ჟანე პიერ მარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟანე პიერ მარი

ჟანე პიერ მარი - Janet Pierre Mari, Жане Пьер, 1859-1947

ფრანგი ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და ნევროპათოლოგი. საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. სწავლობდა სორბონაში მედიცინას. 1890 წლიდან სათავეში ჩაუდგა ფსიქოლოგიის ლაბორატორიას სალპეტრიერის კლინიკაში, სადაც 50 წელს ეწეოდა კვლევით და სამკურნალო საქმიანობას. პარალელურად ხელმძღვანელობდა კათედრას „კოლეჯ დე ფრანსში”. 1904 წელს ჟანემ, ჟ. დიუმასთან ერთად, დააარსა საფრანგეთის ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოლოგიის ჟურნალი - „ნორმალური და პათოლოგიური ფსიქოლოგია”. იყო თავისი დროის ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული ფსიქოლოგი და ფსიქიატრი. შემოიღო ფსიქასთენიის ცნება და შექმნა მისი ბიოფსიქოლოგიური თეორია. ფართოდ იყენებდა მკურნალობას ძილით და ჰიპნოზით. მიაჩნდა, რომ ჰიპნოზში მთავარია ფსიქოლოგიური ფაქტორი. მწვავე პოლემიკა ჰქონდა ზ. ფროიდთან თეორიის და თერაპიის პრინციპულ საკითხებში.

ასოციაციონიზმის და ბიჰევიორიზმის საპირისპიროდ ჟანემ შექმნა ზოგადფსიქოლოგიური მასშტაბის თეორიული სისტემა - ქცევის ევოლუციური თეორია. იგი აგებულია ისეთ ცნებებზე, როგორიცაა მოქმედება, ფსიქიკური ენერგია, დაძაბულობა, ძალა, ტენდენცია, ერექცია, ფსიქიკის დონეები და სხვა. ამ ცნებებით იგი ხსნის ნორმალურ და გადახრილ ქცევას, ნევროზებს, ფსიქასთენიას, ისტერიას, ტრამულ რემინისცენციებს და სხვა. კვლევის მეთოდოლოგიაში ჟანე გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა კლინიკურ დაკვირვებას, რომელიც ბუნებრივი ექსპერიმენტის რანგშია აყვანილი; ამტკიცებდა, რომ „ექსპერიმენტული ფსიქოლოგია უნდა იყოს პათოლოგიური ფსიქოლოგია”, ვინაიდან, „როგორც ავადმყოფური, ისე ჯანმრთელი მდგომარეობისთვის ერთი და იგივე კანონები არსებობს”, და მათი გამოვლენის „მთავარი მეთოდი უნდა იყოს საბუნებისმეტყველო”.

ადამიანის ქცევა შეიცავს ხილულ აქტივობას და შინაგან, ფსიქიკურ შიდაარსს, რომელიც ქცევის მარეგულირებელ სისტემად გვევლინება. სხვადასხვა ფსიქიკური პროცესები განსხვავებულ როლს ასრულებს: ამზადებს მოქმედებას, უშუალოდ მართავს მას და სხვა. მოქმედების სოციალური ფორმები განიხილება თანამშრომლობით მიმართებად, როდესაც ერთი ინდივიდი მოქმედების პირველ ნაწილს ასრულებს, სხვა კი მეორეს. გამოიყოფა ქცევის შვიდი დონე - უდაბლესი რეფლექსებია, უმაღლესი - ნებელობითი ქცევა. განსხვავება მათ შორის ფსიქიკური რეგულაციის სირთულეშია.

ქცევის დაბალი დონეებიდან მაღალში გადასვლის პროცესი გაშუალებულია მეტყველებით. პრაქტიკული მოქმედება წინასწარ ენობრივ ფორმაში ხმოვანდება, შემდგომ შინაგანი მეტყველების ფორმაში გადადის და, საბოლოოდ, გონებრივი პროცესების, აზრების სახეს იღებს. ამდენად, ჟანემ ფსიქოლოგიაში შემოიტანა უდიდესი მნიშვნელობის მქონე ცნება - გაშინაგნება ანუ ინტერიორიაზცია. პიროვნება მხოლოდ მაშინ წარმოიქმნება, როდესაც გარეგანი მოთხოვნები ისე ინტერიორიზირდება, რომ სუბიექტის საკუთარ ინიციატივად გარდაიქმნება. პიროვნება მთლიანი სისტემაა. მისი დინამიკურ წონასწორობაში ყოფნა მოითხოვს ფსიქიკურ ძალას და მის დაძაბვას (ენერგიის კონცენტრაციას და გადანაწილებას). ამ მექანიზმის დაქვეითება პიროვნული სისტემის დისოციაციის საფუძველი ხდება და სხვადასხვა ქცევით თუ ემოციურ-მოტივაციურ დარღვევებში ვლინდება (ნევროზი, კერძოდ ფსიქასთენია, რეგულაციის ჩამოქვეითება დაბალ, არაცნობიერ/ავტომატურ დონეზე, პიროვნების გაორება ანუ მრავლობითი პიროვნება და სხვა).

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები