პატალა (მითოლოგია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პატალა(ინდ.) მიწისქვეშა ქვეყანა, სადაც დასახლდნენ ნაგიები, უზარმაზარი გველები, კაშიაპასა და კადრუს ნაშიერნი, რომელთაც იქ ოქროსა და თვალმარგალიტის სასახლეები ააგეს. ყველაზე ბრძენი მათ შორის ვასუკი გახდა, მათი მეფე. უთვალავ საგანძურებს, რომლებიც წყალში და მიწაში ინახებოდა, სამთავიანი, შვიდთავიანი და ათთავიანი გველები დარაჯობდნენ, რომელთაც თავზე პატიოსანი თვლებით მოოჭვილი ოქროს გვირგვინები ეხურათ. ნაგიების ტომის ბელადები ძლევამოსილები და ბრძენები იყვნენ, ამის გამო ღმერთების სიყვარული და მეგობრობა დაიმსახურეს.

ერთხელ ცოცხალი არსებები იმდენად გამრავლდნენ, რომ მათ სიმძიმეს მიწამ ვერ გაუძლო და პატალას წყლებში ჩაიქცა. მაშინ მიწის გადასარჩენად ვიშნუ უზარმაზარ, ღრუბლისოდენა ტახად გადაიქცა და პატალასკენ გაეშურა. ეშვზე წამოაგო წყალში ჩაძირული მიწა და მაღლა აღმართა. მიწიდან წყალი ღვარად ჩამოდიოდა და ნაგიების საცხოვრებლებს ტბორავდა. ეს რომ ძლევამოსილმა ასურმა ხირანიაკშამ დაინახა, თავს დაესხა ტახს მიწის წასართმევად და დასაპატრონებლად. მაგრამ ტახად ქცეულმა ვიშნუმ მოიგერია ასური, გამოიტანა მიწა პატალადან და ისე მყარად ჩარგო ოკეანეში, რომ არასოდეს შერყეულიყო.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები