რამიშვილი ნოე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოე რამიშვილი

ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი (5.IV.1881, სოფ. დიდი ვანი - 7.XII.1930, პარიზი) - სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა, სამხედრო და განათლების მინისტრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

სოფლის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა და დაამთავრა. 1901 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, დერპტის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე შევიდა, თუმცა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის გარიცხეს და 1902 წელს საქართველოში დაბრუნდა. ბათუმში სათავეში ჩაუდგა მუშათა მოძრაობას, დაიწყო სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების შექმნა გურიაში. ჟანდარმერიის დევნის გამო, თბილისში გადავიდა, გახდა მუშათა კომიტეტის წევრი. რევოლუციური მუშაობისათვის თბილისში დააპატიმრეს და ბათუმში წაიყვანეს, მაგრამ მატარებლიდან გადახტა და რუსეთში, კერძოდ, დონის როსტოვში გაიქცა. რსდმპ V ყრილობაზე აირჩიეს ცკ-ის წევრად მენშევიკებისაგან. 1908-1909 წლებში სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში (გერმანია).

თებერვლის რევოლუციის შემდეგ (1917) გახდა კავკასიის გლეხთა დეპუტატების საბჭოების ცენტრის თავმჯდომარე, ქართველ მენშევიკთა ცკ-ის წევრი და ამ პარტიის ორგანოს, გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი. იგი ცნობილი იყო პარტიული ფსევდონიმებით: პეტრე, სემიონოვი ნოე 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი, ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მუშაობას. იყო ამიერკავკასიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი.

1918 წლის 26 მაისს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა აღიდგინა, ნ. რამიშვილის მეთაურობით შეიქმნა საქართველოს დროებითი მთავრობა, თუმცა ერთ თვეში, 24 ივნისს, გადადგა და ხელისუფლება ნ. ჟორდანიას გადასცა. რამიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ჩაიბარა და, პარალელურად, 1919 წლის განმავლობაში იყო სამხედრო მინისტრი. იმავე წელს ასევე აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ჯარის რეორგანიზაცია, განათლების რეფორმა, კავშირგაბმულობის სფეროს განვითარება, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა თბილისის უნივერსიტეტის მიმართ. შსს მინისტრობის დროს კი უხელმძღვანელა საქართველოს მივარდნილ სოფლებში გზების გაყვანას, ფოსტა-ტელეგრაფისა და სკოლების აშენებას.

მან მთელი ძალისხმევა მიმართა ანტისახელმწიფოებრივი აქციებისა და სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ. ასეთ უკომპრომისო ბრძოლაში ძალოვანი სტრუქტურების მხარდაჭერა ესაჭიროებოდა. შს სამინისტროში ჩამოაყალიბა განსაკუთრებული რაზმი, რომელსაც ქვეყანაში წესრიგი უნდა დაეცვა. მასში თავიდან 800 მილიციელი შევიდა, მაგრამ მათი რიცხვი 2500-მდე გაიზარდა. რაზმმა დიდი როლი შეასრულა სახელმწიფოს უშიშროებისათვის და აღკვეთა არაერთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. რამიშვილს ხშირად აკრიტიკებდნენ სახელმწიფოს მოწინააღმდეგეებისდმი სიმკაცრისა და დიქტატორული მისწრაფებების გამო. მეორე მხრივ, გამორჩეული პრინციპულობისა და უკანონობასთან შეურიგებელი ბრძოლის გამო, დამოუკიდებლობის წლებში ზედმეტსახელად „რკინის მინისტრი“ შეარქვეს.

მისი სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობდა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას: მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა დიდი დარგობრივი ბიბლიოთეკა, რისთვისაც ოდესაში სპეციალურად მიავლინა უნივერსიტეტის კომისია პროფესორ ივანე ბერიტაშვილის მეთაურობით. მინისტრის დავალებით, აქციონერულმა საზოგადოება „ფილმმა“ იმ დროის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა გადაიღო, რასაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესასწავლად დოკუმენტური წყაროს მნიშვნელობა აქვს.

ემიგრაციაში

1921 წლის თებერვალ-მარტის მოვლენების შემდეგ დატოვა საქართველო და მთავრობასთან ერთად წავიდა ემიგრაციაში, თუმცა, ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლა არც იქ შეუწყვეტია: წერდა წერილებს, საქართველოში მომხდარ მოვლენებზე ინფორმაციას აწვდიდა საერთაშორისო საზოგადოებას. ქართული ემიგრაციის წევრებიდან ის ყველაზე აქტიურად უჭერდა მხარს 1924 წლის აჯანყებას, ჩართული იყო პოლონელი ხალხის ანტისაბჭოთა მოძრაობაში. ჰყავდა მეუღლე - მარიამ გოგიაშვილი და ოთხი შვილი, ორი ვაჟი: ბენო და აკაკი და ორი ქალიშვილი: ნუცა და თამარი. ცხოვრობდა პარიზის ახლოს, თავდაპირველად სენ-კლუში, შემდეგ კი ლევილის მამულში.

1930 წელის 7 დეკემბერს პარიზის ქუჩაში მიმავალს საბჭოთა „ჩეკას“ მიერ მოსყიდულმა მკვლელმა, ქართველმა ემიგრანტმა, პ. ჭანუყვაძემ, ესროლა. დაკრძალეს ბანიოს სასაფლაოზე, შემდეგ კი ლევილში გადაასვენეს. ნ. რამიშვილს ეკუთვნის ნაშრომები:

  • „ისტორიული მატერიალიზმი“ (1911), რომელსაც ახლავს ნ. ჟორდანიას წინასიტყვაობა;
  • „ნამდვილი და ყალბი კომუნიზმი“ (კონსტანტინოპოლი,1922);
  • „საქართველო და რუსეთი“ (პარიზი, 1924);
  • „დემოკრატიული სოციალიზმი“ (პარიზი, 1931 წ.) და სხვ.

(დოდო ჭუმბურიძე)

ლიტერატურა

  • ი. სიხარულიძე, ნოე რამიშვილი, თბ., 2006; დ. ჭუმბურიძე, ნოე რამიშვილი, წიგნში: „ისტორიული პორტრეტები, წერილები“, თბ., 2012;
  • ო. ჯანელიძე, ნოე რამიშვილი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პირველი პრემიერი, თბ., 2015.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები