პერლზი ფრედერიკ სოლომონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პერლზი ფრედერიკ სოლომონ

პერლზი ფრედერიკ (ფრიც) სოლომონ - Perls Friedrich Salomon, Перлз Фредерик Саломон, 1893-1970

გერმანელ-ამერიკელი ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი, გეშტალტთერაპიის ფუძემდებელი. დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი, გაიარა სასწავლო ფსიქოანალიზი კ. ჰორნის, ვ. რაიხის, ჰ. დოიჩისა და ე. საკმანის ხელმძღვანელობით. ეწეოდა ფსიქოანალიზურ პრაქტიკას ვენასა და ბერლინში. 1933 წელს ემიგრაციაში გაემგზავრა ჯერ ჰოლანდიაში, შემდეგ - სამხრეთ აფრიკაში, სადაც ფსიქოანალიზის ინსტიტუტი დააარსა (იოჰანესბურგში). 1946 წლიდან პერლზმა აშშ-ში საკუთარი ფსიქოთერაპიული სისტემის შექმნა დაიწყო. 1952 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააარსა გეშტალტთერაპიის ინსტიტუტი ნიუ-იორკში. 1960-1968 წლებში გადასახლდა კალიფორნიაში, სადაც გახდა ლიდერი მოძრაობისა „ადამიანის პოტენციალის გახსნისთვის”. სიცოცხლის მიწურულს დააარსა გეშტალტთერაპიის თემი კუნძულ ვანკუვერზე, ბრიტანულ კოლუმბიაში.

პერლზი ცნობილია, როგორც ერთერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ფსიქოთერაპიული სისტემის შემქმნელი. თეორიულ ნაწილში გეშტალტთერაპია ჰოლისტური მოძღვრებაა. პერლზი განიხილავს ადამიანს, როგორც მთლიან ორგანიზმს, ფსიქიკური (ცნობიერი და არაცნობიერი), სხეულებრივი, რაციონალური და ემოციური პროცესების განუყრელ ერთიანობას. ამ მთლიანობის ნორმალური მოქმედება ხორციელდება „აქ და ახლა” მოცემულ სიტუაციაში. ნევროზული პიროვნება, ამ მიდგომის თანახმად, არის ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ადაპტაციის შენარჩუნებით იმოქმედოს აწმყოში, ვინაიდან იგი „დამძიმებულია” დაუსრულებელი სიტუაციებით ანუ დაუმთავრებელი გეშტალტებით წარსულიდან, აგრეთვე მომავლიდან. ვითარების გამოსასწორებლად მათი გაცნობიერებაა საჭირო. გეშტალტთერაპია ამას ხელს უწყობს, მაგრამ მიმართულია აგრეთვე პაციენტის პიროვნულ ზრდაზე, აუთენტურობის მიღწევაზე. ამის საშუალება საკუთარი თავის უფრო სრული გაცნობიერებაა (ცხადგრძნობა). ეს ეხება გრძნობებს, მოთხოვნილებებს, სხეულებრივ პროცესებს, აზრებს, აგრეთვე გარე სამყაროს და, პირველ რიგში, ინტერპერსონალურ ურთიერთობებს. ყოველივე ამისთვის პერლზმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს მრავალი თერაპიული ტექნიკა/პროცედურა, რომლებიც გამოიყენება ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფორმატში, მაგ.: „ცხელი სკამი”, „ცარიელი სკამი”, „დაუმთავრებელი წინადადება”, „წრეზე მუშაობა”, „რევერსული ქცევა”, „პროექციული ქცევა”, „დეფლექსიური ქცევა”, დაბნეულობაზე მუშაობა და სხვა.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.
‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები