პელიასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პელიასი.
კედლის მოხატულობა პომპეიში (ახ.წ. 110 წ.), ნეაპოლი, ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი

პელიასი(ბერძნ.) თესალიელი გმირი. პოსეიდონისა და ეოლიელი მეფის ასულის, ტიროს ვაჟი. ნელევსის ტყუპისცალი.

პოსეიდონისაგან მუცლადღებულმა ტირომ მალულად შვა ნელევსი და პელიასი. მიაგდო ისინი და ცოლად გაჰყვა თესალიური იოლკოსის მეფე კრეთევსს, რომლისგანაც შეეძინა ესონი, ამითაონი და ფერესი. მიგდებული ბავშვები მწყემსებმა იპოვნეს. ერთ–ერთ მათგანს ფაშატმა ჩლიქი გამოსდო. ნაიარევი ჩვილს მუქ ლაქად დაედო და ამის გამო შეარქვეს პელიასი („მუქი“). ტყუპები მწყემსებმა გამოზარდეს, არც პოსეიდონს მიუტოვებია ისინი. მისგან შეიტყვეს, რომ მათ დედას, ტიროს, დედინაცვალი მტრობდა. ვაჟებმა მის დასახმარებლად ისწრაფეს. ავი დედინაცვალი პელიასმა ჰერას ტაძარში მოკლა, რითაც ქალღმერთის რისხვა დაიმსახურა. მოგვიანებით ძმათა შორის შუღლმა დაისადგურა. ნელევსი იძულებული გახდა გადახვეწილიყო მესენიაში, სადაც პილოსელ მეფეთა დინასტიას დაუდო დასაბამი. პელიასმა კი იოლკოსის კანონიერი მეფე ესონი ტახტიდან ჩამოაგდო და თავად გამეფდა.

როდესაც ესონის ვაჟი იასონი წამოიზარდა, პელიასს ეახლა და სამეფო ძალაუფლების დათმობა მოსთხოვა. მზაკვარი იყო პელიასი და იასონს ერთი პირობით დასთანხმდა: ჭაბუკს კოლხეთიდან ოქროს საწმისი უნდა ჩამოეტანა. მეფეს ეგონა, რომ იასონი ამ დავალებას ვერ აღასრულებდა, მაგრამ მოტყუვდა. იასონმა საბერძნეთის სახელოვან გმირებთან (არგონავტები რომ შეარქვეს) ერთად ხანგრძლივი ლაშქრობის შემდეგ იოლკოსში ჩამოიტანა ოქროს საწმისი. ამასობაში შეუბრალებელ პელიასს ერთიანად ამოეწყვიტა მისი ოჯახი, ხოლო როდესაც იასონმა პირობის აღსრულება მოსთხოვა, პირიც გატეხა. საშინლად იძია მასზე შური მედეამ, იასონის კოლხმა მეუღლემ. მან პელიასის ქალიშვილებს მოაკვლევინა მოხუცი მამა და მდუღარეში ჩააყრევინა ასო-ასო აკუწული მისი სხეული.

საბოლოოდ, იოლკოსის ტახტზე ავიდა პელიასის ძე აკასტოსი, რომელმაც მედეა და იასონი ქალაქიდან გააძევა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები