რამიშვილი ისიდორე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ისიდორე რამიშვილი

ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი - (7.VI.1859, სოფ. დიდი ვანი, ოზურგეთის მაზ. - 14.X.1937, თბილისი) - ქართული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. ცნობილი პედაგოგი და განმანათლებელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა სურების ხეობაში გლეხის ოჯახში. თავდაპირველად განათლება მიიღო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, შემდგომში სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც ასევე სწავლობდა მისი ბავშვობის მეგობარი სილიბისტრო ჯიბლაძე. სემინარიაში სწავლისას აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა ხალხოსნური ჯგუფების ფორმირებასა და საქმიანობაში, აწყობდა არალეგალურ კითხვის წრეებს, რის გამოც არაერთხელ დამდგარა სემინარიიდან გარიცხვის საფრთხის წინაშე. 1885 წელს დაასრულა სასულიერო სემინარია, 1886-87 წლებში წინამძღვრიანთკარის სკოლაში დაიწყო მასწავლებლობა. პედაგოგობის პერიოდში აქტიურად ეწეოდა ხალხოსნურ საქმიანობას. 1887 წელს მის მშობლიურ სურების ხეობაში დააარსა ორკლასიანი სკოლა, სადაც თავადვე იყო პირველი მასწავლებელი, ამავე პერიოდში მისი მოსწავლე იყო ნოე რამიშვილი. 1891 წელს მისი ინიციატივით დაარსდა გურიის სახალხო ბიბლიოთეკა. აქტიურად მონაწილეობდა 1892 წლის ყვირილის შეკრებაში, რომელზეც საფუძველი ჩაეყარა პირველ ქართულ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას (მესამე დასს). ყვირილის კონფერენციაზე იდგა ხალხოსნურ ნიადაგზე. შემდგომში ეზიარა ნოე ჟორდანიასეულ ევროპული სოციალიზმის ღირებულებებს. 1893 წლის შემდეგ მასწავლებლად მუშაობდა ჯერ სენაკის სკოლაში, ხოლო შემდგომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის ქართულ სკოლაში, სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად აქტიურ რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა და იყო ბათუმის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის აღიარებული ლიდერი.

1905 დააპატიმრეს ორი თვით, ამავე წელს მონაწილეობდა თბილისში მიმდინარე აზერბაიჯანელთა და სომეხთა დაპირისპირების დეესკალაციაში, წამყვან როლს ასრულებდა მეფისნაცვალთან მოლაპარაკებებში. 1906 მონაწილეობდა რსდმპ-ს სტოკჰოლმის კონფერენციაში თბილისი ორგანიზაციის მანდატით. 1906 წელს აირჩიეს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად. სათათბიროს დათხოვნის შემდეგ ხელი მოაწერა „ვიბორგის მოწოდებას“, რის გამოც მიესაჯა სამთვიანი პატიმრობა, თუმცა მიმალვა შეძლო და მისი დაპატიმრება ვერ მოხერხდა. 1907 წელს მონაწილეობდა რსდმპ ლონდონის V ყრილობაში. 1908 და 1913 წლებში კვლავ დააპატიმრეს, უკანასკნელი დაპატიმრების შემდეგ გადაასახლეს სამარის გუბერნიაში, სადაც 1917 წლამდე იმყოფებოდა.

1917 წელს საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე სოციალ-დემოკრატების სიით აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, ამავე წელს აირჩიეს რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის გაზაფხულზე ოსმალეთის არმიის შემოტევისას ნატანების ფრონტზე აქტიურ პოლიტიკურ დახმარებას უწევდა გენერალ მაზნიაშვილს. 26 მაისს ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. დემოკრატიული რესპუბლიკის დროს დაინიშნა ხელისუფლების წარმომადგენლად სოხუმის ოლქში. 1919 სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით არჩეული იქნა დამფუძნებელი კრების წევრად. დამოუკიდებლობის პერიოდში პარტიის ცენტრალური კომიტეტის დავალებით მოგზაურობდა რეგიონებში და აქტიურ პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწეოდა როგორც პარტიის წევრებში, ასევე მოქალაქეებში. როგორც პარტიის უხუცესი წევრი დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა. 1921 წლის მარტში გურიის სოფლებში აგროვებდა მოხალისეებს ოკუპანტებთან საბრძოლველად და დამოუკიდებლობის დასაცავად.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ სამშობლოში დარჩა. როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის აღიარებული ლიდერი მრავალჯერ მოექცა ბოლშევიკური რეპრესიული რეჟიმის კლანჭებში. საბჭოთა პერიოდში პირველად დააპატიმრეს 1921 წლის 13 ივლისს ნაძალადევში მუშათა სახლში სტალინის სტუმრობისას საპროტესტო გამოსვლის ორგანიზების მიზეზით. 1922 საქართველოდან გადაასახლეს. სხვადასხვა დროს გადასახლებებში ცხოვრობდა კაშინში, ასტრახანში, ტაშკენტში, ხოჯენტში. 1934 საბჭოთა რეჟიმმა მცირე ხნით საქართველოში ცხოვრების უფლება მისცა, თუმცა რამდენიმე თვეში ჯერ ცხინვალში, ხოლო შემდგომ ვლადიკავკაზში გადაასახლეს, სადაც 1937 დააპატიმრეს. 1937 წლის 14 ნოემბერს საბჭოთა საქართველოს შინსახკომის განსაკუთრებულმა სამეულმა სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯა, ამავე დღეს დახვრიტეს თბილისში. მისი საფლავი დაკარგულია. 2016 ისიდორე რამიშვილის მიერ დაარსებულ დიდი ვანის სკოლას მისი სახელი მიენიჭა.

ირაკლი ირემაძე



თხზულებები

ის. რამიშვილი, მოგონებები, გამოსაცემად მოამზადეს გ. საითიძემ და ქ. რამიშვილმა, თბ., 2012.

ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016;
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107, 108, 109;
  • გ. მაზნიაშვილი, მოგონებანი, 2014;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა, 1920, №263.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები