პროტესტანტობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროტესტანტობა - კათოლიციზმისა და მართლმადიდებლობის გვერდით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ქრისტიანობაში. პროტესტანტიზმი მრავალი დამოუკიდებელი ეკლესიის ერთობლიობას მოიცავს, ყოველი მათგანი სათავეს რეფორმაციიდან იღებს. იგი ეკლესიათა და დენომინაციათა გარეგნული ფორმებისა და რიტუალების ნაირგვარობით გამოირჩევა. ამის გამო მისი მხოლოდ ზოგადი შტრიხებით დახასიათებაა შესაძლებელი.

პროტესტანტიზმი იზიარებს საერთო ქრისტიანულ მოძღვრებას ღმერთის არსების, მისი სამბუნებოვნების, სულის უკვდავების, სამოთხისა და ჯოჯოხეთის შესახებ (თუმცა ამავე დროს უარყოფს კათოლოკურ სწავლებას განსაწმენდელზე). პროტესტანტული მოძრაობისათვის ამოსავალია შემდეგი ოთხი პუნქტი:

  1. მხოლოდ რწმენით (sola fide) ცხონდება ადამიანი და არა კეთილი საქმეებით (რომლებსაც შეიძლება ანგარებაც ედოს საფუძვლად),
  2. მხოლოდ მადლით (sola gratia) მოიპოვება ხსნა და არა საკუთარი ქმედებებით,
  3. მხოლოდ ქრისტე (solus Christus) არის მორწმუნეთა ავტორიტეტი და არა ეკლესია,
  4. მხოლოდ წმიდა წერილი (sola scriptura) არის ქრისტიანული რწმენის საფუძველი და არა საეკლესიო ტრადიცია.

სარჩევი

წინამორბედები

რეფორმაციისა და პროტესტანტობის ისტორია ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ისინი ერთსა და იმავე დროს, ერთი და იმავე მიზეზების გამო წარმოიშვნენ. დიდი სქიზმიდან სამი საუკუნის შემდეგ რომის კათოლიკე ეკლესიაში, უფრო სწორად, დასავლეთ ევროპის ჩრდილოეთში, რეფორმატორული მოძრაობა დაიწყო. ძირითად მიზეზად დასახელებულია რომის ეკლესიის რიგორიზმი, ანუ სიმკაცრე, კულტმსახურების გადატვირთვა, დოგმატების სიმრავლე, კანონიკური სტრუქტურის სირთულე და, რაც მთავარია, პაპების სარწმუნოებრივ-პოლიტიკური გავლენის ზრდა. მაგრამ ამგვარ ანტიკათოლიკურ მოძრაობას რეფორმაციამდე დიდი ხნით ადრეც ჰქონდა ადგილი. ასეთი ხასიათის მქონე მთელი რიგი კონფესიები (ვალდენსები, მორავიელთა საძმო და სხვ.) დღემდე შემორჩნენ. მათ შეიძლება რეფორმაციამდელი პროტესტანტული კონფესიები ვუწოდოთ.

რეფორმატორულ-პროტესტანტული მოძრაობის წინამორბედებად მღვდელი ჯონ ვიკლიფი და მღვდელი იან ჰუსი ითვლებიან. ვიკლიფი XIV საუკუნეში ცხოვრობდა. მისი ქადაგება და იდეები კათოლიკური ეკლესიის როგორც თეორიული, ისე (განსაკუთრებით) პრაქტიკული ნორმების წინააღმდეგ იყო მიმართული. იგი უარყოფდა წმიდანებისა და ხატების თაყვანისცემის პრაქტიკას, საიდუმლო აღსარებას, ევქარისტიის ტრადიციულ გაგებას (პურისა და ღვინის გადაარსებას), სალხინებელს (განსაწმენდელს) და ა.შ. მისი მიზანი მოციქულთა დროინდელი სიმარტივისაკენ მიბრუნება იყო, რაც გამოიხატებოდა ეპისკოპალური ეკლესიის პრესვიტერიანულ (სამღვდელო) ეკლესიად გადაქცევის სურვილში. ეს კი თითოეული საეკლესიო თემის, ანუ ცალკეული ეკლესიის დამოუკიდებლობას, ეპისკოპოსის იურისდიქციის გარეშე არსებობის დაშვებას, საქრისტიანოში ეკლესიათა მმართველობითი ცენტრების გაუქმებას ნიშნავდა. ამ მოსაზრებათა გასამყარებლად ვიკლიფმა გადაწყვიტა ბიბლია მორწმუნეთათვის მშობლიურ ენაზე ეთარგმნა. 1382 წლისათვის მან დაასრულა ახალი აღთქმის პირველი სრულყოფილი ინგლისური თარგმანი (1384 წელს ნიკოლოზ გერფორდელმა ძველი აღთქმის დიდი ნაწილიც თარგმნა).

ვიკლიფი თავის დროზე მკაცრად გააკრიტიკეს. მან და მისმა მომხრეებმა დევნა და ლანძღვა იწვნიეს, მაგრამ ფარხმალი არ დაუყრიათ და რეფორმატორულ-პროტესტანტულ იდეებს გზა გაუკვალეს. ეკლესიის ვიკლიფისეული ხედვა ინგლისში მოსწავლე ჩეხმა სტუდენტებმა სამშობლოში ჩაიტანეს, სადაც მან იან ჰუსის მოღვაწეობაში ჰპოვა გაგრძელება.

იან ჰუსმა, ბეთლემის ეკლესიის მღვდელმა, 1409 წლიდან პრაღის უნივერსიტეტის რექტორმა, ვიკლიფის იდეები გაითავისა და ეკლესიის რეფორმირების აუცილებლობაზე დაიწყო ქადაგება. მისი მოღვაწეობა ჩეხური ნაციონალური თვითშეგნების ამაღლების პერიოდს დაემთხვა. ამ დროს ჩეხეთში წმიდა რომის იმპერიის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. ხალხის უკმაყოფილების დასათრგუნავად იმპერატორმა სიგიზმუნდ I-მა და პაპმა მარტინ V-მ კონსტანცაში საეკლესიო კრება მოიწვიეს, რომელზედაც იან ჰუსი, მისი მიმდევარი იერონიმ პრაღელი ერეტიკოსებად შერაცხეს და კოცონზე დაწვა მიუსაჯეს. ერეტიკოსად გამოცხადდა ჯონ ვიკლიფიც.

რეფორმაციის დასაწყისი

1517 წლის 31 ოქტომბერს კათოლიკე ბერმა მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის მთავარი შესასვლელის კარზე „95 თეზისი“ მიაჭედა. განსასჯელად გამოტანილი იყო კათოლიკური ეკლესიისა და პაპის კრიტიკის შემცველი 95 პუნქტი. მარტინ ლუთერი რომს ინდულგენციების, განსაწმენდელის შესახებ მოძღვრების, ღვთისმშობლისა და წმინდანების თაყვანისცემის, ცელიბატის (მღვდლების უქორწინებლობლის აუცილებლობის), საეკლესიო საიდუმლოებების, სამონაზვნო პრაქტიკის, პაპის აბსოლუტური ავტორიტეტის, სიმონიის (საეკლესიო თანამდებობების ყიდვის) და სხვა წეს-ჩვეულებებისა და დოქტრინების გამო დაუპირისპირდა. იგი საეკლესიო ცხოვრების სათავეებთან დაბრუნებას მოითხოვდა.

ამ რეფორმატორული სულისკვეთების უმთავრესი შედეგი პროტესტანტიზმის აღმოცენება გახდა. 1529 წელს ქალაქ შპაიერში შემდგარმა რაიხსტაგის სხდომამ წმინდა რომის იმპერიის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოს მიერ 1526 წელს მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა, რომლის მიხედვით ნებისმიერ გერმანელ თავადს ნებისმიერი თავისი ქვეშევრომისთვის შეეძლო მისთვის მისაღები რწმენის აღიარება მოეთხოვა პრინციპით: ვისი მიწაცაა, სარწმუნოებაც მისია. პირველი აქტით ლუთერანები, ფაქტობრივად, კათოლიკეებთან შედარებით უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რის გამოც ხუთმა გერმანელმა მთავარმა და თოთხმეტმა თავისუფალმა ქალაქმა პროტესტი გამოხატა. ამის შემდეგ რეფორმაციის მომხრეებს პროტესტანტები დაერქვათ.

პროტესტანტიზმი თავიდანვე, XVI საუკუნიდანვე, სამი მიმდინარეობის სახით მოგვევლინა. მათი დამაარსებლები არიან: მარტინ ლუთერი (1483-1546), ულრიხ ცვინგლი (1484-1531) და ჟან კალვინი (1509-1564). რეფორმაციის მამებს ბევრი საერთო და ბევრი განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ. საერთოა, მაგალითად, იმის აღიარება, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია ინდივიდუალურად შეიტყოს ბიბლიიდან, რა და როგორ უნდა სწამდეს, ეკლესიის მამათა ავტორიტეტის გათვალისწინება აქ აუცილებელი არაა.

ლუთერის მოძღვრებამ გერმანიაში, სკანდინავიურ და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ჟან კალვინისამ შვეიცარიაში, შოტლანდიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და ინგლისში გაიდგა ფესვი. ულრიხ ცვინგლის გავლენის არეალი კი, ძირითადად, შცეიცარიით შემოიფარგლა.

რეფორმაციის შედეგები

რეფორმაციის დასასრულად 1648 წელს ხელმოწერილი ვესტფალიის ზავი იქცა, რომლის შედეგადაც რელიგიური ფაქტორის როლი მნიშვნელოვნად დაკნინდა ევროპულ პოლიტიკაში. ვესტფალიის ზავმა საბოლოოდ აღიარა ახალი რეალობა - რეფორმაციის გამო შეცვლილი ევროპის რუკა, რომელზედაც ახალი სახელმწიფოები გაჩნდა. ამის შემდეგ კონტინენტურ ევროპაში ფართომასშტაბიან რელიგიურ ომებს ადგილი აღარ ჰქონია. შედეგად ლუთერანობის მომხრეებად დარჩნენ ჩრდილოეთი გერმანია, დანია, სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები. რეფორმატორები ჭარბობდნენ შოტლანდიასა და ნიდერლანდებში, ასევე შევეიცარიის რამდენიმე კანტონში. ამ სწავლებას მიმდევრები ჰყავდა უნგრეთში, ცენტრალურ გერმანიასა და საფრანგეთში. ინგლისში ანგლიკანური ეკლესია დამკვიდრდა.

რელიგიურ თანასწორუფლებიანობის იდეის გავრცელებას პოლიტიკური თანასწორობისა და დემოკრატიის იდეების გავრცელებაც მოჰყვა. ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა რეფორმატორები იყვნენ, საერო პირებს საშუალება ეძლეოდათ მონაწილეობა მიეღოთ ეკლესიის მართვაში, მოქალაქეებს კი - სახელმწიფოს მართვაში.

ეკონომიკური თვალსაზრისით, რეფორმაციამ ხელი შეუწყო ფეოდალური ფორმაციის კაპიტალისტურით ჩანაცვლებას. ეკონომიისაკენ, მეწარმეობის განვითარებისაკენ სწრაფვამ, ძვირადღირებულ გართობებზე (ასევე ძვირადღირებულ ღვთისმსახურებაზე) უარის თქმამ ხელი შეუწყო კაპიტალის დაგროვებას, რომელიც ვაჭრობასა და მეწარმეობაში იდებოდა. შედეგად პროტესტანტულმა სახელმწიფოებმა განვითარებით გაუსწრეს კათოლიკურ სახელმწიფოებს. პროტესტანტული ეთიკა კი ხელს უწყობდა კაპიტალიზმის განვითარებას.

პროტესტანტული ეკლესიები

საღვთო წერილის ტექსტისადმი თავისუფალმა მიდგომამ პროტესტანტულ ეკლესიათა ატომიზაცია ანუ დაშლა-დანაწილება გამოიწვია. სხვადასხვა მენტალიტეტისა და ბუნება-განწყობილების ადამიანები ბიბლიის ერთსა და იმავე მონაკვეთს ხშირად სხვადასხვანაირად აღიქვამენ, რაც, როგორც წესი, ახალახალ თეორიულ თვალსაზრისებს აღმოაცენებს. ამ ფაქტმა კი, თავის მხრივ, ახალი დენომინაციების წარმოშობა განაპირობა.

დამაარსებელთა სახელების მიხედვით - ლუთერისეულ (ლუთერანობა), ცვინგლისეულ (ცვინგლიანობა), კალვინისეულ (კალვინიზმი) ეკლესიებს მალე სხვა სახელწოდების, თეორიისა და პრაქტიკის ეკლესიები (დენომინაციები) მიემატნენ. კერძოდ: 1. ანაბაპტისტები (1521 წ., გერმანია. დამაარსებელია მემაუდე ნიკოლოზ შტორხი და თომას მიუნცერი), 2. მენონისტები (1536 წ., დამაარსებელი მღვდელი მენო სიმონსი), 3. ზომიერი ანაბაპტისტები (რომლებიც ბოროტებისადმი წინააღმდეგობის გაუწევლობას ქადაგებენ), 4. ბაპტისტები, 5. კვაკერები, 6. მეთოდისტები (1729 წ., ინგლისი; ქადაგებენ საეკლესიო წესების თანმიმდევრულად, მეთოდურად, პედანტურად დაცვას), 7. ხსნის არმია, 8. ახალი სამოციქულო ეკლესია და სხვ. ამ მიმართულებათა ფორმირება „რელიგიური აღორძინების“ (რივაილიზმის) ნიშნით მიმდინარეობდა და ადრეულ ქრისტიანობასთან დაბრუნების მოწოდებას შეიცავდა.

დენომინაციები, რომელთაც ახალპროტესტანტულ ეკლესიებს უწოდებენ, ლუთერის, კალვინისა და ცვინგლის აღმსარებლობას ბევრ საკითხში დაუპირისპირდნენ. ეს პირველ ყოვლისა, ბავშვთა ნათლობასა და სახელმწიფოში ეკლესიის ადგილის განსაზღვრაზე ითქმის. ახალპროტესტანტები ბავშვებს არ ნათლავენ და ეკლესიის სახელმწიფოსთან ინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდიან. ახალპროტესტანტული ეკლესიები ძველი, ლიტურგიკული პროტესტანტიზმისგან თავისუფალი ქადაგებისა და აქტიური მისიონერული მოღვაწეობისადმი განსაკუთრებული სიმპათიით გამოირჩევიან. ამის მიუხედავად, მათ ანგლიკანობასა და ტრადიციულ პროტესტანტობასთან ბევრი საერთო აქვთ. ესაა: საღვთო წერილისადმი ერთნაირი მიდგომა, მისი ავტორიტეტად აღიარება, მაგრამ ავტორიტეტის გარეშე ინტერპრეტაცია; სარწმუნოების ძველი სიმბოლოების ერთგულება, ერთარსებასამების რწმენა, ეკუმენურ ორგანიზაციებსა და ფორუმებში მონაწილეობა და ა.შ. ახალპროტესტანტობას XIX-XX საუკუნეებში ულტრაპროტესტანტული ეკლესიების აღმოცენება მოჰყვა (ორმოცდაათიანელები, ქარიზმატული მოძრაობა), რომლის იქითაც, შეიძლება ითქვას, არის ზღვარი, სადაც პროტესტანტობა მთავრდება. პროტესტანტული ეკლესიების სიახლოვეს ე.წ. პარაქრისტიანული ეკლესიები მოიაზრებიან, რომელთა შორის არიან იეჰოვას მოწმეები, გაერთიანების ეკლესია (მუნიტები), უკანასკნელ დღეთა წმიდანების ეკლესია (მორმონები) და სხვ.

თანამედროვე პროტესტანტიზმში განსაკუთრებული მოვლენაა ე.წ. გაერთიანებული ეკლესიები, რომლებიც რამდენიმე განსხვავებული მიმდინარეობის პროტესტანტული ეკლესიის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა. ასეთებია ევანგელური ეკლესია გერმანიაში (ლუთერანები+რეფორმატორები), კანადის ეკლესიის გაერთიანება (მეთოდისტები+პრესვიტერიანელები+კონგრეგაციონალისტები), ქრისტეს ეკლესიის გაერთიანება აშშ-ში (კონგრეგაციონალისტები+რეფორმატორები), ავსტრალიის გაერთიანებული ეკლესია (მეთოდისტები+პრესვიტერიანელები+კონგრეგაციონალისტები) და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ პროტესტანტული ეკლესიების დიდი უმრავლესობა სრულიად დამოუკიდებელია ეროვნულ (და არც ისე იშვიათად ადგილობრივ) დონეზე, XIX-XX საუკუნეებში შეიქმნა მთელი რიგი საერთაშორისო გაერთიანებები, რომლებმაც ერთმანეთთან დააკავშირეს მონათესავე პროტესტანტული დენომინაციები: ლამბეტის კონფერენცია (1867 წ.), რეფორმატორული ეკლესიის მსოფლიო ალიანსი (1875 წ.), რომელსაც, მას შემდეგ, რაც მას 1970 წელს კონგრეგაციონალისტები მიუერთდნენ, სახელი შეეცვალა და მსოფლიო რეფორმატორული ეკლესიების ალიანსი ეწოდა (პრესვიტერიანელებისა და კონგრეგაციონალისტებისა), მსოფლიო მეთოდისტური კრება (1881წ., 1951 წ-მდე მსოფლიოს მეთოდისტური კონფერენცია), ბაპტისტების მსოფლიო კავშირი (1905 წ.), მენონისტების მსოფლიო კონფერენცია (1925 წ.), ქრისტეს ეკლესიის მსოფლიო კონვენცია (შეიქმნა 1930 წელს „ქრისტეს მოწაფეების“ მიერ), კვაკერების (მეგობრების) მსოფლიო საკონსულტაციო კომიტეტი (1937 წ.), მსოფლიო ლუთერანული ფედერაცია (1947 წ.), მსოფლიო ორმოცდაათიანელთა კონფერენცია (1947 წ.). ზემოთჩამოთვლილი გაერთიანებები მხოლოდ საკონსულტაციო მიზნით შეიქმნა, ინფორმაციისა და გამოცდილების გასაზიარებლად და ასევე ერთმანეთის მხარდასაჭერად. ამ გაერთიანებებში არ შედის პროტესტანტიზმის ყველა მიმდინარეობა.

საყოველთაო მღვდლობის პრინციპი

პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობას სწამს, რომ ყოველ ქრისტიანს, რაკიღა იგი გამორჩეულია იმით, რომ მონათლულია, თვითონ შეუძლია ღმერთთან ურთიერთობა, შუამავლების - ინსტიტუციონალური ეკლესიისა და მღვდლის - გარეშე, მეტიც, აქვს ქადაგებისა და ღვთისმსახურების უფლება. ამით პროტესტანტიზმში ქრება ეკლესიოლოგიური სხვაობა სასულიერო და საერო პირებს შორის და მარტივდება საეკლესიო იერარქია. აღსარება და ცოდვის მიტევება საიდუმლოდ არ მიიჩნევა, თუმცა უშუალოდ ღვთის წინაშე სინანულის აქტს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. ცელიბატი ან, პირიქით, სავალდებულო ქორწინება მღვდლებისა და პასტორებისთვის რეგლამენტირებული არ არის. პროტესტანტიზმმა უარყო აგრეთვე იერარქიული ავტორიტეტი და მონაზვნობა, როგორც სულის ხსნის განსაკუთრებული გზა. შედეგად ეკლესიების უმრავლესობამ საყოველთაო მღვდლობის პრინციპი აღიარა, რითაც საზოგადოების დემოკრატიულ მოწყობას ჩაუყარა საფუძველი (სასულიერო და სამღვდელო პირების თანასწორობა, არჩევითობა, ანგარიშვალდებულება და ა.შ.). თუმცა იერარქია, თუნდაც გარკვეული სათემო წესრიგის აუცილებლობიდან გამომდინარე, ამა თუ იმ სახით (ფორმალურად თუ არაფორმალურად) მაინც შენარჩუნებულია. მღვდლები და პასტორები, როგორც წესი, გადიან პროფესიულ მომზადებას. ზოგან მონასტრების არსებობაც დაშვებულია კომუნების სახით.

პროტესტანტულ ეკლესიებს საეკლესიო მოწყობის სამი ძირითადი ფორმა აქვთ: ეპისკოპალური (როდესაც განსაზღვრულ ტერიტორიაზე მცხოვრები საეკლესიო საზოგადოების წევრები ეპისკოპოსის მიერ იმართებიან), პრესვიტერიანული (ცალკეული, ერთმანეთთან ახლოს მყოფი ეკლესიები ქმნიან ერთობას, პრესვიტერიას, რომელსაც აქვს უფლება ამ ერთობაზე გარკვეული კონტროლი იქონიოს) და კონგრეგაციონალისტური (თითოეული საეკლესიო ერთობა, ფაქტობრივად, დამოუკიდებელია). ერთმანეთისგან განსხვავებული საეკლესიო მოწყობის მიუხედავად, თანამედროვე პროტესტანტულ კონფესიებს, ჩვეულებრივ, ნაციონალურ დონეზე აქვთ რაიმე გაერთიანება, თუმცა ამ ორგანიზაციების როლი განსხვავებულია: ზოგიერთი მათგანი მნიშვნელოვან ძალაუფლებას ფლობს, ზოგს კი მხოლოდ საკონსულტაციო და ინფორმაციული ფუნქციები აქვს.

მსახურება

პროტესტანტიზმმა შეამცირა საეკლესიო საიდუმლოთა რიცხვი და შვიდიდან ორამდე დაიყვანა - დატოვა მხოლოდ ნათლობა და ზიარება. გარდა ამისა, პროტესტანტები გარდაცვლილთა სულებისათვის მეოხებისა და ასევე წმიდანებისადმი ლოცვის პრაქტიკასაც არ იზიარებენ, არ მართავენ მათ საპატივცემულოდ საეკლესიო დღესასწაულებს. ამავე დროს წმიდანი შეიძლება მისაბაძი გახდეს, როგორც ნიმუში მართალი ცხოვრებისა. პროტესტანტული ეკლესიები უარყოფენ წმიდა ნაწილების თაყვანისცემას, როგორც საღვთო წერილთან შეუსაბამო მოვლენას. ხატისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია - სრული უარყოფით დაწყებული დამთავრებული მოსაზრებით, რომ ხატის თაყვანისცემა ქრისტეს პირველხატის პატივისცემასთან არის დაკავშირებული.

ღვთისმსახურების პრაქტიკა პროტესტანტულ ეკლესიებში ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანთან შეინიშნება სწრაფვა ლიტურგიკული მხარის შეკვეცაზე, აქცენტი ქადაგებასა და წმინდა წერილის კითხვაზე კეთდება. თუმცა ეს ტენდენცია პროტესტანტებს შორის თანაბრად არ შეინიშნება მაგალითად, თუ ანგლიკანურ და ლუთერანულ ეკლესიებში კათოლიკური მესის მსგავსი მსახურება, თუმცა ძალიან გამარტივებული ფორმით, მაგრამ მაინც აღესრულება, კვაკერებმა და ხსნის არმიამ საერთოდ უარყვეს ნებისმიერი სახის ტრადიციული მსახურება.

პროტესტანტების სამლოცველო სახლები, როგორც წესი, სადადაა მოწყობილი (ქანდაკებებისა და ხატების გარეშე), რაც თვითმიზანს არ წარმოადგენს - უბრალოდ, მიიჩნევა, რომ „დეკორაცია“ აუცილებელი არ არის. ეკლესია შესაძლებელია განთავსებული იყოს ნებისმიერ შენობაში, რომელსაც ქირაობენ ან იძენენ იმავე პირობით, რა პირობითაც საერო ორგანიზაციები ქირაობენ და იძენენ ოფისს. პროტესტანტები ღვთისმსახურებას, რაც ძირითადად ქადაგების, ფსალმუნთა კითხვისა და გალობისაგან შედგება, ნაციონალურ ენაზე ასრულებენ. ზოგიერთი ეკლესია, მაგალითად, ლუთერანული, გამორჩეულ ყურადღებას უთმობს ზიარებას, რომლის მისაღებად კონფირმაცია მოითხოვება. ძირითადად სახარებისეულ დღესასწაულებს აღნიშნავენ: შობას, აღდგომას, სულთმოფენობასა და სხვ.

თეოლოგია

პროტესტანტული ღვთისმეტყველების საბოლოო ფორმირება XVII საუკუნეში მოხდა და იგი შემდეგი დოკუმენტებითაა გადმოცემული: 1563 წლის ჰაიდელბერგის კატეხიზმოთი, 1580 წლის თანხმობის წიგნით, 1618-1619 წლების დორტის სინოდის კანონითა და 1633-1649 წლების ვესტმისტერული რწმენის დოქტრინით.

პროტესტანტულმა ღვთისმეტყველებამ განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა, მათგან ძირითადია:

  1. XVI საუკუნის ორთოდოქსული თეოლოგია (ლუთერი, კალვინი, მელანქტონი, ცვინგლი);
  2. XVIII-XIX საუკუნეების ლიბერალური თეოლოგია (შლაიერმახერი, ტროლჩი, ჰარნაკი);
  3. პირველი მსოფლიო ომის დროს წარმოშობილი „კრიზისის თეოლოგია“ ანუ დიალექტიკური თეოლოგია (კ. ბარტი, პ. ტილიხი, რ. ბულტმანი);
  4. მეორე მსოფლიო ომის დროს გავრცელებული რადიკალური, ანუ „ახალი“ თეოლოგია (ბონჰიოფერი).

კლასიკური პროტესტანტული ღვთისმეტყველებისთვის დამახასიათებელია მკაცრი დამოკიდებულება ფუნდამენტური ეკლესიოლოგიური ასპექტების მიმართ, რაც მოიცავს რწმენის საკითხებს, საიდუმლოებებს, ხსნას, მოძღვრებას ეკლესიის შესახებ, მისთვის ნიშანდობლივია, აგრეთვე, საეკლესიო ცხოვრების გარეგნულ რიტუალურ მხარეებზე ყურადღების გამახვილება.

გვაინდელი მიმდინარეობები ხშირად საკუთარ დოქტრინებს ქმნიან, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ არიან დაკავშირებული კლასიკურ საღვთისმეტყველო მემკვიდრეობასთან. მაგალითად, ადვენტისტები აღიარებენ ელენ უაითის წინასწარმეტყველებას. ორმოცდაათიანელები, ორთოდოქსი პროტესტანტი თეოლოგებისაგან განსხვავებით, ყურადღებას აქცევენ გლოსოლალიას (სხვადასხვა ენებზე მეტყველებას) და ამას სულიწმიდით ნათლობის ნიშნად მიიჩნევენ.

პროტესტანტიზმის გავრცელება

დღესდღეობით პროტესტანტიზმი ყველაზე მეტად გავრცელებულია სკანდინავიის ქვეყნებში, აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, კანადასა და შვეიცარიაში. თანამედროვე პროტესტანტიზმის მსოფლიო კერად აშშ-ს მიიჩნევენ, სადაც ბინა დაიდო ბაპტისტების, ადვენტისტებისა და სხვა პროტესტანტული ეკლესიებისა და დენომინაციების რელიგიურმა ცენტრებმა.

პროტესტანტიზმი ერთ-ერთი იმ აღმსარებლობათაგანია, რომელიც დღეს მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება. ბოლო 30 წლის განმავლობაში ბრაზილიის მოსახლეობის 15-20%, ჩილეს მოსახლეობის 15-25%, გვატემალის მოსახლეობის ერთი მესამედი, სამხრეთ კორეის მოსახლეობის თითქმის ნახევარი პროტესტანტი გახდა. სხვადასხვა მონაცემებით, ბოლო 15 წლის განმავლობაში პროტესტანტული ქრისტიანობა შუა აზიაში მცხოვრებმა 500 ათასზე მეტმა მუსლიმმა მიიღო. დღეისათვის მსოფლიოში პროტესტანტების რაოდენობა 600 მილიონს აღწევს.

თანამედროვე პროტესტანტიზმს ინტეგრაციისაკენ სწრაფვა გამოარჩევს, რამაც თავისი გამოხატულება 1948 წელს შექმნილ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში პოვა.


წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები