ჟორდანია-კორენევა ინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინა ჟორდანია-კორენევა

ჟორდანია-კორენევა ინა - (1877, სოფ. ბერდინო, ორლოვის გუბ. - 1967, პარიზი) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას, ცოლი. სოციალ-დემოკრატი.

ბიოგრაფია

დაიბადა მღვდელის ოჯახში. 1902 წელს დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მომავალი ქმარი 1903 წელს პარიზში გაიცნო. 1904 საქართველოში დაქორწინდა ნოე ჟორდანიაზე. ახალგაზრდობიდანვე შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას, იყო მენშევიკური ფრაქციის წევრი პარტიული ფსევდონიმით „თამარი“. ქმართან ერთად აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. გარკვეული პერიოდი იყო მენშევიკური ფრაქციის ბაქოს კომიტეტის წევრი, 1905 წელს ბაქოში მეფის ჟანდარმერიამ დააპატიმრა, თუმცა ფეხმძიმობის გამო, ექიმთა შუამდგომლობით, გაათავისუფლეს. რუსეთის მეოთხე დუმის არჩევნების დროს ხელმძღვანელობდა არჩევნებში გამარჯვებულ სოციალ-დემოკრატ მათე სკობელევის საარჩევნო კამპანიას, რის გამოც მას აეკრძალა კავკასიაში ცხოვრება და გადასახლდა მოსკოვში.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კვლავ აგრძელებდა აქტიურ პარტიულ და საზოგადოებრივ საქმიანობას. 1917 წლის ბოლოს სოციალ-დემოკრატიული სიით მონაწილეობდა რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებში. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, როგორც მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. ოლივერ უორდროპის ცნობით, ის ხელმძღვანელობდა „ქალთა საზოგადოებას ბავშვთა კეთილდღეობისათვის“. ნოე რამიშვილის და აკაკი ჩხენკელის ცოლებთან - მარო რამიშვილთან და მაკრინე ჩხენკელთან - ერთად აწყობდა კულტურულ საღამოებს გაჭირვებულთა და ავადმყოფ ბავშვთა დასახმარებლად. ხელს უწყობდა ქალთა განათლების წახალისებასა და სამკითხველოების გახსნას. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, დამფუძნებელი კრების მანდატით, შვილებთან ერთად ემიგრაციაში გაჰყვა მეუღლეს. შემდგომ პერიოდშიც აქტიურად აგრძელებდა საზოგადოებრივ საქმიანობას. ემიგრაციული წრეების გასაძლიერებლად და გაჭირვებულთა დასახმარებლად პარიზში აწყობდა საქველმოქმედო საღამოებს, რომლისგანაც შემოსული თანხებით ტუბერკულოზისა და სხვა მძიმე დავადებების მქონე ქართველ ემიგრანტებს ეხმარებოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში გახდა წევრი საფრანგეთის სოციალისტური პარტიისა (SFIO). დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ნ. ჟორდანია, ჩემი წარსული, პარიზი, 1953;
  • ქ. ფაღავა-ბულეზი, ერთი უჩვეულო ოჯახი, თბ., არტანუჯი, 2017;
  • ბ. კობახიძე, სერ ოლივერ უორდროპი 150, თბილისი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული არქივი, 2015;
  • ჟურ. „ჩვენი დროშა“, პარ., 1967, №47.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები