რამიშვილი დარეჯან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დარეჯან რამიშვილი

რამიშვილი დარეჯან − Ramishvili Darejan, Рамишвили Дареджан 1907-1992

ფსიქოლოგიის ქართული სკოლის პირველი თაობის წარმომადგენელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1956). სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. ფსიქოლოგიის სპეციალობას დ. უზნაძის ხელმძღვანელობით ეუფლებოდა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორის (1941) და შემდეგ დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის (1943) დაარსებიდან აქ ეწეოდა ნაყოფიერ კვლევით საქმიანობას, იყო ინსტიტუტის მეტყველების ფსიქოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი (1976-1989).

დ. რამიშვილი ფართო ინტერესების მქონე მკვლევარი იყო. მისი ძირითადი ნაშრომები ეძღვნება აზროვნებისა და მეტყველების ზოგადფსიქოლოგიურ ბუნებას და მექანიზმებს, ამ პროცესების განვითარების კანონზომიერებებს; იგი აგრეთვე შეისწავლიდა ემოციებსა და გამომხატველ მოძრაობებს; იკვლევდა შედარებითი ფსიქოლოგიისა და ხელოვნების ფსიქოლოგიის საკითხებს; დატოვა საყურადღებო ზოოფსიქოლოგიური ნაშრომები {ზოოფსიქოლოგია საქართველოში}.

დ. რამიშვილს შემუშავებული აქვს ერთიანი, მწყობრი სისტემა, რომელიც ურთიერთდაკავშირებულად ხსნის შემეცნების, აზროვნების, მეტყველების, ემოციებისა და ზოგადად ფსიქიკის მოქმედების პრინციპებს. იგი მიიჩნევს, რომ ფსიქიკა იწყება ირელევენტურ (ბიოლოგიურად ნეიტრალურ) გამღიზიანებელზე რეაგირების უნარით, ანუ, როცა ცოცხალი ორგანიზმი რეაგირებს არა უშუალოდ მატერიალურ სტიმულზე, არამედ მის ნიშანზე, სიგნალზე. ამ მომენტიდან ხდება ის ფსიქიკის მქონე ინდივიდი, რომელიც უპირისპირდება და ასახავს ობიექტურს. ფსიქიკის ფუნქციობის ზოგადი პრინციპია ის, რომ კონკრეტული, თვალსაჩინო შინაარსი შესაძლებელია მასში აისახოს მხოლოდ რაიმე სისტემის ფარგლებში ადგილის მიხედვით. ხოლო საკუთრივ ადამიანის განმსაზღვრელი სისტემა ენაა. თავის ცნობილ ექსპერიმენტში ყოველდღიური ცნებების შესახებ, ავტორი ეკითხებოდა ცდისპირებს „არის თუ არა ია ბალახი?“. ყველა, როგორც ერთი, კატეგორიულად აცხადებდა, რომ ია არაა ბალახი, არამედ „ყვავილია“. მაგრამ, როცა შემდეგ სამყურაზე ეკითხებოდნენ, ამბობდნენ, რომ საყურა ბალახია, თუმცა ყვავილი მასაც აქვს. იის თვალშისაცემი „ყვავილობა“ უკავშირდებოდა მისთვის ბალახად წოდების შეუძლებლობას, მაგრამ სიტყვის გამოყენება ამით არ განისაზღვრებოდა. იმ სიტყვათა გამოყენება, რომლებიც ყოველდღიურ ცნებას აღნიშნავენ, განისაზღვრება სავსებით ობიექტური ფაქტით და შინაარსით, კერძოდ კი გარკვეული მოვლენის როლით მოცემული ენობრივი კოლექტივის სოციალურ პრაქტიკაში. ბალახი, მაგალითად, არის ყველაფერი, რაც გამოიყენება, როგორც მწვანე მასა. ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ამ გამოყენებას, გამოირიცხება ბალახის კატეგორიიდან სუბიექტის მიერ. მაგრამ, ეს კანონზომიერება, რომელიც განსაზღვრავს მის ენობრივ აქტივობას, არაა მოცემული სუბიექტის ცნობიერებაში. მან „არ იცის“, რას უწოდებს ბალახს. ზოგადი შინაარსის გაცნობიერება ძნელი ამოცანაა. საზოგადოდ, შინაარსი, რომლამდეც მიდის სააზროვნო პროცესი, ქვეცნობიერად უკვე წინასწარაა განსაზღვრული, ანტიციპირებული {ანტიციპაცია} და სწორედ ეს მიმართავს ცნობიერი აზრის პროცესს კანონზომიერი გზით. ესეიგი აზროვნების პროცესს მართავს ურთიერთობათა სისტემა, რომელიც მოცემულია ცნობიერებამდელი ასახვის დონეზე. ცნობიერების ცხადად (ექსპლიციტურად) წარმოდგენილი მახასიათებლები არ განსაზღვრავს არც მეტყველებას, არც აზროვნებას, არც ზოგადად შემეცნების პროცესს.

დ. რამიშვილს მიაჩნია, რომ კოგნიციური პროცესების ფსიქოლოგიური მექანიზმი ცნობიერებამდელ ასახვაში, არაცნობიერ განწყობაშია საძიებელი. ისაა მთელი ფსიქიკური ცხოვრების საფუძველი, მათ შორის ემოციებისა და გამომხატველ მოძრაობათა. გამოკვლევათა სერიით გაირკვა, რომ ხმისა და მიმიკის გამომხატველ მოძრაობებს ადამიანთან დაკარგული აქვს ინსტინქტური წარმოშობის სასიგნალო ფუნქცია, მაგრამ მათ ახალი ფუნქცია გაუჩნდა − გადმოცემული შინაარსის ემოციური გამოხატულების გაძლიერება {ექსპრესია}, მისი გამძაფრება და სუბიექტური ფონის უფრო ხელშესახებად ქცევა. სწორედ ამიტომ მათი ზემოქმედება შეიძლება ესთეტიკური ზემოქმედების ანალოგად მივიჩნიოთ, იმ წყაროდ ან დასაბამ ფორმად, საიდანაც ესთეტიკური განცდა განვითარდა {ესთეტიკური აღქმა}. დ. რამიშვილმა ემპირიულად იკვლია ესთეტიკური აღქმის გენეზისიც.

ზოოფსიქოლოგიის მიმართულებით წარმოებულ კვლევებში ნაჩვენებია, რომ ანთროპოიდების ინდივიდუალური ემოციურობა უფრო გაფართოებულია და გაძლიერებულია; ფილოგენეზის წინარე დონისაგან განსხვავებით, წინ შეგრძნებადი შინაარსი კი არაა წამოწეული, არამედ ცხოველის დამოკიდებულება საგნის მიმართ. ამის გარდა, ანთროპოიდების ფსიქიკა მეტი ლაბილურობით ხასიათდება. ეს, ერთი მხრივ, მეტ მოქნილობას იწვევს, თუმცა, მეორე მხრივ, მდგრადობას ამცირებს.

მთავარი ნაშრომები:

  • Об основном содержании теории установки // Вопросы психологии, 1957, 3;
  • პრაქტიკული ინტელექტის ცნებისათვის. თბილისი: „საქ. მეცნ. აკად. გამომცემლობა”, 1962;
  • მეტყველების განსხვავებულ სახეთა ფსიქოლოგიური ბუნება. თბილისი: „საქ. მეცნ. აკად. გამომცემლობა”, 1963;
  • აზროვნების პროცესის გენეზისისა და სპეციფიკის საკითხისათვის. თბილისი: „მეცნიერება”, 1968;
  • К природе некоторых видов выразительных движений. Тбилиси: „Мецниереба”, 1976;
  • ენობრივი პროცესის ფსიქოლოგიური მექანიზმი და შემეცნების თეორია. თბილისი: „მეცნიერება”, 1980;
  • Художественная речь как эстетический феномен.Тбилиси: Мецниереба, 1987.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

იხილე აგრეთვე

დარეჯან რამიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები