შორის უნდა ემოგზაურა. კომუნიკაციის საშუალებებისათვის დელეგაციაში რადიოს სპეციალისტი წვერავა შეიყვანეს. დელეგაციის გამგზავრებისა და თავდაპირველი ხარჯებისთვის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი რუსული მანეთი გამოიყო. დღიურ გასამრჯელოდ თითოეულ წევრს 50 ფრანკი მიეცა. მთავრობამ ვალდებულება აიღო, დელეგაციის წევრთა თბილისში დარჩენილ ოჯახებზეც ეზრუნა.

ლიტერატურა

  • საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური საისტორიო არქივი, ჰარვარდის უნივ. მიკროფ. ასლები, საქ. 1483;
  • ლ. სარალიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიები დასავლეთ ევროპაში 1918-1921 წ. წ., დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (სპეციალობა საქართველოს ისტორია-07.00.01), საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, თბ., 1994;
  • სცსა, ფ. 1864, აღწ. 2, საქ. 178, საქ, 128, საქ. 148. ფ. 1861, აღწ. 3, საქ. 230 ;
  • ბ. კობახიძე, საქართველოს საკითხი პარიზის საზავო კონფერენციაზე, დისერტაცია ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თბ., 2015.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები