ჟღენტი სანდრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანდრო ჟღენტი

ჟღენტი სანდრო − (1908 − 1943), პოეტი. დაიბადა სოფელ ცხრაწყაროში (ზესტაფონი). საშუალო განათლება ზესტაფონში მიიღო. 1926 წელს შევიდა თსუ-ს პედაგოგიური ფაკულტეტის ენისა და ლიტერატურის განყოფილებაზე, რომელიც 1930 წელს დაამთავრა. სანდრო ჟღენტმა სტუდენტობის დროიდანვე დაიწყო სოფელ თელეთის პირველდაწყებით სკოლაში მასწავლებლად მუშაობა. მისი ლექსები პრესაში პირველად 1930 წელს ჟურნალ „დროშაში“ დაიბეჭდა. 1938 წელს საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტგამომცემლობამ ცალკე წიგნად გამოსცა სანდრო ჟღენტის საბავშვო ლექსების კრებული „გაზაფხულის სიმღერების“ სახელწოდებით. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე იგი ჯარში გაიწვიეს და გერმანელთა წინააღმდეგ ერთ-ერთ ბრძოლაში გმირულად დაეცა. ორი დღით ადრე პოეტმა მტერთან გაჩაღებული ცეცხლის ქვეშ დაწერა ლექსი „ფიცი სამშობლოს“ და გაუგზავნა გაზეთის რედაქციას. და როცა ეს ლექსი იბეჭდებოდა, იმ დროს მისი ავტორი უკვე განისვენებდა ხუტორ კალაპატკას ძმათა სასაფლაოზე.


პოეტის სიკვდილი
კლდის წყაროდან მოტანილი
შესვა მთების ნაჟური;
თვალმა კედლებს შეანათა,
მოწყდა ხმა ვაჟაური.
შეანათა ცალი თვალი
ვეფხვზე უფრო ძლიერად;
დაბინდდა და ყორნის ფრთებით
მწუხრის ჟამმა იელვა.
თითქოს მთები გადმოლახა
არაგვიდან ტალღებმა,
ვარსკვლავებმაც მოინდომეს
ზეცის კალთის დარხევა,
რომ გმირულად შერჩენოდა
პოეტს თვალის გახელა...
გაეგონა კიდევ ერთხელ
მთიდან ხარი ბღავილი,
გულზე ტკბილად გადაშლოდა
ფოთოლი ან ყვავილი,
დაელია წყაროს წყალი
მთიდან ჩამოტანილი...
რომ ნიავსაც გაეღეღა
მისი მკერდი გაშლილი,
შვლის ნუკრთან და
მთის წყაროსთან
ეჟღურტულა ბავშვივით...
ვაჟკაცური ყოფილიყო
ჩოხის კალთის დარხევა,
როს სიკვდილი შეაშინა
ვაჟას თვალის გახელამ.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები