ეპისკოპოსი პეტრე (კონჭოშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა პეტრე კონჭოშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეპისკოპოსი პეტრე

ეპისკოპოსი პეტრე (კონჭოშვილი)ეპისკოპოსი პეტრე, ერისკაცობაში პეტრე დავითის ძე კონჭოშვილი დაიბადა 1863 წელს თბილისის გუბერნიის, თელავის სოფელ საბუეში. პირველდაწყებითი განთლება ოჯახში მიიღო. (მამა მღვდელი ჰყავდა, ძმა მედავითნე). ამის შემდეგ იგი სწავლის გასაღრმავებლად ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც ამ დროს მკაცრად დევნიდნენ ქართულ ცნობიერებას და ქართულ კულტურას. სემინარიის დამთავრების შემდეგ პეტრე მალე აკურთხეს მღვდლად და საინგილოში განაწესეს. რთულ პირობებში უხდებოდა მამა პეტრეს მოღვაწეობა, დიდი იყო მაჰმადიანობის გავლენა, მუქარა, შევიწროებანი, მაგრამ მამა პეტრე დაუღალავად იღწვოდა ინგილოებში ქრისტიანობისა და ეროვნული ცნობიერების ასაღორძინებლად.

1865 წლიდან 1873 წლამდე მამა პეტრე სასულიერო სამისიონერო საქმიანობას ეწეოდა ჯავაში, საიდანაც გადმოყვანილ იქნა თბილისში და განწესებულ იქნა საქალებო ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად. 1885 წელს იგი დაჯილდოებულ იქნა ოქროს ჯვრითა და საეკლესიო ორდენით. 1894 წელს მამა პეტრეს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ დაავალა ბიბლიის თარგმანთა შესწორება. 1899 წელს პეტრე კონჭოშვილმა იმოგზაურა იერუსალიმში. სამშობლოში დაბრუნებულმა გამოაქვეყნა „მოგზაურობა“ 1901 წელს, რომელშიც აღწერილია იერუსალიმის ქართული სიძველენი. „მოგზაურობას“ არაერთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში. 1908 წელს მამა პეტრეს რედაქტორობით გამოიცა სამღვდელმთავრო კონდაკი. 1905 წლის 26 აგვისტოს პეტრე კონჭოშვილი ეპისკოპოსად აკურთხეს. 1906 წლის იანვარში ეპისკოპოსი პეტრე იმერეთის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს, 1907 წლის აპრილში ეპისკოპოსი პეტრე გორის ეპარქიის მმართველად გადმოიყვანეს. 1907 წლის სექტემბერში იგი აირჩიეს იმ კომისიის თავმჯდომარედ რომელსაც ევალებოდა ბიბლიის ქართულად გამოცემა, ხოლო 8 ნოემბერს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრად.

1909 წლის 5 თებერვალს იგი გარდაიცვალა. 8 თებერვალს სიონის ტაძარში იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსებმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) და დავითმა (კაჭახიძემ) გადაიხადეს წირვა გორის ეპისკოპოსის პეტრე კონჭოშვილის სულის მოსახსენებლად. განსვენებულის ღვაწლზე ვრცლად ისაუბრა დეკანოზმა კორნელი კეკელიძემ. მისი ანდერძისამებრ ნეშტი დაიკრძალა ალავერდის ტაძარში. ანდერძის თანახმად მის მიერ დატოვებული თანხა გადანაწილდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,“ „საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების,“ ეკონომიურად შეჭირვებული ნიჭიერი მოსწავლეების, საეკლესიო მუზეუმის საჭიროებისათვის. ეპისკოპოსი პეტრე იყო გულანთებული ქართველი. იგი თანამემამულეებს სიფხიზლისკენ მოუწოდებდა: „სამწუხარო იქნება, თუ საქართველოს მიწა-წყალი გადავა სხვათა ტომთა ხელში და ჩვენი ერი კი დარჩება ბოგანოდ... უკეთუ ჩვენმა ერმა დაიცვა თავისი არსებობა აქამდის, ეს სხვათა მიზეზთა შორის იმისათვისაც, რომ თავის მამულზედა, მის წინაპართა სისხლით მორწყულზედა, იყო მტკიცედ დამკვიდრებული“ - წერდა იგი.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები