ჟურული ვარლამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარლამ ჟურული

ჟურული ვარლამ − (1908 − 1965), ქართველი პოეტი, პუბლიცისტი. დაიბადა სოფელ ჩიბათში (ლანჩხუთი). 1935 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველად საზოგადოების წინაშე წარდგა პოეტური კრებულით – „ვარდის ფურცლობა”; 1924 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ნაწარმოებები ქართულ ჟურნალ-გაზეთებში; თავდაპირველად იყო ფუტურისტ-ლეფელთა ჯგუფის წევრი, მაგრამ მალე დაუახლოვდა პროლეტარული მწერლობის წარმომადგენლებს ეგრეთწოდებულ „ახალთაობელებს”; ოთხი ათეული წლის მოღვაწეობის შედეგია პოეტური კრებულები: „ვარდის ფურცლობა”, „ნარაზენი”, „ჩრდილოეთის დაპყრობა”, „ჩემი გაზაფხული”, „ლირიკა”, „ჩემი მერცხლები”, „ვაზის ცრემლები” და სხვა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


ნიკო ფიროსმანს
შველად მოხატე გადაჭრილი ხე,
შველი წამოდგა სამეკლდუროდა;
კლდე შეითოვლა, ხე შეიჭირხლა,
შველს ხევი ერგო, ღრე ემდუროდა.
შველი ცხოვრობდა უბინადროდა,
კლდედ მოიწყენდა, ხევში ჩარბოდა.
ითქმოდა ქება პურის კალოთა,
ვაზთა დიდება, ხილთა მკობანი,
მზე ენთო ცამდე საბრიალოთა, −
იხანძრებოდა ცის კაბადონი.
ვაზის წვენობა კალოს ხვაობა,
იყო კახეთის სანახაობა.
იმწვანა მდელო მშობელ მიწამა,
მთა იწალკოტა, ბარი შეითბო,
ყურძენი გატკბა სიმწიფიდამა,
სურნელი დადგა ზვარ-ნაშენითო.
მწვანით მორთული მთელი სამდელო
სხვა სურათია, სხვა საქართველო.
სიმღერა მიწყდა, როგორც წვიმის ხმა,
მე კი ვიმღერი, გულს რომ ვავედრო,
შხიოდა მწვადი, იყო ღვინის სმა,
ისმოდა სიტყვა საალავერდო:
− კიდევ ბევრია პური და ღვინო,
ჭიქა დასცალე, არ მოიწყინო.
ხე შემოხატე − შველი აიგო,
შველმა ინატრა ტყის ხმაურობა,
თურმე შამილის კლდემაც გაიგო
ხისა და შველის სადაურობა.
შველი შეღონდა, − ცის შესტიროს მან,
ბედგანწირულო ნიკო ფიროსმან?


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები