რაზმაძე ანდრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრია რაზმაძე

რაზმაძე ანდრია მიხეილის ძე - (1889, სოფ. ჩხენიში, - 1929, თბილისი) - ქართველი მათემატიკოსი, თანამედროვე მათემატიკური მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ივანე ჯავახიშვილის თანამოაზრე და თანამებრძოლი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1906 დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი. 1907 ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე. 1910 ვადაზე ადრე დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი და მის სადიპლომო ნაშრომს „რიცხვთა თეორიის კონსპექტს“ პირველი ხარისხის დიპლომი მიანიჭეს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ ანდრია რაზმაძემ პედაგოგად დაიწყო მუშაობა რუსეთის პროვინციაში, ქ. მურომში. მისი პირველი გამოკვლევა ვარიაციულ აღრიცხვაზე გამოქვეყნდა ევროპის ერთ-ერთ ცნობილ მათემატიკურ ჟურნალში.

1917 წელს წარმატებით ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და მაგისტრის წოდება მოიპოვა. მოგვიანებით კი წმინდა მათემატიკის კათედრის პრივატდოცენტი გახდა. მისი შრომები გამოქვეყნდა საქართველოს, საფრანგეთის, ამერიკის, გერმანიის ცნობილ სამეცნიერო ჟურნალებსა და კონგრესის ანგარიშებში. 1918 წლიდან ასწავლიდა თბილისის ქართულ უნივერსიტეტში, მისი ინიციატივით უნივერსიტეტში მოიწვიეს ცნობილი ჰოლანდიელი პროფესორი ერენფესტი. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პირველი დეკანი. სწორედ მის მიერაა შედგენილი ახლად დაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკურ დისციპლინათა პროგრამები და სასწავლო გეგმები. პირველმა წაიკითხა მშობლიურ ენაზე მათემატიკის, მექანიკისა და ფიზიკის ძირითადი კურსი, დაწერა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები მათემატიკაში და საფუძველი ჩაუყარა ქართულ მათემატიკურ ტერმინოლოგიას.

1924 წელს მონაწილეობდა მათემატიკოსთა მსოფლიო კონგრესზე ამერიკაში, 1926 წელს რუსეთის მათემატიკოსთა კონგრესზე. 1928 მოსკოვის მათემატიკური საზოგადოების კრებაზე წაკითხული მისი მოხსენება ეხებოდა ვარიაციათა აღრიცხვის გამოყენებას ზეციურ მექანიკაში. 1920-იან წლებში ევროპისა და ამერიკის ცნობილი უნივერისტეტებიდან მიღებულ მრავალ მომხიბლავ წინადადებას არ დათანხმდა და დარჩა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი წინადადებით საქართველო 1924 წელს მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის წევრი გახდა. 1925 წელს წარჩინებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პარიზში. დისერტაცია შეეხებოდა ვარიაციათა აღრიცხვის ამოცანებს წყვეტილ წირთა კლასში, რითაც საფუძველი ჩაუყარა ვარიაციათა აღრიცხვის ახალ მიმართულებას. 1925 გამოცემულ მათემატიკური ტერმინების ლექსიკონის წინასიტყვაობაში ნიკო მუსხელიშვილი წერდა - „ტერმინების უმრავლესი ნაწილი ა. რაზმაძესთან ერთადაა დამუშავებული, და მრავალი ტერმინი პირდაპირ მის შრომებიდან არის ამოღებული“.

მანანა ლილუაშვილი



ლიტერატურა

  • ანდ. რაზმაძე, (კრებული), თბ., 1945 (ვ. კუპრაძე,შ. ნუცუბიძე, ლ. გოკიელი), 1954;
  • საქართველოს სსრ უმაღლესი სასწავლებლების მათემატიკოსთა VIII კონფერენცია, თეზისები, ქუთაისი, 1979წ-ის 26-30 ივნისი, ეძღვნება ა. რაზმაძის დაბა-
  • დებიდან 90 წლისთავს;
  • მ. ლილუაშვილი, ანდრია რაზმაძის ეპისტოლარული მემკვიდრეობა, თბ., 2016; პირადი არქივი.

იხილე აგრეთვე

ანდრია რაზმაძე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები